LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუა: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს შემოქმედებას აფასებენ

16

26 იანვარს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა ”არტ-FM” როგორც ყოველთვის უხვსტუმრიანი იყო.

გადაცემის პირველ ნაწილს მაია ჯაბუა და ელდარ შენგელაია სტუმრობდნენ.

– ქალბატონო მაია, რა შეგრძნებაა, როცა ვარსკვლავს გიხსნიან და როგორ ემზადებით დაგეგმილი კონცერტისთვის?

– რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს შემოქმედებას აფასებენ და ვარსკვლავს გიხნიან. რაც შეეხება დაგეგმილ კონცერტს – ეს ერთგვარი ანგარიში იქნება, რომლითაც მსმენელის წინაშე წავრსდგები. ორკესტრთან ერთად შევასრულებ ძველ სიმღერებს  ნიკოლოზ რაჭველის ახალი არანჟირებით. 

– როგორ შეარჩიეთ კონცერტის მონაწილეები?

– ის მომღერლები შევარჩიე, რომლებთანაც შემოქმედებითი თანამშრომლობა მქონდა. თამრიკო ჭოხონელიძესთან და ეკა კახიანთან ტრიოში ვმღეროდი, თემურ თათარაშვილთან კი, დუეტი მქონდა. კონცერტში მონაწილეობას დათო ევგენიძე და ჩემი ქალიშვილი ლიზაც მიიღებენ, რომელიც ჩემს ძველ სიმღერას შეასრულებს.

– ბატონო ელდარ, რას ნიშნავს ვარსკვლავის გახსნა თქვენთვის?

– ცხადია, ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ძალიან მიხარია, რომ რუსთაველის თეატრის წინ ჩემი ვარსკვლავი გაიხსნა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ის, დედაჩემის – ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით იქნება.

– გამორჩეულ დღეს ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

– რთული სათქმელია, რადგან უამრავი ბედნიერი დღე მქონდა. ბოლო კანის კინოფესტივალზე იყო, როცა 1000 ფილმიდან 10 შეირჩა, მათ შორის ჩემი ”ცისფერი მთებიც” მოხვდა და გამრჯვებაც მოიპოვა.

– ბატონო ელდარ, რამდენადაც ვიცი, ახალ ფილმზე იწყებთ მუშაობას.

– ჯერ მხოლოდ სცენარი მაქვს. ჩემი აზრით კარგი ნამუშევარია, ჩემმა მეგობრებმა წაიკითხეს და ძალიან მოეწონათ. ეს სატირული მოთხრობაა, ”სავარძელი” ჰქვია და იმ მინისტრზეა, რომელსაც ძალაუფლებისკენ სწრაფვაში ყველაფერი ავიწყდება. სცენარი არის, თუმცა არ არის დაფინანსება. კინოცენტრმა ჩემი სცენარი ჩაჭრა, თუმცა იმედი მაქვს ახალი მთავრობის პირობებში მაინც მოიძებნება თანხები.

გადაცემის მეორე ბლოკს თემურ გუგუშვილი, მაკო ფაცურია, თამარ ივერი და დავით კინწურაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სეზონის გახსნაზე ისაუბრეს.

– ბატონო თემურ, რას ნიშნავს თქვენთვის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა?

– ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მათთვის, ვინც თეატრში მუშაობდა და მუშაობს, რადგან ეს ჩვენი მეორე სახლია. საინტერესოა როგორი იქნება განახლებული თეატრი. დარბაზი თითქოს იგივეა, თუმცა დეტალები მაინც შეცვლელია.

– რამდენად განსხვავებული იქნება ახალი ”აბესალომ და ეთერი” წინა დადგმებისგან.

– რა თქმა უნდა, მუსიკა არ იქნება განსხვავებული, რადგან ფალიაშვილის უკვდავი ოპერა საქართველოს სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. ცვლილება დადგმაში და მხატვრობაში იქნება. წინა დადგმა ბატონ მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის, მხატვრობა კი, გოგი ალქსი-მესხიშვილს. ახალ დადგმაში ისევ ალექსი-მესხიშვილის მხატვრობა იქნება წარმოდგენილი შეცვლილი დეკორაციებით და კოსტიუმებით.

როგორც მოგეხსენებათ, ”აბესალომ და ეთერი” ყოველთვის სტატიკური ოპერა იყო, მინიმალური მოძრაობით. ითვლება, რომ მომღერლისთვის რთულია ერთდროულად მოძრაობაც და სიმღერაც. ბატონმა გიზომ ეს მითი დაანგრია და ერთგვარად გამოაცოცხლა წარმოდგენა. ჩემი აზრით სცენაზე მოძრაობა უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა, ამიტომ ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვა წარმოდგენა. იმედი მაქვს, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 21 თებერვლის წარმოდგენა იქნება, რადგან სწორედ 1919 წლის 21 თებერვალს შედგა ”აბესალომ და ეთერის” პირველი პრემიერა, რომელსაც თავად ავტორი დირიჟორობდა.

– ბატონო თემურ, ”აბესალომ და ეთერის” შემდეგ კიდევ რა სანახაობას პირდებით მაყურებელს?

– რეპერტუარი ჩემი კომპეტენცია არაა, თუმცა, ვიცი, რომ  რამდენიმე ძველი და ახალი სპექტაკლის დადგმა იგეგმება. აღდგება ”ატილა” და ”ნაცარქექია”, რომელიც საკმაოდ მოძრავი და მხიარული საბავშვო სპექტაკლია, ”ჯამბაზებს” ბატონი თემურ ჩხაიძე აღადგენს და საბალეტო წარმოდგენებსაც თუ დავუმატებთ, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება მაყურებელს.

– ქალბატონო მაკო, ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას ერთკვირიანი გრანდიოზული ღონისძიებები მიეძღვნა. კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავთ?

– ღონისძიებები უკვე დაიწყო. კვირეული ზაქარია ფალიაშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის და ვიქტორ დოლიძის ოპერების პარტიტურების გამოფენით გაიხნა, რომელიც კინოსა და თეატრის მუზეუმში მოეწყო, იქვე გამოიფინა უნიკალური საბალეტო და საოპერო კოსტიუმებიც.

– ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ მოგწონთ ”აბესალომ და ეთერის” ახალი დადგმა და რითია ის გამორჩეული თქვენთვის?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეატრის გახსნა. მამაჩემი ოპერის მომღერალი იყო და პრაქტიკულად მთელი ბავშვობა თეატრში გავატარე. 4 წლიდან ”კარმენის” გუნდში ვმღეროდი ოდისეი დიმიტრიადთან, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე და სტუდენტობის წლებში ბათუმის თეატრში გამოვდიოდი, რომელიც ახალი გახსნილი იყო და დამწყებ მომღერლებს სწორედ იქ გვქონდა საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალება. მოგვიანებით ევროპაში წავედი და სამწუხაროდ, თბილისის ოპერაში სპექტაკლები არ მქონია, ამიტომ ჩემთვის ათმაგად ამაღელვებელია, რომ ჩემი დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში სწორედ ეთერის პარტიით შედგება.

 – რომელი როლის შესრულებას ნატრობთ ყველაზე მეტად?

– ძალიან მიყვარს ამელიას როლი ”ბალ-მასკარადიდან”. მახსოვს, ბატონ მიხეილ თუმანიშვილს ჰქონდა გაკეთებული ძალიან ლამაზი დადგმა. თუ აღდგება, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.

– ბატონო თემურ, თქვენთვის რომელია სანატრელი როლი?

– შესრულებული როლებიდან, ჩემთვის მაინც აბესალომია ყველაზე ახლობელი. შემიძლია გამოვყო პარტიები ოპერებიდან ”ტოსკა” და ”აიდა”.

– ქალბატონო თამარ, რამდენდაც ვიცი ძალიან ბევრი მიწვევა გაქვთ უცხოეთიდან. უფრო კონკრეტულად სად უნდა ველოდოთ თქვენს გამოჩენას?

– მალე ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს, თუმცა ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ. საქართველოში უკვე იყო რამდენიმე გამოსვლა დაგეგმილი, რომელებსაც მერე გარკვეული ექსცესები მოჰყვა. ზოგადად საოპერო სამყაროში დღეს საკმაოდ სერიოზული კრიზისია და ბევრი დადგმა უქმდება. იტალიაში რამდენიმე წარმოდგენა გადაიდო დაფინანსების არ ქონის გამო, ამიტომ არაა სასურველი კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ზედმეტი აფიშირება.   

– ქალბატონო თამარ, რა ღირს დღეს მსოფლიო საოპერო თეატრებში სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები?

– ვენის ოპერაში ბილეთის ფასი 60 ევროდან იწყება და 250 ევროს აღწევს. ზალცბურგის ფესტივალზე კი, 250 ევროსა და 600 ევროს შორის მერყეობს. ფესტივალებზე დასწრება ჩვეულებრივ ძალიან ძვირია, რადგან ის ადამიანების გარკვეული კატეგორიისთვის – უფრო ელიტისთვისაა განკუთვნილი. ზოგადად ითვლება, რომ საოპერო მუსიკას ძირითადად უფროსი თაობა უსმენს, ახალგაზრდები კი, თანამედროვე მუსიკას ირჩევენ. თუმცა, თითქმის ყველა თეატრს აქვს შეღავათების სისტემა. არსებობს ფეხზე დასადგომი და სტუდენტური ადგილები ასევე აბონიმენტები პენსიორებისთვის.

– ბატონო დავით, როგორია საფასო პოლიტიკა საქართველოში?

რამდენადაც ვიცი, ბილეთის ფასი 25 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე აღწევს.

– ფასები თავისუფალი და მოთხოვნაზე ორიენტიურებული იქნება. ჩვენ ყველა კატეგორიის მსმენელის შესაძლებლობები გავითვალისწინეთ და მათ მრავალფეროვანი პაკეტები შევთავაზეთ, გვექნება გარკვეული შეღავათებიც.

– ბატონო თემურ, რამდენად ხშირად გაგაქვთ საზღვარგარეთ ”აბესალომ და ეთერი”?

– სპექტაკლი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაიდგა, გვქონდა გამოსვლები ვაიმარსა და მინსკშიც. მსოფლიოში უკვე დიდი ხანია იტალიური მუსიკა მეფობს, ქართულ საოპერო ხელოვნებას კი, ნაკლებად იცნობენ. თუმცა, ვინც ჩვენი დადგმა მოისმინა, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. გარკვეული ბარიერია, ქართული ენაც, რომელიც საკმაოდ რთული აღსაქმელია უცხოელისთვის. გარდა ამისა, თეატრის ხელმძღვანელობის ნება უნდა იყოს, რომ წარმოდგენა საზღვარგარეთ გავიდეს. ჩვენს ყოფილ დირექტორს არ მოსწონდა ”აბესალომ და ეთერი” და საერთოდ არ უნდოდა მისი დადგმა. ქართველი თუ არა დააფასებს საკუთარ ხელოვნებას, სხვა მითუმეტეს არ დააფასებს.

– ქალბატონო თამარ, რატომ იხსნება სეზონი მაინცდამაინც ”აბესალომ და ეთერით”?

– თეატრის ან სეზონის გახსნა ყოველთვის გამორჩეულია და სწორედ იმ სპექტაკლით უნდა გაიხსნას, რომელიც ყველაზე ძვირფასია.

 – ბატონო დავით, თქვენ რას იტყვით?

– ”აბესალომ და ეთერი” ჩემთვისაც და ზოგადადა ქართული მუსიკის ისტორიისთვისაც ძალიან დიდი მოვლენაა, ჩვენი სიამაყე და ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

– გეგმავთ თუ არა სპექტაკლის საზღვარგარეთ გატანას?

– რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი გავთვალეთ და სპექტაკლი მაქსიმალურად მობილური გავხადეთ. ასე რომ, აუცილებლად წარვადგენთ ჩვენს ტრადიციებს საზღვარგარეთ.

– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სეზონის გახსნას მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასეთი ფრაზაც კი გაჟღერდა: ”მხოლოდ ის დაესწრება, ვინც ამის ღირსიაო”.

– ბევრჯერ გავაკეთე ამაზე კომენტარი და ვთქვი, რომ ეს ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციაა. საუბარი არა ღირსებზე და ღირსეულებზე იყო, არამედ მათზე, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე ელოდა თეატრის გახსნას. პირველ რიგში ჩვენს დასს ვგულისხმობ, მომღერლებს და ღვაწლმოსილ ადამიანებს.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

IMG_0706

IMG_0708

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები