LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარი მილორავა: “სელფის პოპულარობამ დამარწმუნა, რომ სარკე არა მარტო ქალებისთვის ყოფილა საინტერესო”

მისი ბლოგი ძირითადად რჩევებს მოიცავს, რჩევებს – ქალბატონებისთვის და არა მარტო… წლების წინ სახეულის საკორექციო ცენტრი დაარსა. პაციენტებს ბევრი შეკითხვა ჰქონდათ, რის გამოც ბლოგის გაკეტება გადაწყვიტა. გადაცემის “ბლოგერები საუბრობენ” სტუმარია მარი მილორავა.

 

– დიდი ხანია ვმუშაობ იმ საკითხებზე, რომელმაც ამ თემებამდე მიმიყვანა. მაქვს 2003 წლიდან სხეულის საკორექციო ცენტრი “Body Care”, სადაც ჩემი მეთოდებით ხდება გახდომა, კორექცია და სხეულის ფორმების შეცვლა აპარატურით, მასაჟებით და დიეტებით. საერთოდ მომხრე ვარ კომპლექსური მეთოდების. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სხეული ცოცხალი ორგანიზმია და ერთხელ და სამუდამოდ მისი გახდომა-კორექცია არ არსებობს. ამიტომ წლების განმავლობაში ბევრი შეკითხვა შემომსვლია პაციენტებისგან ამ თემაზე. ნელ-ნელა დავიწყე ,,დაკვალიანება” –  როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ეფექტი. ვასწავლი სპეციალურ ვარჯიშებს გარკვეული ადგილებისთვის, ჭამის რეჟიმს და საკვების მომზადების ტექნოლოგიას. ეს ის ძირითადი მეთოდებია, რომელთა საშუალებით ადამიანი ინარჩუნებს ჯანმრთელობას, სილამაზეს და ცხოვრების ხალისს, ამ უკანასკნელის გარეშე შედეგის შენარჩუნება ძნელია. წამოვიდა შეკითხვები – როგორ მოვუაროთ თავს ყოველდღიურ რეჟიმში ბუნებრივი საშუალებებით. პროფესიონალური პროცედურების შედეგი რომ შევინარჩუნოთ დიდხანს, ან ზოგჯერ ფინანსური პრობლემის გამო ნაწილობრივ მაცივარმა უნდა შეგვიცვალოს კოსმეტოლოგთან ვიზიტი. ყველაფერ ამაზე ფიქრმა და საუბარმა საბოლოოდ მიმიყვანა აზრამდე, რომ შემექმნა ჩემი ბლოგი, სადაც ამ დაგროვილ პროფესიულ ცოდნას მივაწოდებდი ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ინტერნეტ–რეკლამების იმედად არიან და არ იციან, რითი დაიწყონ და რა გზას დაადგნენ. ჩემს ბლოგში გავაერთიანე სწორი კორექციის მეთოდები, თავის მოვლა (სახე, ტანი, ხელი, ფეხი, თმა), ასევე კვება (კვების რეჟიმი, სეზონური დიეტები). დიდი ყურადღება ექცევა სეზონურ პროდუქტებს, რომლებიც სეზონზე მაქსიმალურად დატვირთულია ვიტამინებით და მინერალებით. სეზონურად განიხილება თითოეული მათგანი, რისთვისა არის კარგი, ვისთვის სასარგებლოა, ვისთვის – არა. განვიხილავთ მათი შენახვის წესებსაც. ასევე მაქვს რუბრიკა ,,დიეტური და გემრიელი კერძები”.  ბლოგში რეკომენდაციებს ვაძლევ სპორტული ვარჯიშების პარალელურად ,,პოზიტიურ”ვარჯიშებს, ესაა – ცეკვა, იოგა, აერობიკა, სუნთქვითი ვარჯიშები, თუნდაც ,,სიცილის იოგა”. ამოუწურავია ამ დარგში მკითხველთა შეკითხვები, ამიტომ ვცდილობ ავირჩიო რაიმე გარკვეული თემა და თავიდან ბოლომდე ,,დავაკვალიანო”ადამიანი. ბლოგის საკითხებზე ფაქტიურად სულ მიხდება ფიქრი, ამიტომ ჯერ ვარჩევ რაიმე კონკრეტულ თემას, მოვიფიქრებ რა ღერძზე ავაგო, რა თემებით დავტვირთო, მერე კი ვჯდები და ვწერ.

 

როგორია თქვენი ბლოგის მიზნობრივი აუდიტორია?

ალბათ ჩემი ბლოგის მკითხველები ძირითადად უფრო ქალები არიან, რომლებიც ინტერესდებიან თავის მოვლით, ასაკობრივადაც არ ვართ შეზღუდულები, რამდენადაც ფართო სპექტრის თემებს განვიხილავთ. სხვათაშორის მამაკაცებიც საკმაოდ დაინტერესდნენ ბოლო დროს ჩემი დიეტური კერძების გემრიელი რეცეპტებით და აზიარებენ თავის გვერდზე, რაც ძალიან მიხარია. მკითხველის შეფასება, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად დასმულ შეკითხვებსაც ვაქცევ ყურადღებას, რომ ამ განმეორებად შეკითხვებს ცალკე სტატია მივუძღვნა და დავაკმაყოფილო მათი ინტერესი. წინასწარ ალბათ უფრო ის მაინტერესებს, რომელი თემა იქნება გარკვეულ დროს მკითხველისთვის საინტერესო.

 

ბლოგის ავტორი, ბლოგს მიღმა…

საკუთარ თავზე ძნელია საუბარი, მაგრამ მგონი, ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავისი პროფესიით აკეთებს საყვარელ საქმეს, ამ შემთხვევაში მედიცინა და სილამაზეა გაერთიანებული. ალბათ ხვდებით,  ეს ქალისთვის ორმაგი სიამოვნებაა, მე ვთვლი, რომ ჩემი ხასიათის ღმერთისგან ბოძებული საჩუქარია დიდი პასუხისმგებლობა ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებ. და პოზიტივი! ვფიქრობ პოზიტივის გარეშე კარგ კომუნიკაციებს და ცხოვრების ნათელ ფერებში აღქმას ვერ შეძლებ.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევთ მსმენელს… 

ბოლო დროს ადამიანების ფსიქიკა მკვეთრად შეიცვალა აჩქარებული და დაძაბული ცხოვრების რიტმისგან. ამიტომ ვურჩევდი რიჩარდ ბახის ნაწარმოებების წაკითხვას. ეს წიგნები ადვილი საკითხავია ნებისმიერი მკითხველისათვის და არსი მდგომარეობს სწორედ პოზიტივისა და ცხოვრების ფერების აღქმაში – რომ არ უნდა ჩავკეტოთ ბავშვი საკუთარ სულში, სულს არ შევუკვეცოთ ფრთები…

 

 

მარი მილორავას ბლოგი

ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს: როგორ გგონიათ, ვინ არის ერთდროულად თქვენი საუკეთესო მეგობარი და ყველაზე დაუნდობელი მტერი?
მიგანიშნებთ _ რა იქნება ის თქვენთვის, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
კიდევ მიგანიშნებთ _ უსულო საგანია. ის ბევრ პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ მაინც მისკენ გავრბივართ, განსაკუთრებით ქალები.
აჰა, ქალები მიხვდნენ?
დიახ, ეს სარკეა!!!
არსებობს კიდევ მისი ზედმეტად გათანამედროვებული ვარიანტი _ სელფი! ესეც ხომ იმავე ზღაპრიდანაა “სარკევ, სარკევ, ვინ არის ამქვეყნად ჩემზე უკეთესი?”
სელფის პოპულარობამ დამარწმუნა, რომ თურმე სარკე არა მარტო ქალებისთვის ყოფილა საინტერესო…
დარწმუნდით სარკის საჭიროებაში?
და საერთოდ, სასაცილოა სარკის მტვრევა, თუ არ მოგწონს გამოსახულება. სჯობს, ასეთი საჭირო ნივთი ჩვენს სამუდამო მეგობრად ვაქციოთ.
როგორ?
დავიწყოთ მცირედით: პატარა სარკით? თუნდაც პატარით.
ჩაიხედე სარკეში. თითოეული ნაოჭი და სახის დეფექტი ძალიან ახლოსაა. ჩაფიქრდით, იცი, რომ “მარადიული ახალგაზრდობა” მძიმე და ძვირიანი შრომაა.
დამშვიდდი, “მძიმე” შეიძლება გავახალისოთ და სასიამოვნოდ ვაქციოთ, “ძვირიანი” კი ყოველთვის არ ნიშნავს ნატურალურსა და კარგს.
აქედან დასკვნა: ვიყენებთ ადვილად მისაწვდომ და ნატურალურ მეთოდებს, ოღონდ რეგულარულად.
სახის მოვლის მთავარი პრინციპებია:
_ კარგი გამწმენდი საშუალებები;
_ პილინგები მკვდარი უჯრედების ფენის მოსაცილებლად;
_ დამატენიანებელი ნიღბები;
_ მზისგან დამცავი საშუალებები;
ეს ის ძირითადი სქემაა, რომელიც სჭირდება სახის მოვლას. ეს სქემა, რა თქმა უნდა, ჩვენზე უნდა მოვირგოთ ინდივიდუალურად, მთავარია, მოვლა იყოს რეგულარული, რეცეპტებს კი მრავლად მოგაწვდით შემდეგ ბლოგებში. უცებ კი შემიძლია გითხრათ ყველაზე იოლი და უნივერსალური ნიღაბი კანის დასატენიანებლად: ბანანი, ხაჭო და არაჟანი ნებისმიერი თანაფარდობით აურიეთ და წაისვით სუფთა სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანათ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რასაც ვიკეთებთ სახეზე, იმას აუცილებლად ვიყენებთ ყელსა და დეკოლტეზეც.
უკვე დაიწყე ხომ?
საღამოს ისიამოვნე ნიღბით, დილით გაიწმინდე სახე ბალახის ლოსიონით და თვალებზეც მოისვი ყინულის კუბი (ოხრახუშის ნახარში იყო შიგ? _ კარგია) და ახლა დილის მაკიაჟის დროს მოვიდა…
რაო სარკემ?
ფრთხილადო, ამასაც თავისი წესები აქვსო, სანადიროდ მიმავალ ინდიელს ნუ დაემსგავსები დილიდანო…
მორჩი ყველაფერს, მზერის ბოლო საკონტროლო გასროლა სარკისკენ… და აი, ნასიამოვნები და კმაყოფილი ადიხარ სამსახურის კიბეებზე. უცებ…
ეს რამხელა სარკეა შენ წინ? სახე სრულიად გადაგავიწყდა ამ მძიმე და მოუქნელი სხეულის დანახვისას.
ზუსტად ვიცი, რა გაიფიქრე ამ დროს: “ღმერთო, რამდენია ისინი ჩვენს ცხოვრებაში, აქაც სახლშიც …დიდები, პატარები… სარკეები, სარკეები… სარკეები…”
არა, ნუ გაბრაზდები!
ის შენი მეგობარი უნდა გახდეს.
ამისთვის უბრალოდ შედგენილ სქემას დაამატე ტანის მოვლა. 21-ე საკუნეში ხომ სხეულის ბუნებრივი ფორმების შეცვლაც კი შესაძლებელია.
და ნუ იფიქრებ უცებ ოპერაციებზე!
არა, ესაა საკორექციო აპარატურა, მასაჟები და შეფუთვები. აი, ამით სწორდება კანის რელიეფი და ტანის კონტური. პარალელურად კი უამრავ სიამოვნებას ვიღებთ _ რელაქსი, სისხლის მიმოქცევის და კანის ფერის აღდგენა, ქრება თავის ტკივილი, უმჯობესდება ძილი, უკან იხევს ნევროზი, აღდგება ხერხემლისა და სახსრების ელასტიკურობა, იხსნება შეშუპება. მტანჯველი ვარჯიშების გარეშე გამკვრივებული სხეულისგან მიღებული სიამოვნება კი საერთოდ სხვა თემაა.
აი ასე!
სახის პროცედურები სახლში რეგულარული გახადე, 1-2 თვე სხეულის საკორექციო ცენტრშიც იარე და… ისევ დილა სამსახურში.
ისევ ის დიდი სარკე და შენი შენელებული ნაბიჯები, რომ დატკბე საკუთარი ლამაზი სხეულის გრაციოზული მოძრაობებით. ცოტა ხანი გაჩერდი კიდეც გაღიმებული და თმა ხელით შეისწორე.
უი, ამას მაინც რა მოუვიდა?
რატომაა ეს თმა ასეთი გახუნებული და შემეჩხერებული?
და ჩემი ხელი?
და ფრჩხილი?
ეს რატომ გამომრჩა (ალბათ, ახლა ისიც გაიფიქრე ჩუმად, კიდევ კარგი ქუსლები არ მიჩანს, ლამაზი ფეხსაცმელი მაცვიაო)?
დიახ, “ქალში ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს” და ამას არ უნდა ბევრი ფიქრი და დიდი რაოდენობით თანხა. საჭიროა მხოლოდ ყოველდღიურობა. და როცა ზუსტად გავანაწილებთ, როდის რას გავაკეთებთ და ვაჩუქებთ საკუთარ თავს 20 წუთიდან 1 საათამდე დროს დღეში (ეს კი ჩვენ დავიმსახურეთ), შედეგი დაგვეტყობა როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
და შუქიც თვალებში…
ეს რაღა საჭიროაო?
შუქი თვალებში?
უამისოდ ხომ უნიჭო მხატვრის ტილოს დავემსგავსებით. საკუთარი თავით ტკბობა ხომ შუქს გვმატებს შიგნიდან… და თვალები კი სულის სარკეა, არა?
აბა, კიდევ რა დავამატოთ მარადიული სილამაზისთვის?
ჯანმრთელი კვება- ჯანმრთელი და დიეტური საკვები თქვენს ყოველდღიურობაში უფრო გაგალამაზებთ და უფრო საინტერესოს გახდის თქვენს ურთიერთობას ოჯახის წევრებთნ.
ცხოვრებისეული ტონუსი (ანუ, ცხოვრებით ტკბობა მოძრაობაში) _ ესაა ვარჯიში, ცეკვა აერობიკა, იოგა, ცურვა, ტურიზმი და ა.შ.
და ბოლოს ყველაზე მთავარი:
სიყვარული…
ძირითადი ძაფი, რომელიც გვაძლევს ძალას, ცხოვრებით ტკბობის უნარს, სიკეთეს და შინაგან შუქს.
იხარეთ სიცოცხლით და სიამოვნებით აკეთეთ ყველაფერი საკუთარი თავისთვის.
შეიყვარეთ სარკე და მთლიანობაში აღიქვით საკუთარი თავი.
რეი ბრენდი გამახსენდა:
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ავაშენოთ სარკეების ქარხანა და გამოვუშვათ სარკეები, სარკეები… არაფერი სარკის გარდა… რომ კაცობრიობამ შეძლოს საკუთარი თავის მთლიანობაში დანახვა…”

გადაცემის ჩანაწერი: