LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჯოხაძე: „მთავარია ინდივიდუალიზმი და არ მოვექცე ზეგავლენის ქვეშ“

„ამ სეზონზე ვეცადე ვყოფილიყავი ცოტათი განსხვავებული. ზოგადად, როცა შემოქმედებით მუშაობაში ხარ ადამიანი, ყოველთვის, საკუთარ თავთან გამოცდებს ატარებ. ამჯერად მინდოდა ნაზი ქალიდან გადავსულიყავი მკაცრზე და სხვანაირი ქალი წარმომედგინა. კმაყოფილი ვარ, ნამდვილად იმიტომ, რომ ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. არ ვარ ტენდენციური. შესაძლოა ეს უარყოფითად გაიგოს ვინმემ, მაგრამ არც ამის მეშინია. რაც მომწონს და ზოგადად, რაც მინდა, იმას ვაკეთებ, ყოველთვის. ეს მახარებს იმიტომ, რომ შინაგანად თავისუფალი ვარ და არ მეშინია. თუნდაც ექსპერიმენტების. ამ ეტაპზე ავარჩიე ისეთი ტონები, რაც ტენდენციურია, წელს და აბსოლუტურად ისე გავთვალე ყველაფერი, რომ ტონალობები ერთმანეთთან დამჯდარიყო. იყო თეთრი, შავი, თავისთავად კლასიკური ფერები, მაგრამ შვიყვანე ყვითელი, იასამნისფერი და მწვანე. ბევრი არ ელოდა, რომ იასამნისფერი და მწვანე ერთმანეთს შეეხამებოდა. მქონდა მყარი ქსოვილები, უხეში და ასევე საკმაოდ თხელი და ჰაეროვანი ქსოვილების სინთეზი. ფეხსაცმელშიც იგივე გავაკეთე, კლასიკურს საკმაოდ მძიმე ქუსლი მოვარგე. მსოფლიოს მასშტაბით მოდაში იმდენი რამე გაკეთდა, რომ რთულია ახალი მოიფიქრო, უბრალოდ ყველაზე მთავარია შენი იყოს, ინდივიდუალიზმი ემჩნეოდეს და მთავარია არ მოვექცე ზეგავლენის ქვეშ. ყოველთვის მინდა იყოს ჩემი და თუნდაც ცუდი იყოს. ეს იყო ბევრად თავისუფალი ქალი და თვითდაჯერებული“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ თბილისის მოდის კვირეულზე, საკუთარი ჩვენების შესახებ ისაუბა. მისივე სახელობის მოდის სახლის დამფუძნებელი ამბობს, რომ წინასწარ არასდროს იცის რას გააკეთებს მომავალი სეზონისთვის და აღნიშნავს, რომ მორიგი ჩვენება წინამორბედის გაგრძელებასავით იქნება, მაგრამ აუცილებლად სიახლეებით დაბრუნდება.