მთავარია იცოდე რისთვის მუშაობ და სირთულეებს აუცილებლად გადალახავ

მთავარია იცოდე რისთვის მუშაობ და სირთულეებს აუცილებლად გადალახავ

27 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანია „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი სოფო ჯიქია სტუმრობდა.

მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სოფომ თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა ხელოვნების ფაკულტეტზე და დღემდე ამავე აკადემიაში მუშაობს ხელოვნების კანცლერის თანაშემწედ.

– ქალბატონო სოფო, როგორ გაჩნდა კომპანიის „ჩირიფრუტი“ შექმნის იდეა. რამდენადაც ვიცი, ბიზნესში თავიდანვე მთელი ოჯახი ერთად ჩაებით?  

– ერთი შეხედვით იდეა სპონტანური იყო, თუმცა სინამდვილეში, ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გაჩნდა, რადგან სპონტანურობა მხოლოდ დიდი ფიქრის შედეგია, რომლის რეალიზაციას გარკვეულ ეტაპზე ახერხებ. მამას გამოგზავნილ ჩირს ვუყურებდი და ძალიან მომეწონა. მერე დებს დავურეკე და მათთან ერთად უფრო სერიოზულად დავიწყე ჩირის წარმოებაზე ფიქრი. მოგვიანებით, მცირე დანადგარები შევიძინეთ და ექსპერიმენტი ჩვენი შვილების მონაწილეობით დავიწყეთ. გვაინტერესებდა რამდენად მიიზიდავდა ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს, ამიტომ ჩირი გამჭვირვალე ჭიქებში მოვათავსეთ და ქუჩაში გავედით. ჩვენი მთავარი მიზანი ვიზუალურად მიმზიდველი, ინოვაციური და, რა თქმა უნდა, გემრიელი პროდუქტის შექმნა იყო, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა, როცა ჩირმა უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია და მივხვდით, რომ მისი წარმოება აუცილებლად წარმატებული იქნებოდა.

– „ჩირიფრუტის“ პროდუქცია მართლაც ინოვაციური და განსხვავებულია. საინტერესოა, რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?

– კომპანია მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მთავარი მიზანიც მათთვის ჯანსაღი პროდუქტის შეთავაზებაა, რომელიც ერთდროულად გემრიელიც იქნება, ვიზუალურად საინტერესოც და არა მარტო ადგილობრივ მომხმარებელს დააინტერესებს, არამედ უცხოელებსაც მიიზიდავს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოელებისთვის ქართული პროდუქტი ყოველთვის ხარისხთან და ინოვაციასთან ასოცირდებოდეს.

– სად შეიძლება „ჩრიფრუტის“ შეძენა?

– ჩვენი პროდუქტი სუპერმარკეტებში იყიდება. მალე სარეალიზაციო ქსელს გავაფართოვებთ და იმედი გვაქვს უფრო მეტი მომხმარებელი შეძლებს მის დაგემოვნებას.

– თქვენ ხელოვანი ბრძანდებით, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესში ძალების მოსინჯვა?

– ბიზნესის წამოწყება შვილების მომავალზე ფიქრმა გადაგვაწყვეტინა. მე ოთხი შვილი მყავს, ჩემს დას კი – ექვსი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მათთვის უზრუნველყოფილი მომავალის შექმნას კი, სერიოზული ფინანსები სჭირდება. სწორედ ეს იყო პირველი ბიძგი, რამაც ბიზნესის დაწყება გვაფიქრებინა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტის შეთავაზება.

– როგორ გადანაწილდა მოვალეობები ოჯახურ ბიზნესში და რამდენად ახერხებთ ბიზნესის და საშინაო საქმეების შეთავსებას?

– თავიდანვე გავაერთიანეთ ჩვენი ნიჭი და შესაძლებლობები. მე კომუნიკაციის კარგი უნარი მაქვს, უფროს დას კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება, უმცროსს კი – დიზაინის არაჩვეულებრივი ნიჭი. ყველაფერი გავითვალისწინეთ, სწორი ორგანიზების წყალობით კი დრო ერთმანეთისთვის და საკუთარი ოჯახებისთვისაც გვრჩება. ვფიქრობ, მთავარი სურვილი და მოტივაციია, იცოდე რისთვის მუშაობ და მერე ნებისმიერ ბარიერს გადალახავ.

– რამდენად ხშირად გიხდებათ ბარიერების დაძლევა?

– სირთულეები ყოველთვის იქნება და მათი დაძლევაც ხშირად მოგვიწევს. თუმცა, ვფიქრობ გამოწვევები აუცილებლად უნდა იყოს, რადგან მათ გარეშე მუშაობა ნაკლებად საინტერესოა.

– აპირებთ თუ არა საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას?

– ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ ცოდნის და გამოცდილების შეძენაა საჭირო, რათა ექსპორტზე მუშაობისას არ დავუშვათ სერიოზული შეცდომები. ჩირის ტექნოლოგია საკმაოდ რთულია, რომელსაც დახვეწა სჭირდება. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მიღწევები და გამოვიმუშავოთ გარკვეული უნარები, რაც სრულფასოვანი ცოდნისა და გამოცდილების შეძენაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დანადგარები. ჩვენ ორი დანადგარი გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან წარმოება მეტად შრომატევადი პროცესია, რომელსაც სერიოზული ფინანსები სჭირდება. მართალია, ჯერჯერობით ვახერხებთ მატერიალურ უზრუნველყოფას, მაგრამ დახმარება და დამატებითი ინვესტიცია ნამდვილად არ გვაწყენდა.

– თქვენი აზრით, რამდენად აქტიურად უნდა იყოს ქალი ბიზნესში ჩართული?

– ვფიქრობ, ქალბატონებს საკმაოდ ბევრი მიმართულების განვითარება შეუძლიათ ბიზნესში. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი და  არა მხოლოდ მომავალ თაობას, არამედ ჩვენი ასაკის ადამიანებსაც, რადგან დღეს, კარგი მაგალითი უკვე გმირობის ტოლფასია, ჩვენ კი უნდა შევძლოთ გავხდეთ გმირები.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია საზოგადოებისთვის ქალი ბიზნესში?

– ვფიქრობ, ყველას მოსწონს საქმიანი ქალი. პირადად მე, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ შორის მამაკაცებისგანაც.

– რა განსაზღვრავს წარმატებულ საქმიან შეხვედრას?

– ჩვემთვის მთავარი მოტივატორი ჩვენი პროდუქციაა, რომლის შესახებ ყველაფერი დეტალურად ვიცით და წარდგენაც თამამად შეგვიძლია, საქმიან შეხვედრებზე კი, პირველ რიგში საჭირო ცოდნას ვიძენთ, რადგან ჩვენი კომპანია მხოლოდ სამი წლისაა და ამგვარი გამოცდილება ჯერ არ გავქვს.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს ტოვებთ სხლს?

– ზოგადად, ჩემი დილა ძალიან დატვირთულია, ბევრს ვერ ვასწრებ და ზოგჯერ თმასაც ქუჩაში ვისწორებ, ასე რომ, აქსესუარებიც ხშირად მრჩება სახლში.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი კომპანია და რამდენად დაცულია გენდერული ბალანსი?

– კომპანიაში ექვსი ადამიანი ვმუშაობთ, თავიდან მხოლოდ ოჯახის წევრები ვიყავით, მოგვიანებით კი, რამდენიმე თანამშრომელი შემოგვემატა. მიხარია, რომ კარგი გუნდი გვყავს, რადგან სწორედ გუნდური მუშაობით იქმნება საუკეთესო პროდუქტი. რაც შეეხება გენდერული ბალანსს – სამწუხაროდ, დაცული არაა, რადგან კომპანიაში მხოლოდ ქალბატონები ვართ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ზოგჯერ ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ მაქვს საკმაარისი გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში რჩევას ყოველთვის ჭკვიან, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხები და ძალიან ვაფასებ მათ დახმარებას.

 

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს „ჩირიფრუტს“?

– „არ დანებდე!“

– შოკოლადი უფრო გიყვართ თუ ჩირი?

– არაჩვეულებრივია ორივე ერთად!

– ფრაზა, რომელსაც ყველზე ხშირად იმეორებთ დღის განმავლობაში?

– „გიყვარდეს საკუთარი საქმე და ყველაფერი გამოვა!“

– ჰობი, რომელსაც სიამოვნებით უთმობთ თავისუფალ დროს?

– ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა პიანინოზე დაკვრაა. განსაკუთრებით მიყვარს, როცა მთელი ოჯახი ერთად ვმღერით.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– სამწუხაროდ, ხატვა არ მეხერხება. ერთხელ ვცადე და გადავწყვიტე, რომ მეორედ ფანქარს აღარასდროს ავიღებდი ხელში.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა გაერკვეს რისი გაკეთება შეუძლია, აუცილებლად დაფიქრდეს და ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, მერე კი, ძალა და ენერგია არ უნდა დაიშუროს მიზნის მისაღწევად.

28 მარტი, 2017

სხვა ჩანაწერები