LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დიასამიძე: ”იცხოვრე ჯანსაღად!”

19

7 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის საავტორო გადაცემა ”წარმატების ფორმულა” ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეძღვნა. გადაცემაში სტუმრად მოწვეული იყო სნეპ-ფიტნესის დამფუძნებელი ლევან დიასამიძე.

საბანკო სექტორში ხანგრძლივი მუშაობის და თითქმის ყველა პოზიციაზე ძალების მოსინჯვის შემდეგ, ლევანმა საკონსულტაციო და ბიზნესფეროში მიიღო გამოიცდილება, მოგვიანებით კი, ფიტნეს-ცენტრიც დააფუძნა.

– პირველი სნეპ-ფიტნესი 2003 წელს გაიხსნა ამერიკაში, დღეს კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1600-მდე ცენტრი ფუნქციონირებს. ბატონო ლევან, როგორ მოახერხეთ უცხოელი პარტნიორების დაინტერესება და როგორ გადაიდგა პირველი ნაბიჯები?

– საკმაოდ რთული აღმოჩნდა უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება, რადგან საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა. თუმცა, რვათვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მაინც მოვახერხეთ მათი დათანხმება და გარკვეული მუშაობის შემდეგ პირველი ცენტრიც გავხსენით.

– დღეს საკმაოდ ბევრი ფიტნეს-ცენტრია თბილისში. რით განსხვავდება თქვენი სნეპ-ფიტნესი  სხვებისგან და რამდენად მაღალია მომხმარებელთა რაოდენობა?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალია. არის ქსელური და ერთეული ფიტნეს-ცენტრები. საერთო ჯამში ბაზარზე 12 000-მდე ადამიანია, რომელიც 5 წელიწადში სავარაუდოდ 50 000-მდე, ანუ ხუთჯერ გაიზრდება. ჩვენც საკმაოდ სწრაფი ტემპი გვაქვს აღებული. ჯერჯერობით ახალი გახსნილები ვართ, თუმცა დაგეგმილი პარამეტრები უკვე 33%-ით შევასრულეთ.

– რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი ცენტრის ფასები საშუალოშემოსავლიანი მომხმარებლისთვის? 

– აბსოლუტურად ხელმისაწვდომია, რადგან ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ფასზე. ჩვენი ხარისხი იმდენად მაღალია, თავისუფლად შეგვეძლო გავსულიყავით პრემიუმ-ბაზარზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ცენტრის გახსნას და ფართო მასებზე გასვლას ვგეგმავთ, ფასებიც მაქსიმალურად დაბალი ავიღეთ. ანუ ულიმიტო 24-საათიანი და 7-დღიანი აბონიმენტი სულ რაღაც 119 ლარი ღირს.

– თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია და არის თუ არა ეს თქვენთვის მთავარი მოტივაცია?

– რა თქმა უნდა, კონკურენცია ჩემთვისაც მოტივაციაა და მომხმარებლისთვისაც ძალიან სასარგებლო. ჩვენ საგრძნობლად ავწიეთ ზოგადად ფიტნეს-ცენტრების სტანდარტი – გვაქვს უახლესი ტექნიკა, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლის, იტალიური კომპანიის ”ტექნოჯიმის” პროდუქციაა, ასევე საუკეთესო სავენტილაციო სისტემა. ჩვენს ცენტრში ჟანგბადი საათში ერთხელ იწმინდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ეს ის პარამეტრებია, რომელიც სხვებსაც აიძულებს ამ მიმართულებით იმოძრაონ.

– არის თუ არა ფიტნეს-ცენტრი მომგებიანი ბიზნესი დღევანდელ ბიზნესგარემოში? 

– ვფიქრობ, რომ მომგებიანია, რადგან გაამართლა კონცეფციამ. თუმცა, ახლა ამ ბიზნესში ადგილის დამკვიდრება საკმაოდ გართულდა, სწორედ ჩვენს მიერ დანერგილმა სტანდარტებმა ასწია ბარიერი ბევრად უფრო მაღლა. 

– ზოგადად, რამდენად ხელსაყრელი პირობებია დღეს საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის?

– რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, ბიზნესის გასავითარებლად არც მაინცდამაინც ხელსაყრელი მომენტია. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ პროექტი უკვე დაწყებული გვქონდა და საკმაოდ ბევრიც ვიმუშავეთ, გადავწყვიტეთ  ბოლომდე მიგვეყვანა და ბაზარზეც შევსულიყავით. ვფიქრობ, მიუხედავად ყველა სირთულისა, ბაზარი მაინც აიტანს ამ პროექტს.

– როგორც დამსაქმებელი, როგორ შეაფასებდით პროფესიონალიზმს ამ სფეროში და რამდენად რთულია საჭირო კადრების მოძიება?

– ძალიან რთული აღმოჩნდა პროფესიონალი კადრების მოძიება. 500-მდე კანდიდატს შევხვდით, პირადად მეც ვიყავი ჩართული ამ პროცესში და საუკეთესო კადრები შევარჩიეთ. თუმცა, უახლოეს მომავალში სპეციალური ტრეინინგ-ცენტრის გახსნას ვგეგმავთ, რომელიც ჩვენთვისაც და ზოგადად ბაზრისთვისაც მოამზადებს სპეციალისტებს.

– დასაქმების ფორუმებში თუ მიიღეთ მონაწილეობა?

– ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროცესში.

– რამდენი ადამიანია დღეს თქვენს ცენტრში დასაქმებული?

– კლუბში 25 ადამიანი მუშაობს, უახლოეს მომავალში, კიდევ ხუთის დამატებას ვაპირებთ.

 – თავად თუ მისდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს?

– აუცილებლად. ბოლო ორ წელიწადში ფიტნესი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი ცხოვრების სტილი გახდა.

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ როგორ შეიძლება განტვირთვა თქვენს ცენტრში?

– მე სამსახურის შემდეგ აუცილებლად სნეპ-ცენტრში მივდივარ, სადაც ვარჯიშთან ერთად დადებითი ემოციებითაც ვიმუხტები. ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა ჩვენთან შექმნილი, ჟღერს კარგი მუსიკა, არის ბარი და კრივის სექცია, სადაც ნებისმიერს შეუძლია დაიცალოს ნეგატიური ემოციებისგან.

– რამდენად იმოქმედა თქვენზე ლარის კურსის ვარდნამ?

– სამწუხაროდ გვქონდა პრობლემები. ჩვენი ინვესტიციის 90% უცხოურ ვალუტაშია, ასე რომ გარკვეული სირთულეები ჩვენც შეგვექმნა.

– ბატონო ლევან, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში და როდის გადაწყვიტეთ მოღვაწეობის სფეროდ ბიზნესი აგერჩიათ?

– ბავშვობაში მფრინაობაზე ვოცნებობდი. საავიაციო ინსტიტუტში ჩავაბარე და დავამთარე კიდეც. სამწუხაროდ, საქართველოში ეს სფერო ნაკლებადაა განვითარებული, ამიტომ გარკვეული გადამზადების შემდეგ ბანკში აღმოვჩნდი, მოგვიანებით კომპიუტერული ტექნიკის ბიზნესი წამოვიწყე მეგობრებთან ერთად და მაღაზიების ქსელიც გვაქვს, რამდენიმე თვის წინ კი, ფიტნესის ბიზნესში გადავწყვიტეთ შესვლა.

– თქვენი აზრით, რომელი ბიზნესმიმართულებაა დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი?

– საკმაოდ რთულია ამაზე მსჯელობა. ერთ-ერთ დარგად ტურიზმი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, საჭიროა სწორი კონცეფცია, რომელიც ჯერ არ ჩანს.

– როგორია სნეპ-ფიტნესის სამომავლო გეგმები?

– უახლოეს წელიწადნახევრში თბილისში ექვსი, რეგიონებში კი – ოთხი ცენტრით ვაპირებთ გაფართოებას. დასაქმებას რაც შეეხება – თუ ერთ კლუბში 30 თანამშრომელი გვყავს, მაშინ სამომავლოდ საერთო ჯამში 300-მდე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ.

– როგორც იცით, საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ფინანსების მართვა. რას გვირჩევდით თქვენ, როგორც გამოცდილი ბიზნესმენი?

– ზოგადად ძალიან რთულია რჩევის მიცემა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს იმდენად მწირი შემოსავალი აქვს, ელემენტარულ ხარჯებზეც არ ჰყოფნის. თუმცა, პირველ რიგში ყველას მაინც ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას ვურჩევდი, მიუხედავად მისი სიმცირისა. მერე კი, თანხის ამ ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვას.

ფიტნეს-ბიზნესის შემდეგ, თქვენს სხვა საქმიანობასაც რომ შევეხოთ, რამდენად მომგებიანია დღეს კომპ-შოპი?

– მოთხოვნა ბაზარზე დღეს მნიშვნელოვნად შემცირდა. სერიოზული რყევებია, რამაც მრავალი კომპანიის გაერთიანება გამოიწვია. ჩვენ ამ ეტაპზე მცირე მოგებას და განვითერებას ვინარჩუნებთ, რაც ვფიქრობ არსებული კრიზისის ფონზე საკმაოდ კარგი შედეგია.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესეტიკეტის ცოდნა?

– ვფიქრობ აუცილებელია, რათა ქართულმა ბიზნესმა შეძლოს სრულფასოვანი ინტეგრირება მსოფლიო ბიზნესში. უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას ჩვენს ძალიან გვეხმარება ეტიკეტის ცოდნა.

– რას ფიქრობთ ბიზნეს-ეთიკაზე?

– სამწუხაროდ, ბიზნეს-ეთიკაზე საქართველოში ძალიან ცოტა კომპანია ფიქრობს. ჩვენ ეს მიმართულება საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული.

– სამაგიდო ბიზნესლიტერატურა თუ გაქვთ და რომელ წიგნს გამოარჩევდით?

– ჩემი ბიზნეს-ლიტერატურა ძირითადად ფინანსების სფეროს მიეკუთვნება. განსაკუთრებით გამოვყოფდი დეილ კარნეგის წიგნს, რომელიც დიდი ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ დღესაც ძალიან მეხმარება მოლაპარაკებების დროს.

– ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრისას რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ვფიქრობ, ნებისმიერი ბიზნესმენისთვის გაცნობის პირველი რამდენიმე წუთია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ეს განაპირობებს წარმატებას. გარდა ამისა, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი შეთანხმება არ შედგება, თუ ორივე მხარე არ დარჩა მოგებული, ანუ პროექტს სხვისი თვალითაც უნდა შეხედო და საკუთარ სარგებელთან ერთად ისიც  გაითვალისწინო, რა სარგებელს მოუტანს პროექტი შენს პარტნიორებს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ზოგადად სწრაფად ვირებ, თუმცა ეს მაინც გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

– რა არის სნეპ-ფიტნესის სლოგანი?

– ”იცხოვრე ჯანსაღად!”

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– ”YES” და ”OK”

თქვენი აზრით, როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– ჩემი აზრით სამართლიანი ხელმძღვანელი ვარ.

კითხვა, რომელიც ჟურნალისტებისგან ყველაზე მეტად გაღიზიანებთ?

– მემგონი ასეთი კითხვა არ არის.

– თქვენს მაგალითზე, რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად?

– ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და მივხვდი, რომ პირველ რიგში აუცილებელია ოცნება, მერე კი, ამ ოცნებისკენ სწრაფვა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ და არასდროს არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები. მთავარი ესაა! დანარჩენი ყველაფერი მიღწევადია და ყველა პრობლემა გადაიჭრება.

– როგორ უნდა გადალახოს ადამიანმა წინაღობა და რამდენად რთულად მოდის წარმატება?

– საკმაოდ რთულია წარმატების მიღწევა. ყველაფერი კონკრეტულ შემთხევაზეა დამოკიდებული, თუმცა, ნებისმიერმა ძალიან ბევრი უნდა იფიქროს და წარმატების მიღწევაც სხვადასხვა ხერხებით სცადოს.

აუდიო ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები