LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ბი ბი ქეი ბიზნესი და სამართალი“ დღეს პრეზენტაციას მართავს

5

10 მარტს, რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა”, პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „ბი ბი ქეი“-ის დამფუძნებლებს სალომე და ელენე ბეჟაშვილებს უმასპინძლა.

– სალომე, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა ტიპის კომპანიას აფუძნებთ და რა იქნება პრეზენტაციაზე წარმოდგენილი?

– კომპანია „ბი ბი ქეი ბიზნესი და სამართალი“ მომხმარებელს ბიზნეს საკონსულტაციო და იურიდიულ სფეროში გაუწევს მომსახურებას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი კლიენტისთვის კომპლექსური და მაქსიმალურად შეღავათიანი მომსახურეობის შეთავაზებაა. დღევანდელ პრეზენტაციას კი, რომელიც „ბი ბი ქეის“ ოფისში გაიმართება, ძირითადად გაცნობითი ხასიათი ექნება. სტუმრებს ჩვენს შესახებ  მივაწვდით ინფორმაციას, მოვუთხრობთ თუ როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა და რა პრიორიტეტები გვაქვს, რა სერვისებს, ინოვაციურ პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებელს და რა არის ჩვენი მახასიათებელი, რაც უკვე არსებული კომპანიებისგან განგვასხვავებს.

– ელენე, კონკრეტულად რა მიზანს ისახავს თქვენი კომპანია და რით განსხვავდება ის კონკურენტებისგან?

– კომპანიის მიზანია შესთავაზოს სამომხმარებლო ბაზარს  ხელმისაწვდომი და მის მოთხოვნილებებზე სრულად მორგებული მომსახურება, რომელიც კომპლექსური და მაქსიმალურად მომგებიან შედეგზე იქნება ორიენტირებული.

– სალომე, კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებას შესთავაზებთ მომხმარებელს?

– როგორც მოგახსენეთ, ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებები – ბიზნეს კონსულტაცია და იურიდიული მომსახურებაა. იურიდიულ სფეროში სრულად დავფარავთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს და მომხმარებელს ისეთ მომსახურებას შევთავაზებთ, როგორიცაა დავებში წარმომადგენლობა, საკონსულტაციო მომსახურება, დოკუმენტების შედგენა და მრავალი სხვა, ანუ ყველაფერი რასაც კლასიკური იურიდიული მომსახურება ითვალისწინებს. გარდა ამისა, ფიზიკური პირებისთვის გვაქვს ინოვაციური შეთავაზება – ე.წ. ჩემი იურისტის მომსახურება ანუ სამართლებრივი დაზღვევა, რომელსაც დღევანდელ ბაზარზე ზუსტი ანალოგი არ გააჩნია. ამგვარი სერვისი მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს და მინიმალური დანახარჯით ისარგებლოს პირადი იურისტის მომსახურებით საკუთარი ინტერესების და უფლების დასაცავად.

– ელენე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თქვენი მომსახურება მომხმარებლისთვის?

– ჩვენი მომსახურება პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება საინტერესო. დღეს საკონსულტაციო მომსახურება ერთგვარ ფუფუნებადაა ქცეული, თუმცა, ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს ტენდენცია, გავხადოთ ჩვენი მომსახურება მცირე ბიზნესისთვისაც ხელმისაწვდომი და მივცეთ მათ საშუალება, პროფესიონალებთან მუშაობით განავითარონ საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება ღირებულებას, კონკრეტული ციფრების დასახელება რთულია, რადგან ყველა ქეისს თავისი ფასი აქვს მომხმარებლის საჭიროების გათვალისწინებით.

– სალომე, რა სტრატეგია აქვს კომპანიას და უახლოეს მომავალში რა აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

– ძალიან მალე მომხმარებელს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სატრენინგო სისტემას შევთავაზებთ, რომელიც მართალია, მეტწილად სტუდენტებზე იქნება გათვლილი, მაგრამ ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც ვგეგმავთ ტრენინგების ჩატარებას, რათა ავუხსნათ როგორ განავითარონ ბიზნესი ისე, რომ სრულ თანხვედრაში იყვნენ კანონთან. გარდა ამისა, ვგეგმავთ კომპანიის გაფართოვებას, რაც არა მარტო თანამშრომლების, არამედ ჩვენი სერვისების ზრდასაც ითვალისწინებს. ვეცდებით მაქსიმალურად ფართო არეალი მოვიცვათ და უფრო მეტი მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები