LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ონიანი: წარმატებას სჭირდება ბრძოლა

11

22 მაისს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” რეჟისორი ლაშა ონიანი სტუმრობდა.

როგორია თქვენი აკადემიური განათლება?

წლები სწრაფად გადის, ბავშვობიდან სცენას ვემსახურები, დავამთავრე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი, შემდეგ ფრანკფურტში რეჟისურის რამდენიმეწლიანი კურსები გავიარე, მხოლოდ ნიჭზე რომ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული.

რამდენად საინტერესოა თქვენთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობა?

ორივე პროფესია ერთმანეთთან არის მიჯაჭვული და ერთმანეთის გარეშე ალბათ შეუძლებელია, ყველაფერს სჭირდება თქმა, მოყოლა და ა.შ. ვფიქრობ, მსახიობის ოსტატობა ორივე პროფესიაში დიდ ადგილს იკავებს.

რამ განაპირობა არტთან ინტეგრირება, როდის მიხვდით, რომ რეჟისორობა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა?

რეჟისორობა აზრად არასოდეს მქონია, უფრო მსახიობობა, ცეკვა-სიმღერა, აკრობატიკა და სპორტის სახეობები მიტაცებს ძალიან და დღემდე მსახიობური მიმართულება უფრო არის ჩემი. ჩემში აღმოჩნდა ის რაღაც ნაწილი, რომელიც ძალიან თამამად მიშვებს დიდი ღონისძიებების დადგმებთან.

შარშან ამ დროს, თქვენ სტუმრობდით ჩვენს გადაცემას და საუბრობდით პროექტ ”სამოსელი პირველის” პრემიერაზე, რომელ მიმდინარე პროექტზე მუშაობთ ახლა?

რამდენიმე დღეში, გერმანიაში დაიწყება ჩემი პროექტი, რომელიც რვა წელზე მეტია მიმდინარეობს, ეს არის ქორეოგრაფიული დადგმები სასწავლო ორგანიზაციებში, სადაც ახალგაზრდები არიან და სადაც პირველ რიგში ვაქრობთ შემბოჭავ აზროვნებას – მსუქანი, გამხდარი და ა.შ. ეს ადამიანები ერთვებიან ამ ქორეოგრაფიულ დადგმებში და შემდეგ ჩვენ ამას ვიყენებთ სტადიონებსა და მოედნებზე პრეზენტაციებისთვის. როდესაც ეს პროექტი დავიწყე, სულ რაღაც სამი-ოთხი სკოლა მონაწილეობდა, დღეს კი ხუთამდე რეგიონში მიმდინარეობს. ჩვენ ვხსნით კომპლექსებს და ვერთიანდებით.

როდის დაიწყო ევროპული ცხოვრება?

დაახლოებით 2000 წელს, როდესაც მიმოდრამის თეატრის დამაარსებლებიდან მხოლოდ მე დავრჩი. შექსპირის ფესტივალზე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფნა არ ყოფნის უხმოდ და უსიტყვოდ გათამაშება. ეს სცენა რეჟისორ მერაბ სვირავას გაკეთებულია. გავხდი დიდი შოუ-დადგმის პირველი ავტორი, რომელშიც 180-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ეს იყო 2001 წელი და აქედან დაიწყო ჩემი ევროპული ცხოვრებაც.

მუშაობთ საქართველოშიც…

დიახ, თან დიდი სიამოვნებით. პირველ რიგში სამშობლოში ჩემი მოღვაწეობა არის ინტერესი იმისა, რომ ვიყო აქ. ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც ჩემი ნამუშევრების მიმართ არ ხდება ”ვაჭრობა”, რაც ჩემი ქვეყნის გარდა ყველგან ხდება. მე ვარ ჰონორარის ადამიანი, მე არ ვარ ხელფასის ადამიანი, მე არასოდეს მიმუშავია კაბინეტში და ველი შემოთავაზებებს, რომ გავაკეთო ის, რაც ვიცი.

რამდენად ჯანსაღი გარემოა ინსპირაციიის ხორცშესხმის შესაძლებლობის კუთხით?

ამ კითხვას არ ვიცი ხელოვანთა რამდენი პროცენტი გასცემს პასუხს, ან პასუხს ყველა გასცემს, მაგრამ რამდენად ხმამაღლა, ეს არის საკითხავი. ბაზისი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო და არის, თუმცა რამდენად ვითარდება, ეს ცალკე თემაა. თეატრალურ, სახელოვნებო სასწავლებლებში საჭირონი არიან ახალი თაობის სპეციალისტები. თაობები მოხუცებულობისკენ მიდიან, ამას ჩანაცვლება, ახალი ენერგია სჭირდება. ვინც საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ გავიდა, ძალიან კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან და ოდნავ მაინც დახარჯავენ აქ იქაურ გამოცდილებას.

სად ხედავს ლაშა ონიანი საკუთარ თავს დაახლოებით ხუთ წელიწადში?

ალბათ ისევ თეატრის სცენაზე, რადგან სცენის გარეშე არ შემიძლია.

პროფესია, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს გამოსცდიდით?

ეს იქნებოდა ინჟინერია, არქიტექტურა, ძალიან კარგად ვხაზავ, შემიძლია პროექტების სახე მივცე შენობებს.

უამრავ ქვეყანში გიწევთ მოგზაურობა, რომელი მათგანის კულტურაა თქვენთან ყველაზე ახლოს?

ალბათ იტალიელები, ესპანელები, ლათინურ ამერიკაშიც ცხელსისხლიანები არიან, მართლაც ვგავართ ხასიათით ერთმანეთს. ევროპაში იტალიელებთან კი ვართ ახლოს სითბოთი, მასპინძლობით, უბრალოდ ისინი ჩვენზე მეტს საუბრობენ. საქმის მიხედვით გერმანელები, შვეიცარიელები, ავსტრიელები, სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლები მოწესრიგებულები და ”სიტყვის კაცები” არიან.

საინტერესო მოგონება ხომ არ გაქვთ ეტიკეტის არ ცოდნის გამო?

ასეთი ძალიან ბევრია. გერმანიაში არის კუნძული რიუგენი, სადაც რამდენიმე ქალაქია გაშენებული. ასევე არის რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უვლიდნენ, ბოლოს მაინც გახდა საჭირო მისი აღდგენა. დარბაზში კი არის ადგილები, სადაც გვარებია მითითებული და თაობები უფასოდ ესწრებიან წარმოდგენებს. გავეშურეთ თეატრის მიკროავტობუსით, ჩვენი რეგიონიდან კუნძულამდე 1200 კილომეტრი გავიარეთ, ერთმა იქაურმა, ნომრებს რომ შეხედა მიხვდა, რომ ზარლანდიდან ჩავედით, გვიქნევს ხელებს, ჩამოვწიე ფანჯარა და რა ხდება ზარლანდშიო გვეკითხება… რომ დავილაპარაკეთ, მიხვდა რომ არ ვიყავით გერმანელები, ატყდა ხარხარი…

ყველაზე მოსახერხებელი ჩაცმის სტილი როგორია თქვენთვის?

ვერ ვიტან, როდესაც სარეპეტიციოში თბილა, უნდა გრილოდეს. სასურველია უმკლავო მაისური და თუკი პლასტიკაზეა რეპეტიციები, მაშინ ”ელასტიკი”. მსახიობები რთული ადამიანები არიან იმათთვის, ვინც არ არიან მსახიობები, ისინი ხომ დღეში რამდენიმენაირები არიან.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

ძალიან სწრაფად, შეიძლება ადამიანი ასაკოვანი იყოს, ეს ნიშნავს რომ ნელა ცხოვრობდა, ვერ მოასწრო ბევრი რამ და გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ მიიღო. 30 წლის ასაკში კი შეიძლება იმხელა გამოცდილება ჰქონდეს, რომ უცებ დასვას წერტილი.

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშიარდ ამბობთ დღის განმავლობაში?

როგორ გიკითხოთ?

აზრი რომელიც ახლა დაგებადათ თავში?

შემოგხედე და ვიფიქრე რა იგულისხმე…

თვისება რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ საკუთარ თავში?

სიმართლის თქმა.

პიროვნება, რომელსაც ნებისმიერ დროს მიმართავთ რჩევისთვის…

ეს არის გამოცდილი ადამიანი.

გურმანი ხართ?

დაახლოებით.

რომელ კერძს აკეთებ დიდი სიამოვნებით?

ვერ ვაკეთებ.

დაასრულეთ ჩარლი ჩაპლინის ფრაზა: ”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე…

… იყო შენც.

რომელი ფრაზით იმხნევებთ თავს წინაღობების დროს?

წარმატებას სჭირდება ბრძოლა.

როგორია დილა ლაშა ონიანისთვის?

დილა მუსიკით იწყება.

საღამოს მეგობრებთან ერთად ბარი თუ აუზი?

ბარი.

კოლექციორი ხართ?

არა.

გადაცემის სახელი, რომელსაც სტუმრობთ?

”წარმატების ფორმულა”.

რისი ხატვა გიყვართ?

პატარა კაცუნების და ქალუნების ხატვა, იმიტომ რომ მარტივია და ბევრის თქმა შეგიძლია.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გახდე წარმატებული?

პირველ რიგში მონდომება, არცერთ შემთხვევაში უკან დახევა და გამოცდილ ადამიანებთან, თუნდაც, მინიმალური დროის დახარჯვა.

პროექტი, რომელსაც გეგმავთ?

ვუმიზნებ გადავინაცვლო ეპოსების დადგმაზე. შეიძლება ვიყო იდეის ავტორიც. საქართველოში ეპოსები თუ დადგმულა, ალბათ შორეულ დროში, უახლოეს წარსულში მე არ მინახავს. ეს ახლოს არის სიმართლესთან და ზღაპრად არის გადმოცემული. ეპოსი ჩვენია, სახალხოა, არ ჰყავს ავტორი, ვინმეს ნათქვამს კი არ ვდგამთ, არამედ ვაკეთებთ ერის ხასიათს, ხალხის მონაყოლს, სწორედ ეს არის ეპოსი. ძალიან ახლოს ვიცნობ სვანურ ეპოსებს, ეს მითოლოგიური თემები ახლოს არის ამ ხალხთან და ეს ისტორები ნამდვილ ცხოვრებაშიც გადმოსულა. ძალიან მალე ვფიქრობ ამ ყველაფრის დაწყებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები