ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე – “დაიბანე ხელები, გადაარჩინე სიცოცხლე!”

ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე – “დაიბანე ხელები, გადაარჩინე სიცოცხლე!”

5 მაისს, სამედიცინო პერსონალის ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღეს, რადიო “ფორტუნამ” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ “პულსი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარ სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს ბატონ დავით წერეთელს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტს ბატონ ოთარ ცქიტიშვილს უმასპინძლა.

– ბატონო დავით, როდის დაწესდა სამედიცინო პერსონალის ხელების ჰიგიენის დღე და რა მიზანს ემსახურება ის?

– პირველ რიგში, დღევანდენდელი დღის დევიზს შევახსენებ ყველას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: “დაიბანე ხელები, გადაარჩინე სიცოცხლე!” რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დღევანდელი აქტივობით, ხვალ უფრო გაგვიადვილდება პაციენტების მკურნალობა. სხვა ქვეყნების მსგავსად, სამედიცინო პერსონალის ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც აღინიშნება, რადგან ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რაც ხშირად პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება, მთელი მსოფლიოს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ხელების ჰიგიენა კი, ერთ-ერთი ქმედითი ღონისძიებაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ნოზოკომიურ ინფექციების ტრანსმისიას სამედიცინო დაწესებულებაში. ხელების ჰიგიენა ანუ ხელების დაბანა – უმარტივესი პროცედურაა, რომელიც სამედიცინო პერსონალმა 40-60 წამის განმავლობაში უნდა შეასრულოს და დაიცვას შემდეგი ხუთი პრინციპი: ხელები აუცილებლად უნდა დაბანოს პაციენტთან კონტაქტის წინ; ნებისმიერი სუფთა ან ასეპტიკური პროცედურების წინ; პაციენტთან კონტაქტის შემდეგ; ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდეგ და პაციენტის მოვლის ან მის პირად საგნებთან შეხების შემდეგ. ამგვარი ნორმები აუცილებელია და ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების პერსონალმა უნდა დაიცვას, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ნოზოკომიური ინფექციების გავრცელება და ანტიმიკრობული რეზისტენტობა.

– ბატონო ოთარ, ნოზოკომიური ინფექციების გავრცელება მთელ მსოფლიოში აქტუალურია. როგორია სტატისტიკა, რამდენად ხშირია შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით პაციენტების დასნეულება?

– განვითარებულ ქვეყნებში ნოზოკომიურ ინფექციების მაჩვენებელი საშუალოდ 5-10%-ს აღწევს ანუ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი 100 პაციენტიდან 5-10 ინფიცირდება. რაც შეეხება გადაცემის გზებს – ინფექციის ერთ-ერთი მთავარი გადამტანი  სამედიცინო პერსონალი, ძირითადად ექთანია, რომელიც ემსახურება პაციენტს, უტარებს პროცედურებს და სწორედ ის გადასცემს მიკრობებს, ექიმი კი, იშვიათად შედის პაციენტთან უშუალო კონტაქტში. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო მსგავსი აღრიცხვა, ამიტომ რეალური მონაცემების გაჟღერება გამოჭირდება, ზოგად ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ დიდი განსხვავება არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების მონაცემებთან. თუმცა, ჩვენ – სამედიცინო საზოგადოება, ჩვენი ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მართლაც გლობალური პრობლემის დაძლევას.

– ბატონო დავით, რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ თუნდაც ჰიგიენის საერთაშორისო დღეს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და სამედიცინო საზოგადოების ცოდნის ამაღლება?

– საქართველოს, ისე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანის სამედიცინო დაწესებულებებში არასათანადო ყურადღება ექცევა ხელების ჰიგიენას. სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი საერთოდ არ იბანს ხელებს ან სათანადოდ არ აკეთებს ამას, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ხელების დაბანას ხშირად ფორმალური რიტუალუს სახე უფრო აქვს და სულ რაღაც 20 წამს გრძელდება. პიგიენის ნორმების დასაცავად, სამედიცინო პერსონალი აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამდინარე წყლით, თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით. აქვე მინდა ავღნიშნო, ჯანდაცვის სამინისტროს აქტივობა, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში, აფასებს ინფექციის კონტოლის, პრევენციის დონეს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამედიცინო პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას.

– ბატონო დავით, რა მდგომარეობაა რეგიონებში, რამდენად დიდია განსხვავება დედაქალაქსა და რეგიონალურ სამედიცინო დაწესებულებს შორის?

– პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ მონიტორინგს ახორციელებს, მერე კი, მონაცემების ანალიზს აკეთებს. ამგვარი მონიტორინგი უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში და სავარაუდოდ, შედეგებიც მალე გამოქვეყნდება. ზოგადად, მცირე კლინიკებში ბევრად ცუდი სიტუაციაა, ვიდრე მსხვილ საავადმყოფოებში. თუმცა, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის ნორმები აბსოლუტურად დაცულია. ვფიქრობ, ყველა კლინიკაში უნდა დაინერგოს ინფექციის კონტროლისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები, რაც აუცილებლად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსს.

– ბატონო ოთარ, რას ნიშნავს ანტიმიკრობული რეზისტენტობა? 

– ზოგადად, რეზისტენტობა მიკრობის შეჩვევას ნიშნავს გარკვეული ანტიბიოტიკების სპექტრის მიმართ, როცა ის აღარ ექვემდებარება მათ ზემოქმებედებას. რა თქმა უნდა, მიკრობების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, სივრცის ხშირი ვენტილაცია და მრავალი სხვა, თუმცა, უპირველესი მაინც განათლებაა, რადგან სწორედ შესაბამისი ინფორმაციის და განათლების ქონით შეიძლება ნოზოკომიურ ინფექციების პრევენცია.

– თქვენი აზრით, როგორ შეიძლება აიხსნას ნოზოკომიური ინფექციების საკმაოდ ხშირი გავცელება იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც განათლების დონეც მაღალია და ინფრასტრუქტურაც გამართულია?

– ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უამრავი ღონისძიება არსებობს და შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი კომპლექსური მეცნიერებაა. ვფიქრობ, ბევრ კლინიკაში ძალიან კარგად იციან რა უნდა გააკეთონ, თუმცა, ბოლომდე არ ასრულებენ ყველა ღონისძიებას. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და ყველაზე მოწინავე კლინიკებშიც საკმაოდ ხშირია ნოზოკომიური ინფექციების შემთხვევები. მართალია, ძალიან რთულია იდეალური პირობების შექმნა, რადგან ჩვენ მიკრობულ გარემოში ვცხოვრობთ, მაგრამ, სამედიცინო საზოგადოება და მათ შორის ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსგავსი შემთხვევები.

9 მაისი, 2017

სხვა ჩანაწერები