LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი სტუმრად „არტ FM”

22 თებერვალს გადაცემა „არტ FM”–ის სტუმრები იყვნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი.

მათ თეატრის მოყარულთათვის სასიხარულო ამბავი აქვთ. ემზადებიან პრემიერისთვის, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრში დადგმულა. ნილ საიმონის პიესა „ბილოქსი ბლუზი“ თბილისში პირველად დაიდგმება.

სპექტაკლში 10 ბიჭი და 2 გოგო მონაწილეობს. ექვსი ახალგაზრდა ბიჭის სამხედრო ისტორიას იუჯინ ჯერომი მოგვითხრობს. ამბავი ყველა დროისთვის აქტუალურია. მათ ჯარში მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვევენ. ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა და განცდა მოუწევთ. უგემური საჭმელი, დისკომფორტი, დაძაბული სამხედრო რეჟიმი და ამ ფონზე აგებული ურთიერთსანატრელი დასვენების დღეები, ქალის პირველი ალერსი და პირველი სიყვარულის თავბრუდამხვევი სიტკბოება – ასეთ გზას გადის პიესის მთავარი პერსონაჟი იუჯინ ჯერომი.

„ვერ გეტყვით რომ ძალიან მგავს ჩემი პერსონაჟი, სწორედ ეს არის საინტერესო რომ მე – ნიკა უნდა გარდავისახო და დავემსაგვსო ისეთ პერსონაჟს, რომელიც შინაგანად მე არ ვარ“ – ამბობს მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი.

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 25 თებერვალს გაიმართება. ასაკობრივი ცენზურა 15 +ია. თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს სპექტაკლი ყველასთვის არის განკუთვნილი.

გადაცემის ჩანაწერი