LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ვალიშვილი: ჩემთვის მთავარი მოტივაცია საქმის სიყვარულია

9

29 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მარიამ ვალიშვილი სტუმრობდა.

1997 წელს ქალბატონმა მარიამმა ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ფაკულტეტი ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის სპეციალობით, 2000 წელს კი, ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო მენეჯმენტის ფაკულტეტი მაგისტრი გახდა.

სამუშაო გამოცდილება:

1994-1998 – USAID, Burns & Roe Enterprise, Inc. ენერგეტიკული სექტორის ტექნიკური დახმარების პროგრამა, ოფისმენეჯერი, თარჯიმანი,

1998-1999 – შპს “გარემოსდაცვითი და საინჟინრო კონსულტანტები”, პროექტების კოორდინატორი,

1999-2004 – სს “ეი-ი-ეს თელასი”, ენერგოგასაღების დირექტორის თანაშემწე, დასავლეთ რეგიონის დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი, ჩრდილოეთ რეგიონის დირექტორი, შემოსავლების დაცვის მენეჯერი,

2004- 2006 – შპს “ენერგია”, კონსულტანტი მარკეტინგის საკითხებში,

2006 – USAID Core International-ი, ენერგეტიკის სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამა, ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი,

2006-2007 – ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” ენერგეტიკული პროექტის კორდინატორი,

2007-2008 – შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, კომერციული დირექტორი, დირექტორი საერთაშორისო საკითხებში;

2008 – შპს Kala Energy and Natural Resources, ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი,

2008 – სს “საქჰიდრომშენი”, გენერალური დირექტორი,

2008-2012-  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე,

2012 – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე.

– ქალბატონო მარიამ, როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილა ბავშვებით და საოჯახო საქმეებით იწყება, 9:30-ზე კი, უკვე სამსახურში ვარ. ბუნებრივია, საჯარო მოხელეს სამუშაო დღე საკმაოდ რთულია, მითუმეტეს რომ, ხშირად მიწევს მივლინებებით საზღვარგარეთ მოგზაურობა, რაც საკმაოდ სტრესულია, რადგან უზარმაზარ დატვირთვასთან ერთად, პასუხისმგებლობაც საკმაოდ დიდია, ეს კი, თავის მხრივ რესურსების სრულ მობილიზაციას და თანაბრად განაწილებას მოითხოვს. საღამო, დაახლოებით 9-10 საათის შემდეგ შედარებით მშვიდია, რადგან ოჯახთან ერთად ვატარებ, რომელიც ჩემთვის ერთგვარი „საწვავია“, ყოველდღე შემართებით მუშაობისთვის.

– როგორ ახერხებთ დასვენებას და ძალების გადაჯგუფებას დღის მანძილზე, გაქვთ თუ არა ერთგვარი ხუთწუთიანი დასვენების ბენეფიტი, რომელიც ენერგიის აღდგენაში გეხმარებათ?

– უამრავი შიდა, გარე და საერთაშორისო საკითხებიდან გამომდინარე, ჩემი სამუშაო დღე მეტად მრავალფეროვანია, არასდროს მბეზრდება იმ თემებზე მუშაობა, რომლებიც მომწონს, ძალიან მაინტერესებს და  სწორედ თემების მონაცვლეობაა ის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც განტვირთვაში მეხმარება.

– უზარმაზარი გამოცდილება შეიძინეთ ენერგეტიკის სფეროში 24-წლიანი მუშაობთ, თავად როგორ შეაფასებდით საკუთარ მოღვაწეობას?

– ზოგადად, წარმატება შედეგით ფასდება. 24 წელი საჯარო სექტორში, ერთსა და იმავე დარგში მუშაობა, ვფიქრობ ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს  წარმატებად. მინისტრის მოადგილის პოზიცია 9 წლის წინ ჩავიბარე, საკმაოდ რთული წლები იყო, თუმცა, ის ინტენსიური და მრავალფეროვნი სამუშაო, ასევე გუნდი, რომელთან ერთადაც წლებია ვმუშაობ, უზარმაზარი მოტივაციაა ჩემთვის, რათა ყოველი დღე დაუღალავად ვიშრომო.

– რომელ სფეროში ისურვებდით მოღვაწეობას, რომ არა ენერგეტიკა და წლების წინ გაკეთებული არჩევანი?

– თავიდან რომ შემეძლოს არჩევანის გაკეთება, ალბათ ამ სფეროს არ ავირჩევდი, რადგან ენერგეტიკა მძიმე ინდუსტრიულ დარგად ითვლება და საკმაოდ რთულია ქალბატონისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ არასდროს ვუჩიოდი საკომუნიკაციო უნარებს, მართალია ცოტა ფიცხი ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს მძიმე ხასიათი, ყოველთვის ძალიან მინდოდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. სიამოვნებით ვიქნებოდი პედაგოგი, თუმცა, არა კლასიკური გაგებით – აკადემიური პედაგოგი, არამედ, უფრო შემეცნებითი ხასიათის, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ვხვდები, რომ სწორედ ესაა ის სფერო, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ჩემს ემოციონალურ თუ მორალურ მოთხოვნებს. მართალია, ხუთი შვილი მყავს, მაგრამ მაინც დიდ სიამოვნებით ვიმუშავებდი შედარებით უფროს თაობასთან.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი ქალი?

– შესაძლოა, ზოგი თვლის, რომ ზედმეტად მკაცრი ვარ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მიყვარს იუმორი, სხვადასხვა საინტერესო თემზე საუბარი და უშუალო დიალოგი, რადგან საკმაოდ მძიმეა მთელი დღე ენერგეტიკაზე საუბარი თავისი ციფრებით და არაპოპულარული ეფექტებით, ამიტომ კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას, სერიოზული თემების განხილვის პარალელურად, ხუმრობაც ძალიან მიყვარს. სხვათაშორის, ხშირად ვხუმრობ საკუთარ თავზე, მითუმეტეს რომ 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მანძილზე საკმაოდ ბევრი საინტერესო და სახალისო ისტორია დამიგროვდა.

– რამდენად ხშირი კომუნიკაცია გაქვთ მინისტრთან, თანამშრომლებთან და რამდენად ხშირად უზიარებთ ერთმანეთს საკუთარ აზრს?  

– ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ მინისტრთან მომიწია მუშაობა. ბუნებრია, ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ მე მაინც ვცდილობ არ გავცდე ჩემს პროფესიონალურ საზღვრებს. როგორც უკვე ავღნიშნე, ენერგეტიკა საკმაოდ რთული სფეროა და რადგან საკმაოდ დიდი ხანია ამ სფეროში  ვარ, უამრავი თემის განხილვაში მიმიღია მონაწილეობა,  ინფორმაციული უზრუნველყოფაზეც მე ვარ პსუხისმგებელი. გამომდინარე აქედან, ჩემი კონტრიბუცია მსჯელობაში ყოველთვის იმ გამოცდილებას ემყარება, რომელიც წლების მანძილზე დავაგროვე. რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი ხედვა აქვს და შესაძლოა ზოგმა არც გაიზიაროს ჩემი რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და ვურთიერთობთ. საბედნიეროდ, ბევრ კოლეგას წლებია ვიცნობ, ერთი გუნდი ვართა და ალბათ მინისტრის დამსახურებაა, რომ მეტად უშუალო ურთიერთობა და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, ბარიერის გარეშე.

– როგორც თავად აღნიშნეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, საინვესტიციო გარემო საკმაოდ გაუმჯობესდა. საინტერესოა, რა მიმართულებით ვითარდება ენერგეტიკის სფერო?

– ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი ვართ და იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს მივყვებით, რომელიც ქვეყანას აქვს, ამიტომ სექტორული იზოლაციის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია, თუმცა, არის სპეციფიური თემები, რომლებიც ჩვენი ანუ ქართული ენერგეტიკის მახასიათებელია და სწორედ ახლა ვცდილობთ ადაპტაციას. ვფიქრობ,  ჩემი და ჩემი გუნდის პროფესიონალიზმიც სწორედ საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგება და პრაქტიკად ქცევაა. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ძალიან რთული რეფორმები და მძიმე წლები გველის, ქართულ ენერგეტიკას ჯერ კიდევ სჭირდება განვითარება, რადგან მეტწილად იმპორტირებულ რესურსებზე ვართ დამოკიდებული და მართალია, ჰიდროელექტრო-  ქარის ან მზის საგდურები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი შედეგი ნამდვილად ფასდაუდებელი იქნება, რადგან ეს – თავისუფლებაა აირჩიო ენერგიის ის წყარო, რომელიც შენს ქვეყანას და მომხმარებელს სჭირდება, ადგილობრივი რესურსების განვითარებით კი, ჩვენ სწორედ ამ თავისუფლებას მოვოვებთ. მართალია, ხშირად გვაკრიტიკებენ, არასწორი პოლიტიკისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე სწორედ ესაა ყველაზე დაბალანსებული პოლიტიკა.

– დიდი ხანია ენერგეტიკის სფეროს სახე ბრძანდებით, რამდენად დამღლელია მუდმივად ყურადღბის ცენტრში ყოფნა?

– საზოგადოება ყოველთვის ითხოვს ინფორმაციას და მნიშვნელობა არ აქვს, რა ხასიათისაა ეს ინფორმაცია. ოპერატიულიად ინფორმირება თანამედროვე ცხოვრების სტილია და მეც ყოველთვის ვცდილობ ვიყო გულწრფელი, მითუმეტეს, რომ სიცრუეს და სიყალბეს, დამახსოვრება სჭირედბა, მე კი, ნამდვილად ვერ გადავტვირთავ საკუთარ გონებას ამგვარი უსარგებლო ინფორმაციით. მართალია, რეფორმები და ინოვაციები არ იქნება ყველასთვის მისაღები, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ყოველთვის სიმართლე უნდა ვთქვათ, შეფასება კი, საზოგადოებას მივანდოთ. მომიტევოს ყველამ თუ ხშირად მკაცრი სახით მიწევს არასასიამოვნო ინფორმაციის გაჟღერება, მაგრამ ჩემი აზრით, ამგვარი თანმიმდევრული პოლიტიკა ბევრად შედეგიანია, ვიდრე მოკლევადიან შედეგზე გათვლილი გადაწყვეტილება. მითუმეტეს, ენერგეტიკა ის დარგია, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოაქვს ეფექტური შედეგი.

– კერძო სექტორში ხომ არ აპირებთ დაბრუნებას?

– კერძო სექტორში დაბრუნების სურვილი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლებლობაა ნაკლები. თუმცა, საბოლოო ჯამში, ალბათ მაინც კერძო სექტორს დავუბრუნდები, რადგან საჯარო სამსახურში უკვე საკმაოდ სტაჟიანი თანამშრომელი ვარ და დროა, ადგილი ახალ ხედვებს, იდეების და ენერგიას დავუთმო, რადგან განვითარების ახალ ეტაპზე ენერგეტიკას სწორედ ახალგაზრდა თაობა სჭირდება.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს ტოვებთ სახლს?

– ტელეფონს და საათს თუ არ ჩავთვლით, ძალიან მიყვარს საყურეს გაკეთება.

– ყველა ქვეყანას თავისი წესი და ქცევის ეტიკეტი აქვს, შეგქმნიათ თუ არა უხერხულობა ეტიკეტის არცოდნის გამო?

– აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში კურიოზი შემემთხვა ჩემი ზურგჩანთის წყალობით. მართალია, დასავლეთში ვერავის გააკვირვებ, რადგან  ამგვარი ჩანთის ტარება იქ ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მაგრამ აზიაში ვერ დაიჯერეს, რომ მინისტრის მოადგილე ვიყავი და დიდხანს არ მიშვებდნენ შეხვედრაზე.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს კარგ თანამშრომელს?

– თანამშრომლებში პირველ რიგში პასუხისმგებლობას ვაფასებ. სიმართლე ვთქვა, არასდროს ვაკონტროლებ დროს, რადგან ვფიქრობ, თანამშრომელი მაშინ უნდა მუშაობდეს, როცა საჭიროა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი სამუშაო გრაფიკი კი, ერთმანეთთან აბსოლუტურად შეთავსებადი მცნებებია. ჩემი აზრით, მთავარი მოტივაცია და სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებაა, რადგან მოტივაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საათების და წუთების კონტროლი. შესაძლოა, საჯარო სექტორში ამგვარი მიდგომა მიუღებელია, მაგრამ ჩეთვის ეს საკითხი მეტად პრინციპულია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– თუ სწრაფად არ მივიღე, მაშინ საერთო ტემპიც დაეცემა, მითუმეტეს რომ, ძალიან სწრაფი რეჟიმით მიწევს ცხოვრება რომ ერთ თემაზე დიდხანს ფიქრის ფუფუნება ნამდვილად არ მაქვს.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „რასაკვირველია!“

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რა დამრჩა საღამოს გასაკეთებელი?

– კერძი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ამზადეთ?

– ძირითადად ხორცის კერძების მომზადება მიყვარს.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილას კეფირით ვიწყებ.

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ – აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– საღამოს სახლში ვატარებ ბავშვებთან ერთად.

– კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანეთ ჟურნალისტებისგან?

– „გაზპრომთან“ დაკავშირებული შეკითხვები.

– გადაცემის წამყვანი რომ იყოთ, რას ჰკითხავდით  საკუთარ თავს?

– ალბათ ვკითხავდი, რას შეცვლიდა მომავალში?

– საინტერესიოა, და რას შეცვლიდით?

– პირველ რიგში სამსახურს, რათა მეტი დრო მქონდეს ბაშვებთან ურთიერთობისთვის.

– რასთან ასოცირდება თქვენთვის ბურთი?

– მინისტრთან, ბატონ კახი კალაძესთან, რადგან ის ყოფილი ფეხბურთელია.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– გულს, რადგან გული და გულწრფელობა პირად ცხოვრებასთან ერთად, პროფესიონალურ საქმიანობაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– არ ვიცი, სხვისთვის როგორაა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია – საქმის სიყვარულია. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვიანია კომუნიკაციის, ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი, სხვისი გამოცდილების გაზიარება და მობილიზაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, იღბალი და ახლობლების მხარდაჭერა, რომლებიც ყოველთვის პოზიტიური ენერგიით მავსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები