LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზნის მისაღწევად “ზუსტად და პოზიტიურ ფორმაში ჩამოაყალიბეთ რა გინდათ” – ირინა ჭოჭუას ბლოგი

პროფესიით ქოუჩია. ბლოგის გაკეთება გადაწყვიტა იმიტომ, რომ ქოუჩინგი, როგორც პროფესია საქართველოში ახალია და მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. ხსირად ეკითხებიან რა არის ქოუჩინგი. პროფესიისა და საკუთარი ბლოგების შესახებ მან რადიო „ფორტუნაში“ სტუმრობისას თავად ისაუბრა. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი ირინა ჭოჭუაა.

 

-როცა მეკითხებიან, რა პროფესიის ვარ და ვამბობ ქოუჩი, ან ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი, მეკითხებიან რა არის ეს და იქვე მიწევს პატარა ტრენინგის ჩატარება. მერე ამბობენ, უი საჭირო პროფესია ყოფილა. ასევე ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევს თვითონ სიტყვა „ქოუჩინგი“, რადგან არ არის ქართული სიტყვა. ამაზე ცალკე ახსნა განმარტებები მიწევს, რომ ეს არის კონკრეტული პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა, რომელსაც ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია ამკვიდრებს ყველა ქვეყანაში და ყველა ენაში. და არ ითარგმნება, ისევე როგორც სიტყვა ფსიქოლოგია. მოკლედ, საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ამ მიმართულებას. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა „ქოუჩინგ ლაბორატორია“. მოკლედ რომ ვთქვა, ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უნარების გამოყენებას და ეძებს მისთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად. ამ ყველაფერს ქოუჩინ აკეთებს ქოუჩინგური ტექნიკების გამოყეებით, რომელიც ძირითადად აგებულია კითხვებზე და მსუბუქ ტრანსულ მდგომარეობაზე. აქვე დავანგრევ მითებს და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვსვამთ დიაგნოზს, არ ვიძლევით რჩევებს და არც არაფერს მიგითითებთ და გასწავლით. თქვენ თავად ძალიან კარგად იცით, რა როგორ გააკეთოთ, უბრალოდ ამ ყველაფერს აღმოჩენა სჭირდება. აი, ამას კი ნამდვილად ვაკეთებთ. ქოუჩინგი განვითარდა ბევრი მიმართულებით: ქოუჩინგი ბიზნესში, პოლიტიკაში, განათლებაში, მედიცინაში, არიან პიროვნული განვთარების ქოუჩები, ფიქტენს ქოუჩები და ა.შ.

„ქოუჩინგ ლაბორატორია“ თავიდან დავიწყე როგორც ბლოგი, მაგრამ ახლა მინდა ეს იყოს შეხვედრების, დისკუსიების, ტრენინგების და მასტერკლასების პლატფორმა, ღია სივრცეს ყველასთვის, ვისაც აინტერესებს რა არის ქოუჩინგი. ანუ ვირტუალური სივრციდან გადავინაცვლოთ რეალურ სივრცეში. ბლოგს ყოველდღიურად ვუთმობ რამდენიმე საათს. ბევრი თემა მაქვს აღებული: ქოუჩინგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, კომუნიკაცია, თავისი ქვე თემებით და მიმართულებებით. თითოეული პოსტი, რასაც ვწერ არის ჩემი ნააზრევი და არამარტო, გარკვეულ მასალების და წიგნების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაციაა.

 

 

ამბობს, რომ მისი ბლოგის კითხვა ჯერ დაიწყეს ფსიქოლოგებმა, ტრენერებმა, ეიჩარებმა, მენეჯერებმა. იმ პროფესიის ადამიანებმა, ვინც ქოუჩინგს და უფრო მეტად ბიზნეს ქოუჩინგს ნერგავს პრაქტიკაში. მაგრამ ნელ-ნელა ეს აუდიტორია ფართოვდება.

„ხშირად მწერენ სტუდენტები. ძირითადად მეკითხებიან სად შეიძლება ქოუჩინგის სწავლა. ასევე მწერენ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქოუჩინგი პირველად გაიგეს და რა საინტერესო რამე ყოფილა. ვცდილობ გასაგებ ენაზე ვწერო და პროფესიული ტერმინოლოგია ნაკლებად გამოვიყენო. დღესდღეობით საკმაოდ შერეული აუდიტორია ყავს ბლოგს“.

 

მკითხველის შეფასებებზე როგორ რეაგირებ?

წინასწარ შეფასებებზე არ ვფიქრობ. ერთადერთი, რაზეც წინასწარ ვფიქრობ, ეს არის გასაგებად ვწერო და მკითხველს მივაწოდო მაქსიმალურად პრაქტიკული ინფორმაცია, რის გამოყენებასაც თვითონ შეძლებენ, ქოუჩის დახმარების გარეშე.

არის ნეგატიური გამოხმაურება. ძირითადად ამბობენ, რომ ეს რაღაც ახალი შარლატანობაა, ან ქართულ ენას ვამახინჯებთ, ან ეს რა მოვიგონეთ. ვცდილობ ყველა ასეთ კომენტარზე ადეკვატური რეაგირება მქონდეს და დეტალურად გავცე ყველა კითხვას პასუხი. ამის საპირწონედ ვიტყვი, რომ დადებითი შეფასებები ბევრია. მწერენ, რომ რაც შეიძლება მეტი და ხშირად უნდა ვწერო, რადგან ყველამ გაიგოს რა არის ქოუჩინგი და ყველამ გამოიყენოს ეს ინფორმაცია პიროვნული განვითარებისთვის. ეს ძალიან მახარებს. ბლოგის საშუალებით ბევრი მიკავშირდება ქოუჩინგ სესიის მოთხოვნით. ნელ-ნელა, მაგრამ ეტაპობრივად, ქოუჩინგი გახდება ერთ-ერთი პოპულარული პროფესია, რადგან მიმართულება ბევრი აქვს და პრაქტიკული სარგებელი – ძალიან დიდი.

 

ფიქრობს, რომ მისი ბლოგები ადამიანებს ეხმარება და ამას მკითხველებიც სწერენ. ცდილობს ბლოგს უფრო პრაქტიკული ფორმა მისცეს და წეროს ფსიქო-ტექნოლოგიებზე. ასევე, გეგმაში აქვს გააკეთოს პოდკასტები, რაც იქნება ერთგვარი ონლაინ ინსტრუქტორი მსმენელისთვის. ანუ შეძლებენ მოუსმინონ, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ კეთება ესა თუ ის ტექნიკა და იმუშაონ საკუთარ თავზე.

 

როგორია ბლოგის ავტორი, ბლოგს მიღმა

ბლოგის ავტორი ბლოგს მიღმა არის ქოუჩი, რომელიც მუშაობს პოლიტიკაში ანუ პოლიტიკოსებთან. საკმაოდ რთული მიმართულებით წავედი. ასევე ვარ ტრენერი. მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს და მუდმივად არეული სამუშაო გრაფიკი. ჩემი განტვირთვა არის ცეკვა და ღამე ფეხით სიარული. მეუბნებიან, რომ კომუნიკაციის კარგი უნარები მაქვს და ადამიანების დარწმუნება და მათთვის მოტივაციის მიცემა შემიძლია. ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ ტრენერის როლში. ძალიან მიყვარს ეს საქმე. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩნე ეს პროფესია და მგონია, რომ იქამდე არ მიცხოვრია. არადა საკმაოდ ბევრ პროფესიაში ვცადე საკუთარი თავი და ბევრი საინტერესო რამეც მიკეთებია. თუმცა, ვთვლი, რომ იყო ტრენერი, იყო ცოდნის გამავრცელებელი, ეს დიდი მოტივაციაა.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს?

ვისაც უნდა საკუთარ თავზე მუშაობა და საკუთარი უნარების გაუმჯობესება, ვურჩევდი, რომ წაიკითხონ პოლ მაკკენას წიგნების სერია: I can make you smarter, I can make you confident, I can make you happy და სხვ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ნომერი პირველი ჰიპნოზისტი. ყველა წიგნს მოყვება სიდი მისი აუდიო ჩანაწერით. ასევე ყველა ეს წიგნი არის დაწერილი ძალიან მარტივ, გასაგებ ენაზე და პირდაპირ არის მოცემული პრაქტიკული ინსტრუქციები და ტექნიკები.

 

 

 

მიზნის სწორად დასახვის ხელოვნება

ირინა ჭოჭუა

 

ქოუჩინგში ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი მიზნის სწორად დასახვაა. ამისათვის რამდენიმე კრიტერიუმი გვაქვს. დავიწყოთ სწორი ფორმულირებით. რაც უფრო ზუსტად და პოზიტიურად არის ფორმულირებული ის, თუ რა გინდათ, მით უფრო მეტი შანსია საკუთარ არაცნობიერს სწორი ქმედების ბრძანება მისცეთ და ამით მიიღოთ სასურველი შედეგი. კარგი შესაძლებლობები არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ამ კარგი შესაძლებლობების დანახვა და ამოცნობა.

რა გინდა? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ბევრ ადამიანას არ აქვს. ჩვენ ხშირად გვიჭირს ჩვენი მიზნების და სურვილების ჩამოყალიბება. უფრო მეტი წარმატებით ვიტყვით რა არ გვინდა, ვიდრე რა გვინდა. იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები ვიყოთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რისი მიღწევა გვინდა. ანუ შეგვეძლოს არჩევანის გაკეთება, ან ჩვენს მაგივრად სხვები გააკეთებენ ჩვენსავე არჩევანს.

როგორ უნდა დავსახოთ მიზანი სწორად?

ნაბიჯი პირველი – ზუსტად და პოზიტიურ ფორმაში ჩამოაყალიბეთ რა გინდათ. როგორი უნდა იყოს თქვენს მიერ მიღწეული შედეგი? პოზიტიურად ფორმულირება ნიშნავს იმის განსაზღვრას, თუ რა მიმართულებით გინდათ მოძრაობა და არა იმის დაკონკრეტებას თუ რა არ გინდათ. მაგალითად, „არ მინდა ჩემი ახლანდელი სამსახური“ – არასწორია. სწორი ფორმა იქნება „მინდა ახალი და კარგი სამსახური“, ან „მინდა ჩემს სამსახურში უკეთესი პირობების შექმნა“. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა იტყვით არ მინდა ეს ან ის, მაშინათვე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „თუ ეს არ მინდა, მაშინ ამის ნაცვლად რა მინდა?“

მეორე კრიტერიუმი არის კონტროლის ზონა. თქვენს მიერ დასახული მიზანი უნდა იყოს პირადად თქვენი კონტროლის ზონაში. მაგალითად, “თუ ვიღაც სხვა ადამიანი მოიმოქმედებს ამას და ამას, მე მივიღებ შედეგს” არის არასწორი ფორმულირება. სხვა ადამიანის ქმედებები შეიძლება იყოს თქვენი კონტროლის ზონაში? რა თქმა უნდა, არა. ამ შემთხვევაში სწორი მიდგომა იქნება, “მე რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ იმ სხვა ადამიანში ეს ქმედებები გამოვიწვიო?” – ეს უკვე თქვენი კონტროლის ზონაა.

შემდეგი პუნქტი არის SMART მოდელი და აქ ბევრი კითხვის დასმა მოგიწევთ საკუთარი თავისთვის. SMART მოდელი გულისხმობს თქვენი მიზანი რამდენად კონკრეტულია, გაზომვადია, მიღწევადია, მნიშვნელოვანია, რეალისტურია, დროში გაწერილია. კითხვების სერია კი ასე გამოიყურება: როგორ მივხვდები, რომ შედეგს მივაღწიე? ანუ რამდენად გაზომვადია შედეგები: რას დავინახავ, გავიგონებ ან ვიგრძნობ, როცა მიზანს მივაღწევ? რა დროში მინდა შედეგის მიღება? ანუ დროის მონახაზს ვაკეთებთ. რეალისტურია ამ დროში ამ შედეგის მიღება? ეს მიზანი მიღწევადია? რა რესურსები მაქვს და მჭირდება ამ მიზნის მისაღწევად? ეს რესურსები შეიძლება იყოს როგორც შინაგანი (ცოდნა, უნარები, მოტივაცია), ასევე გარეგანი (მატერიალური და არამატერიალური რესურსები).

ასევე გასათვალისწინებელია მიზნის რეალური მასშტაბები. თუ თქვენი მიზანი არის გრძელვადიანი, მაგალითად, შედეგს დაინახავთ 5 წლის შემდეგ, აუცილებელია საბოლოო მიზნამდე მისასვლელი ქვე-მიზნების გაწერა. დასვით კითხვა: საბოლოო მიზნამდე მისაღწევად რა მჭირდება? და რა პასუხებსაც დააფიქსირებთ, ის იქნება თქვენი ქვე-მიზნები, რომელსაც უფრო მოკლე ვადებშიც განახორციელებთ და ამ მიღწევებით მოტივაციაც აგიმაღლდებათ. დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა შეძლოთ, ყველა მიზანი უნდა იყოს მიღწევადი და რეალისტური. ყველაზე დიდი მოგზაურობებიც კი პირველი ნაბიჯით იწყება.

ასევე აუცილებლია იპოვოთ თქვენი მიზნის ღირებულებები იმისათვის, რომ მოტივაცია და სამოქმედო ენერგია გქონდეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: თუკი მე ამ მიზანს მივაღწევ, რას მაძლევს ეს? რისთვის მინდა ეს ყველაფერი? ეს მოგცემთ საშუალებას დასახოთ უფრო გრძელვადიანი მიზნები და იყოთ უფრო მოტივირებულები.

მიზნის სწორად დასახვის ბოლო ეტაპი არის ეკოლოგიურობა. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ გარკვეულ სოციუმში, გვყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, ნაცნობები და ა.შ. როდესაც მიზანს სახავთ, აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ეს შედეგები ხომ არ გამოიწვევს სხვა ადამიანებში, ვინც ჩემს გარშემოა, არასასურველ ცვლილებებს? იქნება თუ არა ამ მიზნის განხორციელება ეკოლოგიური სხვებისთვის? და პირველ რიგში რამდენად ეკოლოგიურია ეს მიზანი თქვენთვის? გაითვალისწინეთ, რომ არაეკოლოგიურ გარემოში სურვილებიც არაეკოლოგიური იბადება.

 

გადაცემის ჩანაწერი: