LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სონღულაშვილი: „სერიოზულად ვარ გატაცებული, რაც ალბათ ჩემს განწყობაზეც აისახა”

29

გადაცემის ლაივი LIVE

17 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მხატვარი ლევან სონღულაშვილი სტუმრობდა, რომელმაც გალერეაში „N1“ მოწყობილ გამოფენაზე ისაუბრა.

– ლევან, უამრავი პრემიის, მათ შორის საკმაოდ პრესტიჟული წოდების ArtistADay პირველი ქართველი მფლობელი ხართ. კონკრეტულად რას წარმოადგენს პლატფორმა ArtistADay?

– პლატფორმას რამდენიმე მილიონი ვიზიტორი ჰყავს, რეიტინგს კი, პროფესიონალები ადგენენ. საერთოდ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ნებისმიერ რეტინგს და ხელოვანისთვის სტატუსის მინიჭებას, თუმცა არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებით, კრიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავლენენ წლის საუკეთესო ხელოვანთა ათეულს. 2 იანვარს გასული წლის საუკეთესო ხელოვანები დასახელდა, მე კი, პირველი ქართველი გავხდი, ვინც რეიტინგის ლიდერი პოზიცია მოიპოვა.

– უამრავი ცნობილი ადამიანის კოლექციას ამშვენებს თქვენი ნამუშევრები, რამდენად ინტერესდებიან ვარსკვლავები თქვენი შემოქმედებით?

– მართალია, ვარსკვლავები აქტიურად ინტერესდებიან ჩემი შემოქმედებით, მაგრამ ჩემი ნამუშევრები არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო კოლექციებშიც მრავლადაა, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში, რომელიც ამერიკელი როკ-ლეგენდის იგი პოპის პორტრეტების მფლობელია. უნიკალურ პროექტში მონაწილეობა და იგი პოპის ერთგვარი, ვიზუალური ბიოგრაფიის შექმნა ტერნერის პრიზის მფლობელმა ბრიტანელმა კონცეპტუალისტმა არტისტმა ჯერემი დელერმა შემომთავაზა.  ზოგადად, ადამიანის ისტორია ფოტო და ვიდეომასალით იქმნება, ჩვენ კი, ტრადიციული მედია ახალი ინტერპრეტაციით გამოვიყენეთ და მუსიკოსის 70-წლიანი ცხოვრება და შემოქმედება სხეულის ფორმებით გადმოვეცით. ბრუკლინის მუზეუმში მანამდე არასდროს ყოფილა წარმოდგენილი ქართველ ხელოვანთა შემოქმედება, ახლა კი, საძიებო სისტემაში საქართველოს პოვნაც შეიძლება, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ჩემი ნამუშავრებით არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენი ქვეყანაცაა წარმოდგენილი.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი შემოქმედებით განსაკუთრებით ცნობილი მსახიობი ბრუკ შილდსი დაინტერესდა

– როგორც ჩანს, საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ჩემი ცნობილ ადამიანეთან მეგობრობის თემა. შილსდმა პირველად 2015 წელს ნახა ჩემი ნამუშევრები და ერთ-ერთის შეძენის სურვილი გაუჩნდა, რომელიც სხვა კოლექციონერის საკუთრება აღმოჩნდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მაინც მოახერხა ჩემი ნახატის შეძენა. ინტერესი ვარსკვლავების მხრიდან ჩემი შემოქმედების მიმართ მართლაც დიდია, თუმცა ამ თემაზე საუბარს ყოველთვის გავურბივარ და არასდროს ვსაზღვრავ ადამიანებს სტატუსის მიხედვით, რადგან ჩემთვის მისი ინტელექტი, შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, ყოველთვის ვინტერესდები იმ კოლექციონერებით, ვისაც ჩემი ნამუშევრების შეძენა სურთ, რადგან მინდა ვიცოდე, სად გააგრძელებს ჩემი ნახატი ცხოვრებას.

– რას გრძნობთ, როცა საქართველოში აწყობთ ექსპოზიციას?

– საზღვარგარეთ გამგზავრებამდე რამდენიმე, მათ შორის ორი პერსონალური გამოფენა მოვაწყვე საქართველოში და ერთგვარი პაუზა ავიღე. მართალია, შეთავაზება ბევრი იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ყოველთვის თავს ვიკავებდი. მერე კი, ნიუ-იორკში გალერეა „ერთის“ თანადამფუძნებელს თამუნა ნემსიწვერიძე შევხვდი, რომელმაც ევროპული ტურის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა და მეტად საინტერესო პროექტის განხორციელება შემომთავაზა. ნამუშევრების ნაწილი ნიუ-იორკიდან ჩამოვიტანე, ნაწილი კი, ორთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენი და შეიძლება ითქვას, ერთგვარი მულტიმედიური პროექტი წარმოვადგინე, რომელმაც ნახატების სერია „სტიქსი“, ინსტალაცია System of Object და ლანდშაფტის ნაწილი გააერთიანა. ასე რომ, დამთვარიელებელს მეტად მასშტაბური გამოფენა ელის, რომელიც 4 აპრილს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდება.

– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რამდენად ითვალისწინებთ კრიტიკას?

– ვფიქრობ, საზოგადოებაში კრიტიკის და პირველ რიგში თვითკრიტიკის კულტურაა ასამაღლებელი. ზოგადად ხელოვანისთვის აუცილებელია საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება და ყველა ნაკლისა თუ ღირსების შეფასება. პირადად მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ, სხვის აზრს კი, ყოველთვის ვუუსმენ, ვაანალიზებ და მხოლოდ მაშინ ვითვალისწინებ თუ განვითარებასა და ახლის აღმოჩენაში მეხმარება.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფერი?

– იდეიდან გამომდინარე ნებისმიერი ვიზუალურად მოაზროვნე ხელოვანი თავად წყვეტს როგორი უნდა იყოს მისი ნამუშევარი – ფერადი თუ შავ-თეთრი, თბილი უნდა იყოს ფერები თუ ცივი, შესაძლოა მხოლოდ ერთი ფერი იყოს გამოყენებული და სწორედ მან განსაზღვროს ავტორის ჩანაფიქრი. „სტიქსის“ სერია – გარდატეხის, ცნობიერიდან არაცნობიერში გადასვლის იდეაა, ამიტომ ავირჩიე დამჯდარი ფერები, ნახევარტონები, გრადაციები და არა მკვეთრად გამოხატული შავი და თეთრი.

– უსმენთ თუ არა  ხატვის დროს მუსიკას და გაქვთ თუ არა საყვარელი კომპოზიცია?

– ძალიან მიყვარს მუსიაკა. ბავშვობაში დამოუკიდებლად შესწავლაც კი გადავწყვიტე და სმენით ვუკრავდი ფორტეპიანოზე. დღესაც ვუკრავ, თუმცა, ეს უფრო მედიტაციაა, რის შემდეგაც ხატვას ვიწყებ და სიამოვნებით ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიაკს განწყობის მიხედვით.

– სად ისურვებდით გამოფენის მოწყობას?

– მართალია, მეოცნებე ვართ, მაგრამ მიზანი უფრო მეტი მაქვს. დიდ დროს ვატარებ სახელოსნოში, ბევრს ვფიქრობ, მერე კი, ნააზრევის რეალიზაციას ვცდილობ და ნაკლებად ვოცნებობ თუ სად გამოვფენდი საკუთარ ნამუშევრებს.

– ხართ თუ არა შეყვარებული?

– სერიოზულად ვარ გატაცებული, რაც ალბათ ჩემს განწყობაზეც აისახა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები