LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია რაჯებაშვილი: “მთავარი საქმის სიყვარული, მუდმივი წინსვლა და რწმენაა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოვა”

13

16 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სატრანსპორტო და საბაჟო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის Greenway Logistics დამფუძნებელი ნატალია რაჯებაშვილი სტუმრობდა.

ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ქალბატონმა ნატალიამ საბაჟო სამსახურში გადაინაცვლა, 19-წლიანი სამუშაო გამოცდილების შეძენის შემდეგ კი, საკუთარი კომპანია Greenway Logistics შექმნა.

– ქალბატონო ნატალია, როდის დაარსდა კომპანია Greenway Logistics?

– კომპანია 2012 წელს დაარსდა, თუმცა თავად, ამ სფეროში ბევრად ადრე, თითქმის 20 წლის წინ დავიწყე საქმიანობა, როცა საქართველოდან აქტიურად ემიგრირებდნენ ახალგაზრდები, მე ქვეყანაში დარჩენა, სამსახურის აქ მოძიება გადავწყვიტე და ძალიან გამიმართლა, როცა  „ლილო 1“-ის ტერმინალში აღმოვჩნდი საბაჟო ოპერატორის პოზიციაზე. საკმაოდ მძიმე იყო 1990-იანი წლების ბოლო და ჩვენც უამრავი ბარიერის დაძლევა მოგვიხდა, თუმცა ვფიქრობ, სწორედ სირთულეებმა გაგვაძლიერა. მოგეხსენებათ, პროფესიით ეკონომისტი ვარ, ამიტომ სფერო, რომელშიც ჩავერთე კარგად იყო ჩემთვის ნაცნობი და მუშაობამაც ძალიან გამიტაცა. მოგვიანებით, 2000 წელს, როცა საბაჟო-საბროკერო სფეროში ახალი ლიცენზიები გაიცა, ჩვენი კომპანია მისი პირველი მფლობელი, მე კი, პირველი ბროკერი გავხდი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთი გააფორმა.

– რამ გადაგაწყვეტინათ გადაზიდვების კომპანიის შექმნა?

– 2010 წელს საბაჟო-საბროკერო კომპანიების ლიცენზიების გაუქმებასთან ერთად, როცა ყველაფრის თავიდან დაწყება და უამრავი პრობლემის დაძლევა მომიწია, მივხვდი, ისე უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის სიახლე, რომ არ გადამეხვია ერთხელ არჩეული გზიდან. საბაჟო სფეროში მიღებული გამოცდილების შემდეგ, საერთაშორისო გადაზიდვების სფეციფიკის შესწავლა დავიწყე და აბსოლუტურად ახალი, ე.წ. კარიდან კარამდე სერვისი შევთავაზე მომხმარებელს, რომელმაც გადაზიდვები, საბაჟო მომსახურება გააერთიანა და ძალიან გაამართლა.

– რამდენად სწრაფად განვითარდა კომპანია?

– 24-საათიანი დაუღალავი შრომის წყალობით კომპანია საკმაოდ სწრაფად და წარმატებით განვითარდა. ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი მოვალეობების პირნათლად შესრულება და მომხმარებლთან სრული პასუხისმგებლობით ურთიერთობა, მისი მოთხოვნილებების, სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა  და ვფიქრობ, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა ჩვენი წარმატება.

– გყავთ თუ არა უკმაყოფილო კლიენტები და რას ეუბნებით მათ პირველ რიგში?

– მართალია, უკმაყოფილო მომხმარებელი გვყავს, რომლებთანაც ვმუშაობთ და საბოლოოდ მაინც ვახერხებთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაგრამ ერთგული კლიენტი უფრო მეტი გვყავს, ვისთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

– რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი კომპანიაში, რომელსაც ქალბატონი ხელმძღვანელობს?

– რა თქმა უნდა, დაცულია. 21-ე საუკუნეში კომუნიკაციის აუცილებლობაზე არავინ დაობს და როგორც ჩანს, ამ სფეროში ქალბატონები ბევრად ძლიერები ვართ.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას?

– სამომავლოდ გაფართოვებას, დამკვეთთა რიცხვის გაზრდას, მათთვის მეტი სერვისის შეთავაზებას და უცხოელ პარტნიორებთან ბევრად ინტენსიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ.

– რამდენად რთულია დღეს პროფესიონალი კადრების მოძიება?

– მართალია, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ რამდენიმე სასწავლებელთან გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც ახალგაზრდები საერთაშორისო გადაზიდვების სფეციფიკას სწავლობენ, მერე კი, ჩვენთან გადიან პრაქტიკას. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს პროფესია და გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

– როგორია შინაგანაწესი თქვენს კომპანიაში?

– ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინის დაცვაა, რაც პირველ რიგში სამსახურში დროულად გამოცხადებას გულისხმობს, თუმცა უმთავრესი მოთხოვნა მაინც მომხმარებლთან კომუკაციაა, მის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.

– რა არის კომპანიის განვითარების მთავარი მოტივაცია?

– ვფიქრობ, ბიზნესი პატარა ბავშვივითაა, რომელიც ვერ ამბობს რა სჭირდება, ამიტომ თავად უნდა მიხვდება რა უჭირს და დროულად დაეხმარო, მერე კი, როცა იზრდება და ვითარდება, ნათელი ხდება მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – გაფართოვება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– იძულებული ვარ სწრაფად გადავწყვიტო, თუმცა თუ საკმარისი დრო მაქვს, ყველა საკითხს თანამშრომლებთან განვიხილევ და გადაწყვეტილებასაც ერთად ვიღებთ.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანით სარგებლობს კომპანია?

– „სწორი გზა თქვენი ბიზნესის მხარდასაჭერად!“

– აქსესუარი, რომელიც ყოველთვის თან გაქვთ?

– ჯვარი და სამაჯური.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყავის მირთმევა.

– ბიზნესპარტნიორის თვისება, რომელმაც შესაძლოა მოლაპარაკების ჩაშლა გაიძულოთ?

– ნებისმიერ საქმიან ურთიერთობას შევწყვეტ თუ პარტნიორის ზერელე დამოკიდებულება შევამჩნიე საქმის მიმართ.

– გაქვთ თუ არა საოცნებო პროფესია?

– ბავშვობიდან მიტაცებდა კოსმეტოლოგია და ალბათ, კოსმეტოლოგი ვიქნებოდი.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ერთად ყველაფერი გამოვა!“

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ბედნიერი ადამიანების სახეებს, რომლებიც ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, კონკრეტულად განსაზღვრული ფორმულა არ არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, მთავარი საქმის სიყვარული, მუდმივი წინსვლა და რწმენაა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოვა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, არ დაიხიოს უკან და ყოველთვის შეუპოვრად იბრძოლოს მიზნის მისაღწევად!

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები