LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სონღულაშვილი: “საკმაოდ დიდხანს ვფიქრობ, მერე კი, ერთი ამოსუნთქვით ვხატავ”

4

19 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” მხატვარი ლევან სონღულაშვილი სტუმრობდა, რომლის ნამუშევარი ”მედუზა” სულ ცოტა ხნის წინ ”სოტბის” აუქციონზე გაიყიდა.

– ლევან, რა გეგმებით ჩამოხვედით საქართველოში?

– საქართველოში ორი თვით ჩამოვედი. რა თქმა უნდა, გარკვეული გეგმები მაქვს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ვისვენებ და იმ ადამიანებს ვხვდები, ვისთანაც მომავალში ვაპირებ თანამშრომლობას. შესაძლოა წასვლამდე რამდენიმე მასტერ-კლასი მოვაწყო და ლექციების კურსიც ჩავატარო.

– რამდენადაც ვიცი, პერსონალური გამოფენის გაკეთება გინდათ, რა ტიპის ნამუშავრები იქნება წარმოდგენილი ექსპოზიციაზე?

– მუდმივად ვატარებ ექსპერიმენტებს, რათა პირველ რიგში იდეა ჩამოყალიბდეს, შეიქმნას გარკვეული კონცეფცია და სწორედ ამ კონცეფციის მიხედვით ავაგო ისეთი ნამუშევარი, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა სხვა მხატვრის ნამუშევრებისგან. ორი პერსონალური გამოფენა უკვე მქონდა საქართველოში, თუმცა ახალი გამოფენა, რადიკალურად  განსხვავებული იქნება, რადგან ჩემი ძველი და ახალი ნამიუშევრების ერთგვარ სინთეზს წარმოვადგენ.

– ძალიან ბევრ უცხოელ მხატვართან მეგობრობთ, აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია საქართველოზე?

– ბევრს ჩვენი ქვეყანა ამერიკის შტატი ჰგონია, რადგან ინგლისურად ორივეს ერთი სახელი – ”ჯორჯია” აქვს. თუმცა, ჩემი აქცენტის წყალობით მალე ხვდებიან, რომ ქართველი ვარ და სულ სხვა ”ჯორჯიაზეა” საუბარი. მაქსიმალურად ვცდილობ გავუწიო პოპულარიზაცია ქართულ კულტურას, რასაც ყველაზე კარგად დამწერლობით ვახერხებ. სხვათაშორის, ”facebook”-ში ჩემი სახელი ქართული შრიფტით მაქვს გაკეთებული. გარდა ამისა, მინდა ჩემი სადიპლომო ნამუშევარი გარკვეულწილად ქართულ კალიგრაფიას მივუძღვნა.

– ჩვეულებრივ, რამდენ საათს უთმობთ ხატვას?

– დილის 9 საათზე ვიწყებ და მეორე დღის გათენებამდე ვმუშაობ.

– რომელ ნამუშევარს მოანდომეთ ყველაზე ცოტა დრო?

– ”მედუზა” შევქმენი სულ რაღაც ორ საათში. ჩემთვის დროს არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობ, მერე კი, ერთი ამოსუნთქვით ვხატავ.

– რას ურჩევდით იმ ნიჭიერ მხატვრებს, ვისი ნამუშევრებიც ჯერჯერობით არ სარგებლობენ პოპულარობით საზღვარგარეთ?

– პირველ რიგში, ყველას სოციალურ ქსელში გააქტიურებას და საკუთარი შემოქმედების მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გაცნობას ვურჩევ, რადგან სწორედ სოციალური ქსელებით კეთდება აღმოჩენები, რასაც მომავალში სერიოზული დაინტერესებაც მოჰყვება.

– საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავთ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას?

– ნოემბრის დასაწყისში, ბრუკლინის მუზეუმში უზარმაზარი პროექტი ხორციელდება, რომელშიც 21 საუკეთსო მხატვარი მონაწილეობს და ერთ-ერთი მათ შორის მე ვარ. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ბრუკლინის მუზეუმისგან შეტყობინება მომივიდა, აღმოჩნდა, რომ მუზეუმის  ისტორიაში პირველად, მისი მუდმივი წევრი მხატვარი გავხდი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები