LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჭკუასელი: “ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, არასდროს არ უნდა გადადო ხვალისთვის”

29

28 მარტს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის ”წარმატების ფორმულას” კომპანიის ”გეოპლანტა” გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი სტუმრობდა. გადაცემის ხუთწლიანი არსებობის მანძილზე ბატონი მიხეილ ჭკუასელი ერთხელ უკვე იყო გადაცემის სტუმარი და მსმენელს წარმატებული ბიზნესის საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

– ბატონო მიხეილ, თითქმის ხუთი წელია თქვენთან  ჩაი გურიელზე არ გვისაუბრია. რა შეიცვალა კომპანიაში ამ პერიოდში და რა სიახლეები გაქვთ? რამდენადაც ვიცი, საკმაოდ სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მოხდა.

IMG_1489– ხუთი წელი, რომელიც ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გავიდა, მართლაც ძალიან წარმატებული იყო გურიელისთვის და გეოპლანტისთვის. მაშინ მხოლოდ ერთი – კლასიკური ჩაის ხაზი გვქონდა შავი და მწვანე, ჟასმინის და ბერგამონტის ჩაით წარმოდგენილი. ძალიან მალე გამოვუშვით ხილის ჩაი, მოგვიანებით კი, მცენარეული ჩაი, რომელიც ქართული მწვანე ჩაის და ბალახების უნიკალური ფორმულაა. ამ წლის დასაწყისიდან პრინცი გურიელი – პრემიუმ კლასის ელიტარული ჩაი ჩავუშვით წარმოებაში, რომელიც არა მარტო ქართველ მომხმარებლს, არამედ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს როგორც შეფუთვის ხარისხით ისე ბრენდინგით. შემიძლია ვთქვა, რომ გურიელი შევსებულია, თუმცა არაა დასრულებული. მაქსიმუმ ორ წელიწადში გურიელის კოლექციაში ორგანული ჩაის ნახვაც იქნება შესაძლებელი. ქართული ჩაი ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა იყო, არ შეიცავდა პესტიციდებს, ჰერბიციდებს და სხვადასხვა ქიმიურ მინარევებს. ჩვენ არ ვიყენებთ საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს. თუმცა, ახლა ვცდილობთ გურიელის პლანტაციებმა ბიოსერტიფიცირებაც გაიაროს. რაც შეეხება ინვესტიციებს – მინდა ავღნიშნო, რომ გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან 2 მლნ. დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და შევძელით ჩაის იმ პლანტაციის გამოყვანა, რომელიც მაღალი ხარისხის ჩაის მიღებაში დაგვეხმარება.

– მსმენელს რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს თეთრი ჩაი?

– სინამდვილეში, თეთრი ჩაი ჩვეულევბრივი შავი ჩაია, რომლის ტექნოლოგია ისეთ ბიოპროცესებს გადის, რომლის შემდეგაც ჩაის ფოთოლი თეთრ ფერს იძენს.

– რამდენადაც ვიცი, ამგვარი ჩაი საქართველოსთვის სიახლეა, რადგან ქვეყანაში სამრეწველო წესით მისი წარმოება ჯერ არ მიმდინარეობს?

– ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. წელს გვინდა ექსპერიმენტი ჩავატაოთ და ვნახოთ რა გამოვა. 

IMG_1491– სამეგრელოს ჩაის პლანტაციები რომ განვიხილოთ, ამ კუთხით თუ არის მუშაობა დაწყებული?

– სამეგრელოში სტანდარტულ ჩაის ვკრეფთ, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძელით აბსოლუტურად ახალი საწარმოს აშენება, რომელიც ჩაის დაფასოებაზე მუშაობს. მინდა ამვღნიშნო, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამხელა ინვესტიცია ჩაიდო ამ მიმართულებით.

– სად განხორციელდა ჩაი გურიელის ექსპორტი და კიდევ სად იგეგმება?

– მინდა ავღნიშნო, რომ გასული წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც გეოგრაფიის გაფართოების, ისე ექსპორტის მოცულობის გაზარდის კუთხით. გასულ წელს ჩვენი ჩაი ექსპორტზე გავიდა პოლონეთში, ჩეხეთში, უკრაინაში, თურქმენეთში, რუსეთში და მოლდოვაში. ინტენსიურად ვმუშაობთ, ჩვენი წარმომადგენლობის  გაფართოებაზე გერმანიაში, პერსპექტიულია ბალტიის და აზიის ქვეყნებში გასვლაც.

– ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში თუ ხართ ჩართული. თქვენი აზრით რამდენად დაეხმარება ეს პროგრამა მეწარმეებს?

– ძალიან საინტერესო პროგრამაა, რადგან ისეთი ჩაის პლანტაციების გამოყვანას გულისხმობს, რომელიც მართალია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც პერსპექტიულია. იგეგმება ე.წ. მძიმე გასხვლის ჩატარება. ჩვენ დასრულებული გვაქვს ნაკვეთების პასპორტიზაცია. რა თქმა უნდა, იქ არის ისეთი პლანტაციები, რომლებიც მძიმე გასხვლას მოითხოვს, თუმცა მთავარი არა სახელმწიფოსგან ფულის მიღებაა, არამედ გარკვეული პასუხისმგებლობის აღებაა. ჩვენ ველოდებოდით ამ პროგრამას, ჯერჯერობით შეჯერებას ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემდეგ კი, ვიფიქრებთ ჩავერთოთ თუ არა ამ პროგრამის გარკვეულ ნაწილში.

IMG_1485– გასული ხუთი წელი რომ შევაჯამოთ, რამდენად გაყიდვადია ქართული ჩაი და რამდენად უწევს ის კონკურენციას უცხოურ ბრენდებს?

– ნებისმიერი ცვლილება ახდენს გავლენას მომხმარებელის მყიდველთუნარიანობაზე. გამომდინარე აქედან, როგორი მდგომარეობაცაა ქვეყნის ეკონომიკაში, შესაბამისი მდგომარეობაა სამომხმარებლო ბაზარზეც. ჩვენი გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და შემიძლია ვთქვა, რომ ექვსი წლის განმავლობაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქართული პროდუქტის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციაც, რადგან ”გურიელი”, სწორედ უცხოურ ბრენდებთან კონკურენციაში დაიბადა და ეს ბრენდები რომ არა, ვერც ჩვენ  შევძლებდით ჩვენი ხარისხის შენარჩუნებას.

– როგორ უნდა მოვიქცეთ სირთულეების დროს ბიზნესში? 

– ბუნებრივია, რომ ბიზნესი სირთულეების გარეშე არ არსებობს, თუმცა, სწორედ სირთულეები გაძლევენ განვითარების საშუალებას. მართალია, ამბობენ, სხვის შეცდომებზე სწავლა ბევრად უკეთესიაო, მაგრამ ჩემი აზრით, სხვისი შეცდომების გათვალისწინება ძალიან რთულია, რადგან შენ ის არ განგიცდია. საკუთარი მარცხი ბევრად უფრო კარგი მასწავლებელია, რადგან საკუთარი შეცდომა დიდხანს გახსოვს და დასკვნებიც შესაბამისი გამოგაქვს. ჩემი აზრით ნებისმიერი საქმე პროექტის სახით უნდა ჩამოყალიბდეს და მკაფიოდ დაისახოს მიზანი, სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. არასდროს არ ღირს პრობლემებისგან თავის მორიდება, რადგან პრობლემები თავისით არასდროს არ გვარდება, პირიქით უფრო იზრდება და მწვავდება. საჭიროა პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და მხოლოდ შემდეგ ფიქრი მის გადაჭრაზე.

– როგორია გეოპლანტის სამომავლო გეგმები?

– გასულ წელს ჩვენ დაფასოებული ჩაის 120 ტონაზე მეტი გავყიდეთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. წელს ვგეგმავთ 120 ტონაზე მეტი გავყიდოთ საქართველოში, რაც ჩვენი გაყიდვების 30%-ით გაზრდას გულისხსმობს. იდეალური ვარიანტი ჩვენთვის 200 ტონა ჩაის საქართველოში გაყიდვა, 300 ტონის კი, საზღვარგარეთ ექსპორტზე გატანა იქნება.


IMG_1495– რამდენად მოქმედებს ემოციები გადაწყვეტილების მიღებაზე?

– ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებას ემოცია ახლავს თან. განსაკუთრებული ემოციონალურობის დროს, ვცდილობ, რამდენიმე წუთით შევისვენო, დამშვიდებულმა გავაანალიზო ყველაფერი და მხოლოდ მერე მივიღო გადაწყვეტილება.

ბლიცი-კითხვები:

– რა ურთიერთობა გაქვთბებერ ქალბატონთან?

– მე ”ბებერი ქალბატონის” ყველაზე დიდი კავალერი, დამცველი და მოსიყვარულე ვარ.

– იუვენტუსის ძველი სტადიონი უფრო მოგწონთ თუ ახალი?

– ალბათ ორივე.

– რობერტო ბაჯო თუ ალესანდრო დელ პიერო? 

– ალესანდრო დელ პიერო.

– რომელიმე გუნდის მწვრთნელი რომ იყოთ, რომელ ფეხბურთელს აიყვანდი გუნდში პირველ რიგში?

– მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი გუნდიდან დელ პიეროს.

– სად უფრო მოგწონთ მატჩის ყურება სახლში თუ ბარში?

– თუ იუვენტუსი თამაშობს, მაშინ მხოლოდ ჩემს ფან-კლუბთან ერთად.

– რომელ გუნდთან გაგიხარდებოდათ იუვენტუსის გამარჯვება ყველაზე მეტად?

– ნებისმიერი გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა მარცხის შემთხვევაში ყველას ურჩევნია სირფთხილე გამოიჩინოს ჩემთან ურთიერთობისას.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ამასაც გავაკეთებ!

რა თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელება მოგინდეთ?

– გულწრფელი, გახსნილი და ლაღი უნდა იყოს ურთიერთობაში.

– რა არის იუვენტუსის წარმატების ფორმულა?

– ის ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც იმ დღესაა გასაკეთებელი.

– თქვენი წარმატების ფორმულა როგორია?

– ჩემი წარმატების ფორმულასც ზუსტად იგივეა, ანუ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, არასდროს არ უნდა გადადო ხვალისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=NDUeEWJUaBw&feature=youtu.be

გადაცემის ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები