LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ალფაიძე: “როდესაც კომპანია ყველა საერთაშორისო სტანდარტს იცავს, მომხმარებელიც ბევრია”

6

22 თებერვალს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემა ”წარმატების ფორმულას” კომპანიის ”სუფთა სამყარო” პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს ხატია ალფაიძე სტუმრობდა.

პროფესიით ჟურნალისტმა ხატია ალფაიძემ კავკასიის უნივერსიტეტში მაგისტრატურა დაამთავრა სტრატეგიული კომუნიკაციების განხრით. პირველი სამუშაო გამოცდილებაც სწორედ ამ უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ჯერ კანცელარიის მენეჯერად მუშაობდა, მერე კი პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ჩაიბარა.

– ქალბატონო ხატია, მოდი, ”სუფთა სამყაროს” დაარსების ისტორიით დავიწყოთ. რამდენად სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი კომპანიამ და იყო თუ არა კონკურენცია ბაზარზე იმ პერიოდში?

– ”სუფთა სამყარო” 2005 წელს დაარსდა. თავიდან დასუფთავების ასეთი მასშტაბური და კომპლექსური სამსახური, რა თქმა უნდა, ახალი იყო, თუმცა, ძალიან სწრაფად შევძელით ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ადამიანები მიხვდნენ, რომ დასუფთავების სფერო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროა, მით უმეტეს მაშინ, როცა ტექნოლოგიების განვითარებამ სუპერთანამედროვე ინფრასტრუქტურა შექმნა, მას კი განსაკუთრებული მოვლა და პროფესიონალური დასუფთავება ჭირდება.

რა არის მთავარი მომხმარებლის მოსაზიდად?

– პირველ რიგში, ხარისხი და, რა თქმა უნდა, გამოცდილება. როდესაც ხარისხი მაღალია, კომპანია კი ყველა საერთაშორისო სტანდარტს იცავს, მომხმარებელიც ბევრია. კლიენტი, რომელმაც ერთხელ მოიწონა შენი მუშაობა, აუცილებლად მეორედაც მოვა.

– რამდენადაც ვიცი, 700-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურებით. კერძო სტრუქტურებიდან უფრო ხშირად მოგმართავენ თუ სახელმწიფო?

– ალბათ, თანაბრად. თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია და მსხვილი კერძო კომპანია ჩვენი დამკვეთია. თუმცა, გაჩერებას მაინც არ ვაპირებთ და ყოველწლიურად ვზრდით მათ რიცხვს.

რამდენი თანამშრომელია თქვენს კომპანიაში და არის თუ არა შიდა გადამზადების კურსები?

– დღეს ჩვენი კომპანია 1 500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადი სტაფი კომპანიას დაარსების დღიდან მოყვება და კომპანიის განვითარებაში მათი ღვაწლი ძალიან დიდია. რაც შეეხება გადამზადების კურსებს, ჩვენი გამოცდილი მენეჯერების და უცხოელი ექსპერტების დახმარებით მუდმივად ვცდილობთ დავამატოთ ახალი მომსახურება და გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმი.

არის თუ არა პროფესიონალი კადრების დეფიციტი?

– ყველაფერი პრაქტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენი სფერო ცოტა სპეციფიურია. ბევრს დასუფთავება მარტივი საქმე ჰგონია, რეალურად კი ის ძალიან რთულია, რადგან სწორედ ჩვენ ვქმით კომფორტულ გარემოს.

– რა არის კომპანიის წარმატებისთვის მთავარი მოტივატორი?

– ჩვენ მუდმივი სიახლეების ძიებაზე ვართ ორიენტირებული და მნიშვნელოვანი ნოვაციებიც გვაქვს:ფრენჩაიზის ლიცენზიის გაცემას ვგეგმავთ და ვიწყებთ ტრეინინგებს დასუფთავების სფეროში დაინტერესებულ პირთათვის.

რამდენად მომგებიან ბიზნესად შეიძლება ჩაითვალოს დასუფთავების სამსახური ქართულ ბიზნესგარემოში?

– კონკურენტებს, რომლებიც ახლა შემოდიან ბაზარზე, დემპინგური ფასები შემოაქვთ, რაც თავის მხრივ ხარისხის დაბლა დაწევას იწვევს და მერე, ისევ ჩვენ გვიწევს მათი შეცდომების გამოსწორება. ზოგადად დასუფთავება საკმაოდ რთული სფეროა, რომელიც ძალიან ბევრ მუშაობას მოითხოვს. ფრენჩაიზის ლიცენზიის გაცემაც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ. გვინდა ჩვენი ცოდნა და 10-წლიანი გამოცდილება სხვა კომპანიებსაც გავუზიაროთ.

– რამდენად არიან პროფესიონალი კადრები მარკეტინგის სფეროში და რისი გაკეთებაა საჭირო ამ სფეროს გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ბევრი მიიჩნევს, რომ პიარი და მარკეტინგი მარტივი სფეროა და ნებისმიერი შეძლებს ამ კუთხით მუშაობას. სინამდვილეში, საკმაოდ რთულია ამ სფეროში წარმატებული მუშაობა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანზე ხარ დამოკიდებული. როგორც წესი, საქართველოში კომპანიებს სწრაფად უნდათ პოპულარობის მოპოვება, თუმცა არ უნდათ შესაბამისი თანხის გადახდა. ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად პროფესიონალთა გუნდია საჭირო შესაბამისი ანაზღაურებით. ერთი ადამიანი ვერასდროს შეძლებს საქმის მაღალ დონეზე შესრულებას თუ კარგი გუნდი არ ეყოლება.  

თავად როდის დაინტერესდით მარკეტინგით და რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე. ახლა სულ სხვა სურვილები მაქვს, ვაპირებ ესეებისა და ზღაპრების დაწერას.

– რამდენი ხანია მუშაობთ ”სუფთა სამყაროში” და რა გიქმნით კომფორტს კომპანიაში?

 – კომპანიაში თითქმის ერთი წელია ვმუშაობ. ყველაზე კომფორტული ჩემთვის პროფესიონალი ჯგუფის გვერდით მუშაობაა, რომელშიც ხელმძღვანელობასაც ვგულისხმობ და რიგით თანამშრომლებსაც. ჩვენი ხელმძღვანელი მუდმივად თვითგანვითარებაზეა ოროენტირებული და სხვებსაც იგივესკენ მოგვიწოდებს. განსაკუთრებულ მუხტს გადმოგვცემს და არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას?

– ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, მათ შორის ტრეინინგის კურსები, სადაც მსურველებს უამრავ საინტერესო თემას შევთავაზებთ.

– ქალბატონო ხატია, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქალი ბიზნესში?

– ქალისთვის ბიზნესში მთავარი გონიერებაა, უნდა იყოს ამაყი, თავდაჯერებული და პროფესიონალი. მუდმივად უნდა ისწრაფოდეს განვითარებისკენ, რადგან სხვანაირად წინ ვერ წავა.

აუცილებელია თუ არა ბიზნეს ეტიკეტის ცოდნა და უნდა არსებობდეს თუ არა მსგავის კურსები?

– ჩემი აზრით, აუცილებელია. მართლაია, საქმიან ქალს არ აქვს საკმარისი დრო დაესწროს მისთვის საინტერესო ყველა კურსს, მაგრამ თვითგანვითარება ყოველთვის შეუძლია. საჭიროა ბევრი კითხვა და საკუთარ თავში იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მისი აზრით არასაკმარისად აქვს.

 – როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– სიტუაციის შესაბამისად ლოიალურიც შემიძლია ვიყო და მკაცრიც.

რა მთავარი თვისებები უნდაქონდეს კარგ თანამშრომელს?

– აუცილებლად უნდა იყოს მოტივირებული და ზუსტად უნდა იცოდეს რას ელის მომავლისგან.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– შემთხვევას გააჩნია. დრო თუ მაქვს, ყოველთვის დაფიქრებულად გადაწყვეტა მირჩევნია.

ბლიცკითხვები:

– რა არის ”სუფთა სამყაროს” სლოგანი?

– ”იცხოვრეთ სუფთა სამყაროში!”

– ვინ არის თქვენთვის მისაბაძი მარკეტოლოგი მსოფლიო მაშტაბით?

– ალბათ, ჩემი ყოფილი უფროსი სოსო გალუმაშვილი.

სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ, საიდანაც ბიზნეს რჩევებს ითვალისწინებთ?

– რიჩარდ ბახის ”თოლია ჯონათან ლივინგსტონი”. მართალია ეს წიგნი არ მიეკუთვნება ბიზნესის სფეროს, მაგრამ ჩემთვის მაინც სამაგიდო წიგნია, რადგან ყველთვის საჭიროა გახსოვდეს – თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ.

 – სარგებლობთ თუ არა პრივილეგიებით საქმიან შეხვედრაზე მამაკაცების გარემოცვაში? 

– როცა ქალი მამაკაცების გარემოში ჭკვიანი, მომხიბვლელი და თავდაჯერებულია, ის უკვე პრივილიგირებულია.

 – პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაშიწარმატების ფორმულა”?

– ხატვა არ მეხერხება, მაგრამ ალბათ ჩვენს ლოგოს – პატარა ბიჭუნას დავხატავდი, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია და მუდმივად სადღაც გარბის.

 – თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მართალია, ყველასთვის საერთო ”წარმატების ფორმულა” არ არსებობს, მაგრამ თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ და განვითარებისკენ აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება.

გადაცემის ჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები