LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ნავთობი იაფდება – რა მოხდება საქართველოში, შემცირდება თუ არა საწვავის ფასები

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ეცემა. როგორც ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, მიმდინარე კვირაში ნავთობი 5%-ით გაიაფდა. მისი თქმით, მთავარი მიზეზი საუდის არაბეთის გადაწყვეტილებაა, რომ გაზრდის ნავთობის მოპოვებას და შესაბამისად – მიწოდებას. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ოპეკის“ ქვეყნებმა მაქსიმუმი ამოწურეს, რასაც განვითარებული მოვლენები აჩვენებს. მისი ინფორმაციით, მსოფლიოში სპეციალისტების პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა მცირდება და ნავთობზე მოთხოვნა მცირდება.

რაც შეეხება სავალუტო ბაზრებს, ექსპერტი განმარტავს, რომ აქ საკმაოდ საინტერესო მოვლენები ვითარდება. დავით წიქარიძის თქმით, საფონდო ინდექსები ეცემა, ამავე დროს დოლარი მყარდება. ანალიტიკოსი ტრამპის პოლიტიკას სწორად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილებების შედეგად, ჩინეთიდან და განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალი ამერიკაში ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ჯანსაღდება და დოლარი მყარდება. ევროს კი წიქარიძის თქმით, პრობლემები აქვს, რადგან იტალია ევროკავშირთან ბიუჯეტს ვერ ათანხმებს და ევროს დასუსტების ძირითადი მიზეზი ეს პროცესია.

საქართველოში კი, ბენზინის გაიაფებას ამ ეტაპზე ექსპერტები არ ელიან, მიზეზად კი ლარის გაუფასურებას ასახელებენ.