LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ყვითელი ავირჩიე, რათა დამენგრია სტერეოტიპი, თითქოს ყვითელი დაშორების ფერია

75

10 აგვისტოს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძეს გადაცემას ”არტ-FM”-ს ნინო ქათამაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალ ალბომზე ”ყვითელი” და იმ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრა, რომელიც ბათუმში,  ჩოგბურთის კორტზე 21 აგვისტოს გაიმართება.

ნინო ქათამაძე:

– წესით, ალბომის პრეზენტაცია მარტის თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და ახლა 21 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზე მოვაწყობთ კონცერტს, რომელზეც ჯგუფი ”ინსაითი” წარსდგება სრული შემადგენლობით და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ალბომი უკვე წარვადგინეთ რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა მსმენელს განსხვავებული არანჟირებით მოვასმენინეთ, რათა უფრო გაგვემდიდრებინა ჩვენი მუსიკა.

ახალ ნამუშევარს ”ყვითელი” დავარქვით და ბერლინში ჩაწერილი რიგით მესამე ალბომია. დიდხანს ვკამათობდით ფერზე, არჩევანი ყვითელსა და ულტრაიისფერს შორის გავაკეთეთ. მე ყვითელი ავირჩიე, რათა დამენგრია სტერეოტიპი, თითქოს ყვითელი დაშორების ფერია. ჩემთვის ეს ფერი მზესთან, სიგიჟესთან და თავისუფლებასთან ასოცირდება, რადგან, როცა ამ ზღვართან მიხვალ, მერე უკვე ნებისმიერი სტერეოტიპის დანგრევა შეგიძლია. ნამდვილი ხარ, თამამი და სამყაროს ყველაფერი შეგიძლია უთხრა, რისი თქმაც გინდა.

კონცერტში მონაწილეობას სიმებიანი ოქტეტი, ”Georgian Brass” და ნიკოლოზ რაჭველი მიიღებენ. გარდა ამისა, ანსამბლი ”შვიდკაცა” მოვიწვიეთ, რადგან ძალიან მიყვარს მათთან ერთად სიმღერა. მინდოდა, კონცერტის შემდეგ სცენაზე დიჯეი ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო არ მოხერხდა ამის განხორციელება. ასე რომ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს დიჯეისთან – პაულ ანდერსონთან ერთად after party-ის კლუბში ”ვერტიგო” მოვაწყობთ. გართობა მთელი ღამე გაგრძელდება, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, არასდროს ვიმალები და ყოველთვის სპონტანურად ვიხდი. წელს გადავწყვიტე, ეს დღე კეთილი საქმის გაკეთებისთვის მიმეძღვნა.

გულწრფელად გეტყვით, თავიდან არ ვფიქრობდი საქველმოქმედო კონცერტის გამართვაზე და მხოლოდ ჩემი სტუმრების თავმოყრა მინდოდა. თუმცა, საბოლოოდ გადავწყვითეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობაში და კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ამ კეთილ საქმეს მოხმარდება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბილეთების შეძენა ticket.ge-ზე ან ჩოგბურთის კლუბის სალაროში შეიძლება.

 

13817033_10208596079290856_1498029452_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები