ლაშა მურვანიძე: „ყოველთვის ის იმარჯვებს, ვინც უფრო ძლიერი და სტაბილურია”

ლაშა მურვანიძე: „ყოველთვის ის იმარჯვებს, ვინც უფრო ძლიერი და სტაბილურია”

5 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანიის „დრესაფ-ჯგუფი“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა მურვანიძე სტუმრობდა.

მონაცემები:

1992-1996 -თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების და საბანკო საქმის ფაკულტეტი

2000-2002 – თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთიბების და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი

2003-2007 – შპს „ლევისინვესტი“, Levi’s-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-ს, Lee Cooper-ის ოფიციალური ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

2007-2013 – შპს „ალედა“, Levi’s-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-ს, Mavi-ს, Vans-ის, Bensimon-ის, Converse-ის, Lacoste-ს ოფიციალური ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

2007-2013 – Kodak-ის, Fuji-ს, Sony-ს, Pentax-ის, Canyin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

2013 – დღემდე – „დრესაფ-ჯგუფ“-ის აღმასრულებელი დირექტორი

* * *

– ბატონო ლაშა, სუპერ-ბრენდების გამაერთიანებელი კომპანია „დრესაფ ჯგუფი“ თითქმის 22 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. რომელი მაღაზია გახსენით პირველად?

– პირველი Levi’s-ის მონობრენდ-მაღაზია იყო, რომელიც 1994 წელს გავხსენით. იმ პერიოდში სიტყვა „მონობრენდი“ საერთოდ არ არსებობდა და სწორედ ჩვენ დავამკვიდრეთ. მოგეხსენებათ, ქართველებს ყოველთვის ძალიან უყვარდათ გემოვნებით ჩაცმა, 1980-იან წლებში Levi’s-ის მოდელები პოლონეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, აქ კი, გადამყიდველები ჰყიდდნენ. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჩვენი მოსახლეობისთვის საჩუქარი და საზღვარგარეთიდან ორიგინალი ჯინსი შემოვიტანეთ. ქართველების ხასიათიდან და მოდის სიყვარულიდან გამომდინარე, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ბიზნესი წარმატებული იქნებოდა. ჩვენს მაღაზიას გახსნის დღიდანვე უამრავი ადამიანი სტუმრობდა, რადგან  Levi’s-ი ყოველთვის პოპულარული იყო და დღემდე ინარჩუნებს ამ პოპულარობას. მოგვაინებით ბიზნესი გავაფართოვეთ, დღეს უკვე 19 მაღაზია გვაქვს თბილისში და 1 ბათუმში. „დრესაფ-ჯგუფი“ მონობრენდულ, მულტიბრენდულ და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს. გვაქვს Levi’s-ის, Lee Wrangler-ის და Mavi-ს მონობრენდ მაღაზიები,  რამდენიმე წლის წინ კი, ახალი კონცეფცია Jeans Gallery შევქმენით, რომელიც  პრაქტიკულად ჯინსის ყველა ბრენდს აერთიანებს, ასე რომ, მომხმარებელს ყოველთვის  შეუძლია მივიდეს და თავისუფლად შეიძინოს ნებისმიერი ბრენდის ჯინსი ერთ მაღაზიაში.

– რამდენად მარტივი იყო პირველ ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და რითი დაინტერესეთ ისინი პირველ რიგში?

15304050_1381549138531380_1609012533_o– საქართველო მეტად უცნაური ფენომენი იყო მათთვის, რადგან საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ის შედეგი, რომელსაც ჩვენმა კომპანიამ მიაღწია საწყის ეტაპზე. სხვათაშორის, ისინი დღემდე გაოცებულები არიან, რადგან მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, რეგიონში კი, გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნები არიან, მაგრამ გაყიდვებით ჩვენ მაინც მეორე ადგილზე ვართ.

– მომხმარებელთა აქტივობა რომ შევაფასოთ, რომელი იყო ყველაზე აქტიური და პასიური პერიოდები?  

– რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გვქონდა, თუმცა განსაკუთრებით პასიური პერიოდი არ მახსენდება. ჩავარდნა კონკრეტულად ჩვენს სფეროში არ ყოფილა, ეს უფრო ზოგადი პრობლემებით – ეკონომიკური ან პოლიტიკური კრიზისით იყო გამოწვეული.

– რა გავლენას ახდენს ლარის დევალვაცია თქვენს ბიზნესზე?

– გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს, რადგან ლარის გაუფასურებით ერთის მხრივ იმპორტიორები ზარალდებიან, მეორეს მხრივ კი, მომხმარებელია მოლოდინის რეჟიმში  და თავს იკავებს შენაძენისგან, რაც გაყიდვებზეც მოქმედებს და ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახება.

– თქვენი აზრით, როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში და რამდენად მომგებიანია კონკრეტულად თქვენი საქმიანობა?

– ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალი ბრენდი შემოვიდა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად ბიზნესგარემოც ხელსაყრელია და ბიზნესის კეთებაც საკმაოდ მარტივი.

– რამდენად ჯანსაღია კონკურენცია ბაზარზე?

– კონკურენცია ჯანსაღია. ყოველთვის ის იმარჯვებს, ვინც უფრო ძლიერი და სტაბილურია, კეთილსინდისიერად ურთიერთობს მომხმარებელთან და ყოველთვის მზადაა ცვლილებებისთვის. ჩვენ ყოველთვის წინსაწარ ვცდილობთ გავთვალოთ ყველა ნაბიჯი და მზად ვიყოთ ცვლილებებისთვის, მოცემულობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ადვილად ვახერხებთ ადაპტირებას.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, აპირებთ თუ არა გაფართოებას რეგიონებში?

– ზოგადად, თუ წინ არ მიდიხარ, ყოველთვის უკან დახევა გიწევს! ჩვენ ყოველთვის ნოვაციებზე ვფიქრობთ, მუდმივად ახალ მიზნებს ვისახავთ და ვფიქრობ, სწორედ ესაა ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი. ბოლო რამდენიმე წელიწადში საკმაოდ გავიზარდეთ, გავფართოვდთ და არც მომავალში ვაპირებთ გაჩერებას. საკმაოდ ამბიციური პროექტები გვაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ 2017 წელს –  იგეგმება მაღაზიათა ქსელის გაფართოება რეგიონში, ბათუმში უკვე გვაქვს ერთი მულტიბრენდული მაღაზია, სამომავლოდ კი, ახალი კონცეფციის მაღაზიის გაკეთებას ვაპირებთ. ძალიან საინტერესო ქალაქია ქუთაისი, სადაც მალე ასევე გვექნება ჩვენი მაღაზია, თუმცა, ჩვენ აქცენტს უფრო ახალი ბრენდების მოზიდვაზე ვაკეთებთ.

– გექნებათ თუ არა საახალწლო აქციები?

– რა თქმა უნდა. ახალი წელი წარმოუდგენელია აქციების გარეშე და არც ჩვენ გამოვაკლდებით ამ ღონიძიებებს. თუმცა, ჯერ არეფერს ვიტყვი და ყველაფერს სიურპრიზად დავტოვებ.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– კონკრეტულად არცერთი პროფესიაზე არ ვოცნებობდი. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც სწავლის სასარგებლოდ გავაკეთე და მემგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

– როგორ ფიქრობთ, რომელი ბიზნესმიმართულებაა ყველაზე  პერსპექტიული დღეს საქართველოში და თავად რა საქმიანობას შეითავსებდით?

– მრავალი საინტერესო მიმართულება არსებობს. საქართველო ჯერ კიდევ ვითარდება და ბიზნესშიც ძალიან ბევრი სფეროა თავისუფალი. მე კონცენტრირებას მაინც ჩემს ბიზნესზე გავაკეთებდი, რადგან საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ამ სფეროს.

– თქვენი აზრით, როგორი უნდ იყოს ხელმძღვანელის ჩაცმულობა ბიზნესმოლაპარაკებებზე?

– განსაკუთრებული დრეს-კოდით ჩვენი კომპანია არ გამოირჩევა, ჩაცმის  სტილიც თავისუფალი გვაქვს. მართალია, არის შეხვედრები, სადაც ვცდილობთ უფრო სოლიდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ხაზი გავიუსვათ ჯინსის ელემენტს.

– რა თვისება განგაწყობთ პოზიტიურად ბიზნესპარტნიორების მიმართ?

– ზოგადად, გაცნობისას ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეფექტი. გამოცდილ ადამიანს არასდროს ეშლება ადამიანის ამოცნობა. პირადად მე პარტნიორებში პირველ რიგში სამართლიანობას და გულწრფელობას ვაფასებ.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი კომპანია?

– კომპანიაში 170-მდე ბედნიერი ადამიანია დასაქმებული. შეიძლება ითქვს, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ძალიან მეგობრულოი გარემო და უშუალო ურთიერთობა გვაქვს, რითაც ძალიან ვამაყობ.

– რა პრინციპით საზღვრავთ სეზონურ ტრენდებს?

– ტრენდებს ბრენდები საზღვრავენ წინასწარ, ჩვენ კი, უბრალოდ მივსდევთ ამ ტენდენციებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას.

– ვცდილობ სწრაფად მივიღო, თუმცა, არ მიყვარს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს თქვენს კომპანიას?

–  „სტილის დემოკრატიის მხარდაჭერა!“

– რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?

– ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ფინჯანი ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილაობით ჩვეულებრივ მწვანე ჩაის სვამ.

– სად ისვენებთ გადატვირტული სამუშაო დღის ბოლოს – აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– გადატვირთული დღის შემდეგ სპორტულ დარბაზში მივდივარ.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– კონკრეტული ფრაზა არ მაქვს, თუმცა ძალიან ხშირად ვეუბნები თანამშრომლებს, რომ „ჩვენ ძალიან მაგრები ვართ!“

– რომელია თქვენთვის ყველაზე კომფორტული ჩაცმის სტილი?

– თავისუფალი და ყოველდღიური.

– სად ან ვისთან ერთად ისვენებთ სიამოვნებით?

– ოჯახში ან მეგობრებთან ერთად.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ხატვა ნაკლებად მეხერხება, თუმცა გეომეტრიული ფიგურებს  დავხატავდი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– სამართლიანობა და პროფესიონალიზმი. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი, ერთგულება უნდა შეეძლოს და  ყოველთვის ლოიალური უნდა იყოს იმ კომპანიის ფასეულობების მიმართ, რომელშიც მუშაობს.

გადაცემის ჩანაწერი

6 დეკემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები