LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძე : „ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, თითქოს მე სხვის ნიჭს ვარ ამოფარებული”

5

27 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქალბატონი მარინა ბერიძე სტუმრობდა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ახალ პროექტზე – მუსიკალურ კონკურსზე „მხოლოდ ქართული“ ისაუბრა. მუსიკალური კონკურსი 2 აპრილს აიღებს სტარტს.

– ქალბატონო მარინა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამგვარ კონკურსში მონაწილეობა?

– პირველ რიგში ძველ პროექტს „საუკუნის სიმღერას“ გავიხსენებ, რომელიც 2000 წელს მოვაწყვეთ. ახლა ვხვდები, რა ბედნიერება იყო, რომ მაშინ  „ფეისბუქი“ არ არსებობდა, რადგან დარწმუნებული ვარ, უამრავი კრიტიკოსი გამოგვიჩნდებოდა, თუმცა პროექტმა გაამართლა და სამუდამოდ ისტორიას დარჩა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, თითქოს მე სხვის ნიჭს ვარ ამოფარებული და ალბათ ვერ მიხვდა, როგორ გამახარა, რადგან სწორედ ნიჭს ამოფარებული ადამიანი ხედავს სხვის ნიჭს. ძალიან ხმამაღლა და ამბიციურად მინდა განვაცხადო, რომ ყნოსვა მაქვს ნიჭიერ ადამიანებზე და ვფიქრობ, უკვე ყველა დარწმუნდა, რომ არასდროს ვცდები. სხვათაშორის, არასდროს დამიმალია ასაკი და არაფერი მომიგონია საკუთარ თავზე, რადგან მე ის ვარ – რაც ვარ! წლების მანძილზე გარკვეული გამოცდილება შევიძინე და ვფიქრობ, სწორედ ახლა მაქვს უფლება, შევეხო ქართულ სიმღერას, ამიტომ, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ამგვარი შეთავაზების მიღება, მიხარია ქასტინგებში მონაწილეობაც, რადგან ძალიან მიყვარს ეს საქმე.

– ვფიქრობ, დროული იყო თქვენი ტელეეთერში დაბრუნება.

– მე ჩემი რუბრიკა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, რომელიც ყოველ ოთხშაბათს გადის და როგორც უკვე ავღნიოშნე, „სხვის ნიჭს ამოფარებული“, მართლაც ნიჭიერ ახალგაზრდებს ვაცნობ და ვაყვარებ საზოგადოებას. ჩემს ახალგაზრდობაში ყურადღება მეტწილად ხანდაზმულებს ექცეოდა, მაშინ კი, როცა თავად გავხდი ხანდაზმული, ყველაფერი შეიცვალა. თავის დროზე ძალიან ბევრ რამეზე დამწყდა გული, რადგან ახალგაზრდა ასაკმა ბევრჯერ შემაფერხა. თუმცა, მრავალი წელი გავატარე კონსერვატორიაში, სწორედ მაშინ შემიყვარდა ნიჭიერი ახალგაზრდები, დღემდე ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მათ დასახმარებლად. ჩვენი ოთხშაბათის რუბრიკა ხარისხიან, ღირებულ მუსიკას ეძღვნება, რომელიც საკუთარ თავში კლასიკურ და ტრადიციულ, ალტერნატიულ და ელექტრონულ, მაგრამ აუცილებლად ხარისხიან მუსიკას აერთიანებს. მართალია, დიდი ხანია უარი ვთქვი ჟიურის წევრობაზე ან ქასტინგში მონაწილეობაზე, რადგან საპასუხოდ ყოველთვის უარყოფით რეაქციას ვღებულობ, მაგრამ ახალა შეთავაზება ჟურის წევრობაზე სიამოვნებით მივიღე.

– ვინ შემოგთავაზათ პროექტში მონაწილეობა?

– შეთავაზება ნიკა გვარამიასგან მივიღე. ჩვენი რუბრიკა საკმაოდ რეიტინგულია, რადგან დღეს უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს ქართული სიმღერა და სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ ახალი პროექტის გაკეთება. უამრავი ახალი სიმღერა იწერება, რაც ძალიან მახარებს და ამაყი ვარ, რომ ჩემი ბავშვებით, ვინც 6-7 წლის მანძილზე მიიღო მონაწილეობა „ჯეო-სტარში“ ყველა ფანტასტიურად მღერის ქართულ სიმღერას.

– თქვენი აზრით, რამდენად არიან მზად კონკურსანტები?

– ვფიქრობ, მთავარი არა მათი მომზადება, არამედ მზადყოფნაა აგყვნენ, გამოგყვნენ და გაითვალისწინონ ყველა რჩევა.

– სოციალურ ქსელში საკმაოდ უარყოფითად შეფასდა ერთ-ერთი კონკურსანტი, რას უპასუხებდით კრიტიკის ავტორს?

– ძალიან არ მომეწონა ამგვარი შეფასება. უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს კარგი მუსიკა, თუმცა რა არის „ჯიგრული სიმღერა“ დღემდე ვერ გავიგე. კრიტიკის ავტორი ყველასთვის ცნობილი, მართლაც კარგი მუსიკოსია, თუმცა მასაც დახმარნენ წინსვლასა და განვითარებაში. არ მესმის, რატომ გვიყვარს ყოველთვის ყველას ჩაქოლვა, რატომ არ შეიძლება ერთმანეთის და განსაკუთრებით ახალგაზრდების სიყვარული, რომელთაც გავამხნევებთ და გარკვეულ გეზს მივცემთ ცხოვრებაში. ქასტინგში სუპერპროფესიონალ გიორგი უშიკიშვილთან და სოფო ნიჟარაძესთან ერთად ვმონაწილეობ, რომელთაც შედარებით ასაკოვანი კონკურსანტების მოსმენა სურდათ, მე კი, თავიდანვე პესიმისტურად ვიყავი განწყობილი და მხოლოდ ახალგაზრდების მოსინჯვა მინდოდა, რადგან ძალიან მიყვარს პროგრესი. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები ნაკლებად უსმენენ ქართულ მუსიაკს, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მთავარი გამარჯვება მათთვის ქართული სიმღერის, მართლაც ფანტასტიკური კომპოზიტორების შეყვარება იქნება, რომელთაც მოუსმენენ, გაიაზრებენ და თანამედროვე ჟღერადობით წარმოადგენენ.

 

– რამდენი კონკურსსანტის შერჩევა მოასწარით ამ დროისთვის?

– 10 კონკურსანტი უკვე შევარჩიეთ, რომელთაგან 6 ბიჭი და 4 გოგონაა.

– საინტერესოა, რა სიმღერას ასრულებდნენ კონკურსანტები ყველაზე ხშირად?

– ყველაზე პოპულარული „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ და „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“ აღმოჩნდა, რომელიც რატომღაც ჯანო კახიძის ეგონათ, სინამდვილეში კი, ბატონ ჯუმბერ ამანათაშვილს ეკუთვნის.

– საბოლოო არჩევანი ვის სასარგებლოდ გაკეთდა – ახალგაზრდების თუ შედარებით ასაკოვნების?

– საბოლოოდ ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს.

– რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქასთინგების მოწყობისას?

– ჩემთვის მთავარი სუფთა, ნათელი და ლაღი ახალგაზრდას შერჩევა იყო, რომელიც ქართული სიმღერის შეყვარებას შეძლებდა. ვფიქრობ, თანამედროვე ქაართულ ესტრადას სწორედ გულწრფელობა აკლია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სიმღერაში ყველაზე კარგად იგრძნობა ტყუილი.

– რამდენად განსხვავებული იქნება კონკურსის ტურები ჟანრობრივად?

– ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა ტური განსხვავებული იქნება. ერთგვარი ექსკურსი მოეწყობა, გასული საუკუნის 60-იანი წლებით დავიწყებთ და აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანის გემოვნებას დავაკმაყოფილებთ, თუმცა არ გვექნება ახალი სიმღერის კონკურსი, რომელსაც მხოლოდ მომავალ წელს წარმოვადგენთ, როცა სპეციალურად დაიწერება ახალი სიმღერები. ყველამ კარგად იცის, რომ ახალ სიმღერას რეკლამა სჭირდება, რადგან სხვა შემთხვევაში ტური უბრალოდ ჩავარდება.

– ქალბატონო მარინა, როგორ განსჯით კონკურსანტებს – ჩვეული სიმკაცრით თუ წელს შედარებით რბილი იქნებით?

– არ ვიცი, როგორ განვსჯი, მაგრამ ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ჟიურის წევრები ობიექტურები და გულწრფელები ვიქნებით, შედეგები კი, აუცილებლად სამართლიანი იქნება.

გადაცემის ლაივი live

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები