LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკურენცია ყოველთვის სერიოზული სტრესია, მაგრამ „მხოლოდ ქართული“ ნამდვილად ღირდა ნერვიულობად”

4

გადაცემის ლაივი LIVE

5 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ კონკურსანტები გოგა გიორგელაშვილი და საბა კემულარია სტუმრობდნენ.

– საბა, რამდენად მოგწონთ კონკურსებში მონაწილეობა?  

– სიმართლე ვთქვა, „მხოლოდ ქართული“ ჩემი სადებიუტო პროექტია, რადგან მანამდე არცერთ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა. მართალია, კონკურენცია ყოველთვის სერიოზული სტრესია, მაგრამ „მხოლოდ ქართული“ ნამდვილად ღირდა ნერვიულობად და ყველა განცდად, რადგან მაყურებლის უზარმაზარი სიყვარული დავიმსახურეთ.

– გოგა, რამდენად ღელავდით საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში?

– ნებისმიერი კონკურსი რთულია, ამიტომ ნერვიულობაც ყოველთვის თან ახლავს. ვიცოდი, რომ ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო, ამიტომ შინაგანად მზად ვიყავი მარცხისთვის, თუმცა მაყურებლის სიყვარული, რომელსაც ნებისმიერი კონკურსანტი გრძნობს, უზარმაზარი სტიმულია ჩვენთვის და ყველა სირთულის დაძლევაში გვეხმარება.

– თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ამგვარი პროექტები?

– (საბა კემულარია) ვფიქრობ, ძალიან დროული პროექტია, რადგან სამწუხაროდ, ქართულმა სიმღერამ დაკარგა პოპულარობა. 1990-იან წლებში უამრავი კარგი სიმღერა დაიწერა და კლიპიც შეიქმნა, მერე კი, რატომღაც ყველაფერი გაჩერდა და დღევანდელი ახალგაზრდობაც უცხოურ მუსიკას უფრო ინტენსიურად უსმენს, ვიდრე ქართულს.

– (გოგა გიორგელაშვილი) პროექტის წყალობით უამრავი ცნობილი სიმღერა გავიხსენეთ, რაც ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო და მსმენელისთვისაც. ვფიქრობ, მეტად შევიყვარეთ ქართული მუსიკა, დავაფასეთ მათი შემქმნელები და შემსრულებლები.

– საბა, ფინალში ვისთან ისურვებდით შეხვედრას?

– პროექტმა მართლაც ღირსეულ კონკურსანტებს მოუყარა თავი, ძალიან ბევრი ვისწავლეთ და პროფესიონალურადაც გავიზარდეთ. ასე რომ, ფინალშიც ნებისმიერს შევხვდებოდი.

– ვინ გირჩიათ კონკურსში მომაწილეობა?

– (საბა კემულარია) ჩემმა ახლობლებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ კონკურსში ვგეგმავდი მონაწილეობას, რადგან ქასთინგამდე ერთი დღით ადრე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება. მხოლოდ ერთმა მეგობარმა იცოდა და სწორედ ის იყო ჩემი გულშემატკივარი, მოგვიანებით კი, ყველამ გაიგო, საკმაოდ სერიოზული სიურპრიზიც აღმოჩნდა მათთვის.

– (გოგა გიორგელაშვილი) მე ოჯახის წევრებმა მირჩიეს, თუმცა დიდხანს ვორჭოფობდი და საბოლოოდ ისევ მათი სურვილით აღმოვჩნდი პროეტში, რადგან თვითონ ნაკლენად მინდოდა კონკურში მონაწილეობა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები