LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „გაგვიხარდა, როცა კლიპში მონაწილეობაზე ბატონი გივი ბერიკაშვილი დაგვთანხმდა”

29 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნატო თოთიბაძე, თამარ გეგეშიძე, ნატალია მინდიაშვილი და ლაშა ღლონტი სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს სიმღერის „ალილო“ ახალი ვერსია წარუდგინეს.

– როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?

ლაშა ღლონტი:

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი „ალილო“ ყველა მანამდე შექმნილი სიმღერისგან განსხვავდება, რადგან ის ბევრად უფრო მხიარულია. ჩემი აზრით, ალილო ზოგადად სიხარულს ნიშნავს, რადგან ქრისტეშობის თვეში, ახალი წლის მოლოდინში ყველა ბედნიერია და ჩვენი სიმღერაც სწორედ ამ ბედნიერებას ეძღვნება. რაც შეეხება ნატოს – ის ძალიან თანამედროვე კომპოზიტორია, რომლის მუსიკა მეტად ჰარმონიულია და ერთის მხრივ ძალიან უცხოა, მეორეს მხრივ კი, ძალიან კარგად ერგება ქართულ რეალობას. სიმღერის შექმნაში ნატოს სტუდიის ბავშვთა გუნდი, ბევრი ცნობილი ქართველი მომღერალი მონაწილეობდა და სწორედ მათმა ინდივიდუალურმა ტემბრალურმა თავისებურებებმა განაპირობეს სიმღერის განსხვავებული ელფერი.

15302337_1372478469438447_263537452_oნატო თოთიბაძე:

– სიმღერის შექმნის იდეა რამდენი წლის წინ გაჩნდა, როცა მე და ლაშას საერთო სტუდია გვქონდა. სწორედ მაშინ ჩაიწერა სიმღერა ჩვენი სტუდიის ბაშვებისთვის. მოგვაინებით კი, განვაახლეთ და განსხვავებული ინტერპრეტაციით ჩავწერეთ. კლიპზე მუშაობას რამდენიმე დღეში დავასრულებთ და სიმღერასაც წარმოვადგენთ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვა, თუმცა, მთავარი შემფასებელი რა თქმა უნდა, მაყურებელი იქნება. რაც შეეხება ბავშვებს, კარგ მომღერლებთან ერთად, ძალიან კარგი მსახიობებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც სიცივესაც არ შეუშინდნენ და შეიძლება ითქვას, მართლაც გმირულად იმუშავეს.

ნატალია მინდიაშვილი:

– ძალიან გაგვიხარდა, როცა კლიპში მონაწილეობაზე ბატონი გივი ბერიკაშვილი დაგვთანხმდა. მასთან სახლში მივედით, ბარათი მივუტანეთ, რომელზეც ჩვენი სლოგანი: „იყავი ბედნიერი!“ ეწერა და შეიძლება ითქვას, მასთან სტუმრობა მართლაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის. კლიპში გიორგი კეკელიზე, სოფო ბედია, „ერისიონის“ მომღერლები და ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ბავშვები, ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ, რომელთა შორის განსაკუთრებით ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძე მინდა გამოვყო, რომელიც საკუთარი საქმეები გადადო და ყველანაირი ორჭოფობის გარეშე დათანხმდა ჩვენთან მუშაობას.

თამარ გეგეშიძე:

– ძალიან გამიხარდა, როცა ნატოს შემოთავაზებით პროექტში ჩავერთე და კლიპისთვის სცენარი დავწერე. თავიდან, სიუჟეტი რამდენიმე ბავშვის საშობაო ისტორიად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მოგვიანებით განვაზოგადეთ და უამრავი ბავშვის ისტორია მოვყევით, რომელთაც ძალიან უნდათ იყვნენ ბედნიერები ახალი წლის ღამეს. კლიპის მთავარი იდეა, რა თქმა უნდა ბედნიერებაა და სწორედ ბავშვები დადიან კარდაკარ, რომლებიც ღია ბარათებით ყველას უნაწილებენ საკუთარ ბედნიერებას.

15302373_1372478489438445_853881275_o– ბატონო ლაშა, თქვენი შემოქმედება ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზღვარგარეთ, ბოლო რამდენიმე სიმღერამ კი, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

– ბოლო პერიოდის სიმღერები მართლაც კარგი გამოვიდა, რაც არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ჩემი მეგობრის, მათ შორის დათო არჩვაძის, ნანა ცინცაძის და სხვა ქართველი კომპოზიტორების დამსახურებაა, რომლებიც რეპერტუარის შექმნაში დამეხმარნენ. ძალიან გამიკვირდა, როცა შეერთებულ შტატებში პირველად ჩავედი და აეროპორტში უამრავი ხალხი დამხვდა. თუმცა, ინტერნეტმა მთელი სამყარო გააერთიანა და მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირა ჩვენს შორის.

– დეკემბრის თვეში რა სიახლეს უმზადებთ თქვენს თაყვანისმცემელს?

– დეკემბერში ჩემი და ქეთი ფარესაშვილის ერთობლივი სიმღერის და კლიპის პრემიერა შედგება. დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ჩვენც რაიმე სახალისოს შექმნა გადავწყვიტეთ, ქართულ-პორტუგალიურ ენაზე გაკეთებული სიმღერა ცოტა დამაინტრიგებელი შინაარსის იქნება, ჩვენ კი, განსხვავებული ამპლუა მოვირგეთ, რომელიც მანამდე ძალიან უცხო იყო ჩვენთვის. თავიდან საერთოდ არ ვგეგმავდით კლიპის გადაღებას, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის შემდეგ, სწორედ მათ შემოგვთავაზეს ვიდეოს გაკეთება. გარდა ამისა, 31 დეკემბერს „ალილო“ კლუბ „ტრიუმფში“გეგმავს  გრანდიოზულ კონცერტს, რომელშიც მერაბ სეფაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. იანვრის თვეში კი,  გასტროლებით მივემგზავრები გერმანიასა და საფრანგეთში.

– რა პროგრამით წარსდგებით მსმენელის წინაშე ახალი წლის ღამეს?

– პროგრამა შეიძლება ითქვას, თავისუფალი იქნება, რომელშიც ძალიან ბევრი ძველი და კარგად ნაცნობი სიმღერა გაერთიანდა.

– ნატალია, თქვენ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– დიდი ხანია ვფიქრობთ მიუზიკლის დადგმაზე, რომელიც საკმაოდ რთული გასაკეთებელია. პროექტის მთავარი განმასხვავებელია ისაა, რომ ყველაფერს – დეკორაციით დაწყებული რეკვიზიტებით დასრულებული, ბავშვები შექმნიან საკუთარი ხელით.

 

 გადაცემის ჩანაწერი