LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mothercare-ის პროდუქტი იმდენად მაღალი ხარისხისაა, ძალით თუ არ გააფუჭე, ძალიან რთულია არ იმუშავოს

3

14 მარტს რადიო ”ფორტუნა” და გვანცა ლაღიძის გადაცემა ”წარმატების ფორმულა” კომპანიის Mothercare დირექტორს ოთარ ქირიას სტუმრობდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატისტიკოსის პროფესიის მიღების შემდეგ, ოთარ ქირიამ ცოდნა მარკეტინგის მიმართულებით გაიღრმავა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროგრამით. მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო ორ – ბიზნესის და ჟურნალისტიკის სფეროში, პირველი სამუშაო გამოცდილება კი, გაზეთში ”7 დღე” შეიძინა.

– უკვე რამდენიმე წელია Mothercare საქართველოშია. რამ განაპირობა თქვენი წარმატება – სწორმა მარკეტინგმა, პიარმა თუ უბრალოდ მაღალმა ხარისხმა?

– წარმატების მთავარ ფაქტორად მარკეტინგი შემიძლია ჩავთვალო, რომლის ოთხ ელემენტს – პროდუქტი, ადგილი, ფართი და პრომოუშენი შეადგენს. მთავარი მათ შორის პროდუქტია. Mothercare-ის პროდუქტი იმდენად მაღალი ხარისხისაა, ძალით თუ არ გააფუჭე – ცუდ ადგილას არ გაუშვი და ცუდი პრომოუშენი არ გაუკეთე, ძალიან რთულია არ იმუშავოს კარგად. კომპანიის განვითარებას გარკვეული შეფერხებები ჰქონდა, რაც რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიის დახურვასთან იყო დაკავშირებული. 5 წელიწადზე მეტი ფუნქციონირებდა მაღაზია ამ მისამართზე, თუმცა საბოლოოდ მაინც მოგვიწია ლოკაციის შეცვლა. ძველი ადგილის დატოვებამ ყველაზე მეტად მე დამწყვიტა გული, რადგან 2007 წლიდან ვმუშაობ ამ აზერბაიჯანულ-ინგლისურ კომპანიაში. მაღაზია რუსთაველზე სექტემბერში დავხურეთ, თებერვალში კი East Point-ში გავხსენით, რომლის პროდუქციაზე აბსოლუტურად არ იმოქმედა ლარის კურსის ცვლილებამ, რაც სხვათა შორის ჩვენი ზარალის ხარჯზე ხდება. მართალია, მინუსში არ ვართ, მაგრამ შემოსავალს ვიკლებთ. ჩემი აზრით, ეს მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან თუ ადამიანი სწორად აზროვნებს, მაშინ საკითხი შემდეგნაირად უნდა დააყენოს – რა უფრო წამგებიანია, მომხმარებლის დაკარგვა თუ რამდენიმე ლარის თითოეულ პროდუქტზე.

– აქვს თუ არა ბრენდის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა ბიზნეს გარემოს?

– გარემო ნებისმიერ შემთხვევაში ახდენს გავლენას ბიზნესზე, რა პროდუქციასაც არ უნდა აწარმოებდე. სწორედ ბიზნეს გარემოზეა დამოკიდებული ლარის კურსის ცვლილებაც. იმპორტზე საუბრისას კი, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, სტაბილურად განვითარებად ბიზნეს გარემოს, რომელიც ჩემი აზრით დღეს არის ქვეყანაში. მართალია, გარკვეული რყევები შეიმჩნევა, მაგრამ სიტუაციის გაუმჯობესება ყველას შეუძლია – სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც, რადგან სახელმწიფო სინამდვილეში ხომ ისევ ხალხია.

– ვის მიიჩნევთ კონკურენტად ქართულ ბაზარზე?

– ერთის მხრივ, ჩვენი კონკურენტები Zara, Prenatal და chicco არიან, მეორეს მხრივ, ყველა ჩამოთვლილი და კიდევ ძალიან ბევრი ბრენდის პროდუქციის შეძენა შეიძლება ჩვენს მაღაზიაში. მართალია, Prenatal-ს ფართო ასორტიმენტი აქვს, მაგრამ Mothercare რაოდენობით ჯობნის. ჩვენ მრავალპროფილიანი მაღაზია ვართ, სადაც ბავშვის მოვლის და გაზრდისთვის აუცილებელი უამრავი ბრენდია წარმოდგენილი.

648b839e-1bb0-40da-b399-068c1661b247– თქვენი მოღვაწეობა უოლ სთრითსაც უკავშირდება. ჯორდან ბელფორტის ჩამოყვანის იდეაც სწორედ თქვენ გეკუთვნით. კიდევ თუ იგეგმება მსგავსი პროექტები?

– მართლაც ძალიან საინტერესო და ამბიციური პროექტი იყო. რთული აღმოჩნდა ბელფორტის დათანხმება, შემდეგ თანხის მოძიება, რადგან მის ჩამოსაყვანად წინასწარ იყო გარკვეული თანხის გადახდა საჭირო. არანაკლებ რთული იყო მისი ვიზიტის ორგანიზება, რომლითაც მე მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ. ჩემი აზრით ქართული საზოგადოება ჯერ მზად არაა მსგავსი პროექტებისთვის, რადგან რეზონანსი მას საზღვარგარეთ უფრო დიდი ჰქონდა, ვიდრე საქართველოში.

– ბევრი კომპანია საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს. არის თუ არა თქვენს მიერ ორგანიზებული მასტერკლასები პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი?

– ძალიან ბევრი გავაკეთე ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მე ამას ვოლონტარულად ვაკეთებ და არანაირი ფინანსური მოგება არ მაქვს. აქედან გამომდინარე, როცა ვხედავ, რომ მოთხოვნა ნაკლებია, ჩემშიც იკლეს ამის კეთების სურვილი.

– როგორი მენეჯერი ბრძანდებით?

– მკაცრი და მომთხოვნი ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი მოთხოვნები ყოველთვის სამართლიანია, რადგან არასდროს ვითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. გარკვეული სირთულეები მაქვს, რადგან ძალიან ემოციური ვარ და ჩემი ემოციები ყველაფერში ვლინდება, თუმცა დაბალანსებას მაინც ყოველთვის ვახერხებ.

– როგორი პედაგოგი ხართ და რა ურთიერთობა გაქვთ სტუდენტებთან?

– საკმაოდ კარგი პედაგოგი ვარ. ვცდილობ მეტ-ნაკლებად რბილი ვიყო, ჩვენს შორის ზედმეტი კედლები არ ავაშენო. სტუდენტებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა, რადგან მეც ვასწავლი და მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ.

937751a8-3ae0-4392-9b3e-7f0b65e9d37c– რომელ პროფესიაში და რომელ სამასახურში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– პრინციპში ყველგან კომფორტულად ვარ.

– მთავარი რჩევა, რომელიც თუნდაც ჯორდან ბელფორტისგან მიიღეთ და ხშირად მიმართავთ კომპანიის განვითარებისთვის?

– აუცილებელია დაგეგმვა და გეგმის მიყოლა. თუმცა, მანამდე ბრაიან ტრეისი იყო, რომელმაც ტელევიზორის გადაგდება გვირჩია.

– რა გეგმები აქვს Mothercare-ს სამომავლოდ?

– გაფართოებას და ჩვენი მაღაზიების გახსნას ვგეგმავთ თბილისსა და ბათუმში. აპრილიდან კი, სპეციალური შეთავაზებების აქციებს დავიწყებთ.

 – რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად.

ბლიც-კითხვები:

– რა არის Mothercare სლოგანი?

– ”ბავშვის მოვლა დაბადებამდე და სამუდამოდ!”

– რა არის დილის გადაცემის წაყვანის მთავარი მოტივატორი?

– სიახლე, როცა ყველაფერი სუფთა და ახალია.

– რა აქსესუარს იყენებთ ყველაზე ხშირად?

– საათს.

– როგორ ისვენებთ დატვირთული დღის შემდეგ?

– ფილმებს ვუყურებ, წიგნს ვკითხულობ და ლუდს ვსვამ.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა.

– საჩუქრის მიღება უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ გაცემა?

– რა თქმა უნდა, გაცემა.

– აზრი, რომელიც ახლა გებადებათ?

– ყავა მინდა.

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა?”

– ყავის ჭიქას.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ძალიან კარგი!

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– შრომა უნდა უყვარდეს და არ უნდა რცხვენოდეს ნებისმიერ სფეროში მუშაობა. საქართველოში რატომღაც სამარცხვინოდ მიიჩნევა მომსახურების სფერო, თუმცა ადამიანების მომსახურება აბსოლუტურად არაა სამარცხვინო საქმიანობა.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები