LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარტეტი „ტიფლისი“ სტუმრად „არტ-FM“-ში

4

7 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კვარტეტ „ტიფლისის“ წევრები ბეჟან ამირანაშვილი და ნიკა ნატროშვილი სტუმრობდნენ.

– ბეჟან, მალე თქვენი პირველი ალბომი გამოვა. რას სთავაზობთ მსმენელს სადებიუტო ნამუშევარში?

– კვარტეტი უკვე ერთი წლისაა. სწორედ რამდენიმე დღის წინ ავღნიშნეთ დაბადების დღე და სხვათაშორის ძალიან კარგი რეპეტიციით. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვარ და ძალიან გვიყვარს იმ ქართული სიმღერის ჟღერადობა და ჰარმონია, რომელზეც ყველა გავიზარდეთ. კვარტეტის შექმნის ინიციატივა ოთო ედიშერაშვილს, ჩვენს პროდიუსერს ეკუთვნის, პირველ ალბომს კი, სტუდია „თბილისი“ ბეჭდავს და ორ-სამ დღეში მზად იქნება. ალბომი ჩვენს მეგობართან დათო უგრეხელიძესთან, სტუდია „უნივერსალში“ ჩავწერეთ და ათი სიმღერა გავაერთიანეთ, რომელთაგან ცხრა ჩვენია, ერთი კი, ქალბატონ რუსუდან სებისკვერაძეს ეკუთვნის.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ ძალიან ხშირად ასრულებთ ცნობილი კომპოზიტორების ყველასთვის საყვარელ სიმღერებს.

– გეთანხმებით. ვფიქრობ, ქალაქურ სიმღერაში შთაგონების მთავარი წყარო ცნობილი ქართველი კომპოზიტორების და შემსრულებლების შემოქმედებაა, რადგან სწორედ მათ შექმნეს ქართული სიმღერის ისტორია, ჩვენ კი, ცოტა განსხვავებული სტილითა და ჟღერადობით, მოკრძალებული წვლილი გვინდა შევიტანოთ ამ ისტორიაში.

– ნიკა, ახალი ალბომის პარალელურად, კონცერტის გამართვასაც გეგმავთ. საინტერესოა, ვინ წერს თქვენთვის სიმღერებს და როგორია შემოქმედებითი პროცესი?

– აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენს სიმღერებზე ძირითადად ბეჟანი მუშაობს. ხშირად ლექსის ავტორიც ისაა და მუსიკასაც თვითონ წერს. ალბომის ცხრა სიმღერა სწორედ მან შექმნა, ერთი კი, ქალბატონ რუსუდანს ეკუთვნის და ჩვენთვის დიდი პატივია მისი შესრულება. საღამოზე, რომელიც კლუბში „პიანინო“, 26 თებერვალს გაიმართება და ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი იქნება, ალბომის ათი და რამდენიმე ახალი, მაყურებლისთვის აბსოლუტურად უცნობი სიმღერა შესრულდება. გვიხარია, რომ საკუთარი სიმღერები გვაქვს, რადგან მათი შესრულება ჩვენთვისაც საინტერესოა და ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც სიახლე იქნება, რადგან მართალია, ფუძე და ჰარმონია შენარჩუნებულია, მაგრამ ჟღერადობა და შესრულების მანერაა ახალი, რაც ვფიქრობ ჩვენს კვარტეტს სხვებისგანაც გამოარჩევს.

– რეგიონებში ხომ არ გეგმავთ კონცერტების გამართვას?

– პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ალბომის ჩაწერა იყო და ამიტომ ნაკლებად ვიყავით ორიენტირებული საგასტროლო მოღვაწეობაზე. ახლა კი, ჩვენი სიმღერების მსმენელამდე მიტანაზე ვფიქრობთ და იმის მიხედვით, თუ  როგორ მიიღებს საზოგადოება ჩვენს შემოქმედებას, დავგეგმავთ კონცერტებსაც.

– ბეჟან, ძირითადად ვის ან რას ეძღვნება თქვენი სიმღერები?

– სიმღერა ყოველთვის შთაგონებით იწერება და ზოგადად ყველაფერს – სიყვარულს, მეგობრობას ან საყვარელ ადამიანს შეიძლება მიეძღვნას.

მაგალითად სიმღერა „თოვლი“, მეუღლეს მივუძღვენი.

– ნიკა, რამდენადაც ვიცი, სამომავლოდ ალბომის ათივე სიმღერაზე კლიპების გადაღებას გეგმავთ. როდის იწყებთ მუშაობას და ვინ იქნება ფილმის რეჟისორი?

– მუშაობას 12 თებერვალს დავიწყებთ და ჩვენს მეგობართან, რეჟისორ დავით ჭაბაშვილთან ერთად ალბომის ათივე სიმღერაზე კლიპს გადავიღებთ, რომლებიც მოგვაინებით სოციალური ქსელით გავრცელდება.

– ბეჟან, როგორ ახერხებთ ორ კოლექტივში: „ტიფლისსა“ და „მგზავრებში“ ერთდროულად მუშაობას?

– რთულია, მაგრამ მაინც ვახერხებ.

– ცნობილ შემსრულებლებთან ხომ არ გეგმავთ კოლაბორაციას?

– ჩვენს პროდიუსერს ჰქონდა მეტად საინტერესო იდეა – დუეტის გაკეთება გვინდოდა ბატონ ვახტანგ კიკაბიძესთან. სიმღერა დაწერილია და შესაბამის დროს ველოდებით, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბატონ ბუბასთან, როცა მოიცლის და თავისუფალი დრო ექნება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები