ნათია მეფარიშვილი: „წარმატების მთავარი გარანტორი სწორად დასახული მიზანი, საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომაა”

ნათია მეფარიშვილი: „წარმატების მთავარი გარანტორი სწორად დასახული მიზანი, საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომაა”

გადაცემის ლაივი LIVE

28 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა” ორგანიზაციის „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ თავმჯდომარე, ქალბატონი ნათია მეფარიშვილი სტუმრობდა.

თეატარალური უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების და სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ხელოვნებათმცოდნეს პროფესიის შეძენის შემდეგ, ქალბატონმა ნათიამ ბიზნესის ადმინისტრირების და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გალერეას „ქისა“ დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა საბჭოს თავჯდომარე.

– ქალბატონო ნათია, მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი გქონათ ნიდერლანდებში, რომელიც მეწარმე ქალთა საბჭოსა და საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. საინტერესოა, რა შედეგით დაბრუნდით და რამდენად კმაყოფილი ხართ მოგზაურობით?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან სასიამოვნოა ნიდერლანდების საელჩოსთან თანამშრომლობა. სწორედ მათი ინიცირებით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ძალიან საინტერესო ერთწლიანი პროგრამა, რომელიც არა დამწყები, არამედ საკუთარ სფეროში გამორჩეული და სოლიდური გამოცდილების მქონე 14 მეწარმე ქალბატონის ნიდერლანდებში მოგზაურობას ითვალისწინებს პოტენციალური პარტნიორების მოსაძიებლად და საკუთარი პროექტებით დასაინტერსებლად. მართლაც საინტერესო შეხვედრები გვქონდა, სამომავლოდ კი, სოლიდური ხელშეკრულებების გაფორმებას ვიმედოვნებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს  ქართველ ქალბატონებს ერთის მხრივ გაიცნონ უცხოელი პარტნიორები და დაამყარონ მათთან საქმიანი კავშირები, მეორეს მხრივ კი, დაეხმარონ სხვებს საკუთარი საქმის განვითარებაში.

– თქვენს პირველად პროფესიას თუ დავუბრუნდებით, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ გარკვეულ წარმატებას რეჟისურაშიც მიაღწიეთ,

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ წარმატება მეტად უცნაური მცნებაა, რადგან წლების წინ, როცა სტუდენტი ვიყავი, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა მქონდა, დღეს კი, ჩემი წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ოპტიმალური ფორმულირებას ჯერ ვერ მივაგენი და ისევ ძიებაში ვარ. რაც შეეხება რეჟისურას – მართლაც არაჩვეულებრივი წლები იყო, როცა საკურსო, სადიპლო ფილმებზე ვმუშაობდი და კინოფესტივალებში ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ქართული კინოინდუსტრია ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ამიტომ რეჟისორობაზე უარი ვთქვი და პროდიუსერობა გადავწყვიტე, რამაც ძალიან გაამართლა კომერციულად.

– სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა გალერეა „ქისა“, რამდენად წარმატებულია ახალი წამოწყება?

– დარწმუნებული ვარ, გალერეა „ქისა“, რომელიც 120-მდე ავტორს აერთიანებს, ძალიან ბევრისთვის იქცევა წარმატებისკენ მთავარ გზად. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ერთნაირად ვზრუნავთ როგორც უცხოელი ტურისტების, ისე ქართველი მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებაზე,  რადგან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ შემოქმედებითი კავშირის შექმნა, ქართველი ავტორების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში რამდენად გრჩებათ დრო ოჯახისთვის?

– მართალია, საქმე ყოველთვის ბევრია, მაგრამ ოჯახისთვის საკმარისი დროის გამონახვა მაინც აუცილებელია.

– თქვენი აზრით, რა განაპირობებს საქმიანი შეხვედრის წარმატებას?

– თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესეტიკეტი ნამდვილი ხელოვნებაა, რადგან ნებისმიერმა უნდა შეძლოს პარტნიორის რამდენიმე წუთში ამოცნობა, დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა და შეხვედრის შედეგიანად წარმართვა.

– რა განგაწყობთ საქმიანი პარტნიორის მიმართ პოზიტიურად?

– ვფიქრობ, მთავარია ადამიანი ნამდვილი და ბუნებრივი იყოს, რადგან ხშირად ძალიან გამაღიზიანებელია როცა წინასწარ დაზეპირებული ტექსტით გესაუბრებიან და ვერ გრძნობენ, რამდენად ყალბია მათი სიტყვები.

– რა სტილის ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას?

– რა თქმა უნდა, საქმიანი შეხვედრა უკვე ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, რადგან ვიზუალური მხარე ადამიანის საქმიანობასაც ასახავს. მართალია, ახლა შედარებით მკაცრ, კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ბევრად თავისუფალ სამოსს ვატარებდი.

– აქსესუარი, რომელიც ყოველთვის თან გაქვთ?

– სამაჯური, რომელიც ძალიან მიყვარს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სიტუაციას გააჩნია. ზოგადად, ძალიან სულსწრაფი ვარ და ვფიქრობ, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია ინტუიცია და სწრაფად რეაგირება.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „სიამოვნებით“, „გმადლობ“ და „რატომაც არა?“

– გალერეა „ქისას“ ლოგანი?

– „შეავსე შენი ქართული ქისა!“

– გაქვთ თუ არა დღის სლოგანი?

– ალბათ, „ეს საქართველოა!“

– როგორ იწყება თქვენი დილა – ნატურალური წვენით თუ ფინჯანი ყავით?

– დილას ყავის მირთმევა მირჩევნია.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მიყვარს ჰერმან ჰესეს და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის შემოქმედება.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– თვითონ არაფერს ვაგროვებ, თუმცა კოლექციონერი მეგობრებისთვის ხშირად ჩამომაქვს სუვენირები უცხოეთიდან.

– როგორც ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ, აუზსს სტუმრობთ თუ ბარს მეგობრებთან ერთად?

– ბარში მივდივარ მეგობრებთან ერთად.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ამზადებთ?

– მიყვარს ხაჭაპურის ცხობა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– თქვენ დაგხატავდით, რადგან ბევრი ქალისთვის მართლაც წარმატების სტიმული ხართ.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია, წარმატების მთავარი გარანტორი კი, სწორად დასახული მიზანი, საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

31 მაისი, 2018

სხვა ჩანაწერები