LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კინწურაშვილი სერიალ „ტიფლისის“ შესახებ და ნინო ანანიაშვილის სიურპრიზები მაყურებელს

6

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ FM “ კახა კინწურაშვილი და ნინო ანანიაშვილი ესტუმრნენ. კახამ „ტიფლისის“ მეორე სეზონზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ქართული საბალეტო დასი კი ახალი თეატრალური სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

-კახა, „ტიფლისის“ მეორე სეზონს ყველა ძალიან ელოდა. მოგვიყევი შენს პერსონაჟზე, რა ცვლილებებია, რითია ის განსაკუთრებული?

– იცვლება მოვლენა, ლოკაცია. ამიტომ ბევრი რამე სხვანაირად იქნება. პირველმა სეზონმა ძალიან კარგად ჩაიარა და ბევრი გამოხმაურება ქონდა. სერიალის ყურებადობას თავად მეც ყველგან ვგრძნობდი, სადაც კი წავიდოდი. შესაბამისად, მეორე სეზონს გადამღები ჯგუფი განსაკუთრებულად მობილიზებული შეხვდა. მოთხოვნასთან ერთად პასუხიმსგებლობაც გაიზარდა. იმისათვის რომ შექმნა კარგი პროდუქტი დიდი შრომაა საჭირო.

– როგორ გამოუვიდა ეს ყველაფერი ლევანს?

– ხოო, ლევანი ცალკე მოვლენაა. ის მსახიობია და რეალურად სარეჟისორო განათლება არ აქვს. ლევანი ეს არის განსხვავებული შემთხვევა. ეს არის ადამიანი, რომელიც ინტუიციის ხარჯზე აკეთებს ისეთ რამეს, რასაც სხვები წლობით სწავლას ანდომებენ.

– საინტერესოა, როგორია მასთან მუშაობა?

– მასთან მუშაობა ძალიან რთულია. სულ ვკამათობთ. თუმცა ამჟამად ლევანი დროებით არ არის „ტიფლისის“ გადაღებებზე, რადგან ის ახლა „ქერჩზე“ მუშაობს.

– მსმენელს შევახსენებ, რომ შენ აფხაზეთში დაიბადე. 9 წლის იყავი ყაზახეთში რომ გადახვედი და შემდეგ უკვე დაბრუნდი საქართველოში, რისი მიზეზიც შენი ძმა იყო..

– კი ნამდვილად ასეა. ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, რომ იურისტი უნდა გამოსულიყო და პროფესიას საქართველოში უნდა დაუფლებოდა… რომ არა ეს გადაწყვეტილება, ღმერთმა იცის ახლა სად ვიქნებოდი ან რა მოთხოვნები მექნებოდა. იყო რაღაცეები, რაც იმ პერიოდიდან კარგად მახსოვს, მუდამ ჩემში იქნება და ამით ვცხოვრობ.

– რომელ რეჟისორთან არ იმუშავებდი არასდროს?

– ამას მარტივად გეტყვი. ვისთან მუშაობაც მინდა, იმასთან ვარ თეატრში და იმასთან ვმუშაობ და ვისთანათაც არ მინდა, იმასთან უბრალოდ არ ვარ. არის ერთი ცნობილი რეჟისორი, თუმცა ამაზე საუბარი არ მსურს.

– როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– „ტიფლისია“ ჩემი მთავარი გეგმა. რაც შეეხება „ქერჩს“, მიდის ამაზე საუბარიც და შესაძლოა, რამდენიმე სერიაში გადამიღონ კიდეც. თუმცა ჯერ-ჯერობით დროის გამო ვერ ვახერხებ. ასევე განსაკუთრებული გეგმაა სპექტაკლი „მედეა“, რომელსაც მიშა ჩარკვიანი აკეთებს. მას მაყურებელი 8 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ნახავს. გარდა ამისა, ველოდები დოის, რომელსაც უნდა რომ ახალი სპექტაკლი დაიწყოს. პიესა ძალიან საინტერესოა და მეც ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ.

– და ბოლოს, კახა რა არის შენთვის „ტიფლისი“?

– „ტიფლისი“ არის ცდა. ცდა ყველა კუთხით – შემოქმედებითი, ტექნიკური, მეგობრობის… გადაღებების დროს ძალიან ბევრი რაღაც გამოვიარეთ. ეს არის დიდი გამოცდილება. ჩემთვის ეს არის პლაცდარმი რაღაცისკენ..

სტუდიაში ქართველი პრიმა ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი შემოგვიერთდა.

– ნინო, რა ხდება ოპერისა და ბალეტის თეატრში, როდის მოვალთ გახსნაზე?

– გახსნა ძალიან მალე იქნება. ის ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება. იყო პატარა ტექნიკური პრობლემები, რომლებიც მოგვარდა. მოწმდება ყველა დეტალი და სავარაუდოდ, წლის ბოლოს ყველას ახალი სპექტაკლებით გავახარებთ.

– ვიცი, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და ქართველ მაყურებელს ახალი სეზონისთვის უამრავი სიურპრიზი მოუმზადეთ..

– მოსამზადებელი პროცესი კვლავ გრძელდება. მთელი დასია ჩართული, რათა 9 ოქტომბერს მაყურებელს ჯორჯ ბალანჩინის პრემიერა შევთავაზოთ. ეს იქნება ულამაზესი ბალეტი. ამ ბალეტის ცეკვა ნიუ იორკ სიტი ბალეტში მომიწია. მაშინ დიდი თეატრის ბალერინა გახლდით და პირველი შემთხვევა იყო, როცა მოწვეულმა სტუმარმა ეს ბალეტი იცეკვა. ვიცი, თუ რა რთულია ამ ბალეტის ცეკვა, მომზადება, ამიტომ მთელი დასი დიდი ენთუზიაზმით ემზადება.

– გავიგეთ ახალი ამბავი.. მარგარიტა და არმანი სტანისლავსკის დიდ დარბაზში.. ეს სიმართლეა?

– მივიღე წინადადება, რომ დავბრუნებულიყავი მოსკოვში და ეს ბალეტი მეცეკვა. გეტყვით, რომ ბოლოს იქ 2008 წელს ვიცეკვე. ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, რომ მეცეკვა. ეს არის პარტია, რომლის შესრულებაც ნამდვილად ყველა ბალერინას უნდა.

– ქალბატონო ნინო, ძალიან ბევრს მოგზაურობთ… რამდენად ხშირად დადიხართ ოჯახთან ერთად?

– სანამ ჩემი ქალიშვილი ელენე პატარა იყო, სადაც დავდიოდი ყოველთვის თან დამყავდა. ახლა გაიზარდა და სკოლის გაცდენა არ გვსურს. ზოგადად ძალიან მწყდება გული, რომ ცოტა დრო გვაქვს იმისთვის რომ ერთად ვიყოთ.

– რამდენად სამაგალითო ნათლიაა ნინო ანანიაშვილი, ხშირად ნახულოთ თუ არა თქვენს ნათლულს ?

– არა ვარ სამაგალითო ნათლია. ეს ეხება არა მხოლოდ ნიკოლოზ სააკაშვილს.. ზოგადად ძალიან ბევრი ნათლულები მყავს, თან სხვადასხვა ქვეყნებში და ამიტომ მათ ხშირად ვერ ვნახულობ. დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს ნათლულს, რადგან ყურადღებიანი ნათლია ვერ ვარ.

– ყველას აინტერესებს ალბათ, თუ როგორ აკომპლექტებთ საბალეტო დასს?

– ძირითადად, ჩვენი სასწავლებლის ბავშვებით. თუმცა ეს ძირითადად გოგონებს ეხებათ. საქართველოში ბიჭების პრობლემა ყოველთვის იყო. დღესაც ჩვენი დასის ბიჭები ძირითადად უცხოეთიდან ჩამოსულები არიან. ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა ასევე ის, რომ არ გვაქვს ინტერნატი სადაც ბავშვებს დავაბინავებდით. ვიცი, რომ რეგიონებში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება რომ ჩვენთან იარონ.

– იმისათვის, რომ უფრო და უფრო მეტი მაყურებელი მოიზიდონ, მიმართავენ სხვადასხვა ხერხებს. რას ფიქრობთ თქვენ, იქნება თუ არა ბალეტი პოპულარული?

– მე ვფიქრობ რომ ბალეტიცა და ოპერაც საქართველოში პოპულარული იქნება. იქნება კარგი სპექტაკლები, იქნება ცუდიც.. რაღაცა მოეწონება ერთ მაყურებელს, რაღაცა მეორეს. თუმცა, გაჩერებას და მუზეუმად ქცევას არ ვაპირებთ.

IMG_4260

IMG_4235

აუდიო ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები