LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: “ნებისმიერი წარუმატებლობა, სინამდვილეში წარმატებისკენ მიმავალი გზაა”

30

7 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა სტუმრობდა.

თბილისის 56-ე საშუალო სკოლის ოქროს მედლით დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტეტში გააგრძელა ეკონომიკის ფაკულტეტზე, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც მიიღო. თუმცა, საკმაოდ სერიოზული სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადაწყვიტა, რომ წლების წინ დაცული დისერტაცია საკმარისი არ იყო და ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა დიდი ბრიტანეთის კუმბრიის უნივერსიტეტში.

მუშაობა ქალბატონმა ნათიამ საკმაოდ ადრე, 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო სახელმწიფო კანცელარიაში. 2000 წელს  ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და მიუხედავად მინისტრების ხშირი ცვლილებისა 2006 წლის ჩათვლით იკავებდა ამ თანამდებობას. მოგვიანებით, როგორც თავად აღნიშნა, ძალიან გაუმართლა და კერძო სექტორში გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილ კომპანიაში ”ენერგეტიკის კორპორაციაში”, შვიდი წელი იმუშავა გენერალური დირექტორის პოსტზე. 2013 წელს კი, მეტად საინტერესო შეთავაზება მიიღო და სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილის პოსტი ჩაიბარა.

14970879_1348429471843347_1912715207_o– ქალბატონო ნათია, საკმაოდ სერიოზული, 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება შეიძინეთ კერძო და საჯარო სფეროში. საინტერესოა, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– პირველ რიგში უნდა ავხსანა, რას ნიშნავს ჩემთვის კომფორტი, რადგან ეს სიტყვა ყველას თავისებურად ესმის. ჩემთვის კომფორტი არ ნიშნავს დიდ კაბინეტს, რადგან ეს უფრო სამუშაო გარემოსთვისაა აუცილებელი, ვიდრე კომფორტისთვის. ჩემთვის მთავარი საინტერესო სამსახურია. ძალიან გამიმართლა, რადგან ყველგან – საჯარო და კერძო სექტორშიც, ძალიან საინტერესო საქმეს ვასრულებდი. უამრავი გამოწვევა, რთული ამოცანა და პრობლემა გადამიჭრია, მაგრამ როგორც კი, სამუშაო ინტერესს კარგავდა და ერთგვარ რუტინას ემსგავსებოდა, სწრაფად ვიცვლიდი სამუშაოს. ამგვარი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მოხდა – ჯერ საჯაროდან კერძო სექტორში გადავედი, მოგვიანებით კი, საპარტნიორო ფონდში დავიწყე მუშაობა, რომელიც შეიძლება ითქვას ორივე სექტორს აერთიანებს, რადგან თავისი იურიდიული ფორმით კორპორაციაა და მართალია, კერძო საინვესტიციო ფონდის პრინციპებით ხელმძღვანელობს, მაგრამ მაინც სახელმწიფო კომპანია და სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სუბიექტია.

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, როგორ ახერხებთ ასეთი ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნებას?

– ძალიან მარტივად შემიძლია გიპასუხოთ. თვითონ საქმე და სამსახური მაიძულებს ვიყო მუდმივად ფორმაში.

– რამდენადაც ვიცი, საპარტნიორო ფონდის, საქართველოს განვითარების კორპორაციად ფორმაცია იგეგმება. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

– პირველ რიგში, მოდით დავაზუსტოდ. საპარტნიორო ფონდის გარდაქმნის კონკრეტული კანონპროექტი ჯერ არ განიხილება. თუმცა, ჩვენ შექმნის დღიდან ვეძებთ ჩვენს ადგილს და როლს ეკონომიკურ პოლიტიკაში, მუდმივად ვვითარდებით და დღესაც მზად ვართ რეფორმებისთვის თუ საკანონმდებლო დონეზე დადგება ამგვარი ცვლილებების აუცილებლობა. ალბათ იცით, რომ პრემიერ-მინისტრმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და ახალი სტრატეგია გამოაცხადა. არსებობს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა ვითარდება, საპარტნიორო ფონდი კი, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია, რა თქმა უნდა, ვერ გამოაკლდება ამ პროცესებს. გამომდინარე აქედან, ვეძებთ ახალ გზებს და ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდებით – მაქსიმალურად ვცდილობთ გავამარტივოთ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესი. საბედნიეროდ, საქართველოც და საპარტნიორო ფონდიც იმდენად რეიტინგული და მიმზიდველი გახდა, რომ ინვესტორების დიდი ინტერესიც დავიმსახურეთ და ინვესტიციებიც სხვადასხვა სფეროში საკმაოდ აქტიურად განხორციელდა. გარდა ამისა, ვცდილობთ არა კონკრეტული პროექტების, არამედ ზოგადად  პროგრამულ დაფინანსებაზე გადასვლას. ამის საუკეთესო მაგალითია ”სტარტაპი”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ. ინიციტივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა, ჩვენ კი სწრაფად ავიტაცეთ და სპეციალური ”სტარტაფ-ფონდი” შევქმენით, რომელიც ახლადწამოწყებულ ბიზნესებს აფინანსებს, რაც, სხვათაშორის, აქამდე შეუძლებელი იყო, ახლა კი, სწორედ ამგვარ ბიზნესებში ვდებთ ფინანსებს. მართალია, ამგავრი პროექტები მცირე, მაქსიმუმ 100 ათასი ლარის დაფინანსებას გულისხმობს, მაგრამ ჯამში საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი გამოდის. 36 პროექტი უკვე განვახორციელეთ, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი, რომელიც ყოველ ორ-სამ თვეში განახლდება და მალე სისტემატიური გახდება.

15007572_1348429475176680_1755573513_o– საკმაოდ ბევრ პროექტზე მუშაობთ ტურიზმის სფეროშიც, ერთ-ერთი მათ შორის წინადალის ”რედისონია”. რა სიახლეებია ამ კუთხით?

– ტურიზმი საპარტნიორო ფონდისთვის ტრადიციული დარგია. დავაფინანსეთ რამდენიმე სასტუმრო და გამოვედით ამ პროექტებიდან, რადგან პარტნიორებმა საკმაოდ წარმატებულად გამოისყიდეს ჩვენი წილი. ჩვენ არასდროს ვრჩებით ბოლომდე ბიზნესებში და ყოველთვის ვაძლევთ კერძო კომპანიებს ჩვენი წილის გამოსყიდვის საშუალებას, მერე კი, ახალ პროექტებს ვაფინანსებთ. ამ წუთისთვის რამდენიმე მსხვილი სასტუმროს პროექტში ვართ ჩართული, რომელთა შორისაა ხუთვარსკვლავიანი ”რიქსოსი” ლიკანში, სადაც ყაზახებთან ერთად ვმუშაობთ, ასევე ”რედისონ-წინანდალი”, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმროა კახეთში, მისი დაფინანსება კი, კერძო კომპანიებთან ერთად დავიწყეთ. პატარა, მაგრამ ძალიან კარგი სასტუმროს ”ბესტ ვესტერნის” პროექტი განვახორციელეთ ქუთაისში. ალბათ იცით, რომ ეს ცნობილი ბრენდია, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად ქუთაისში შემოვიყვანეთ. გარდა ამისა, გვაქვს ტურიზმის განვითარების მეორე მიმართულებაც, ანუ არა კონკრეტული სასტუმროების დაფინანსების, არამედ მთელი რეგიონების განვითარების გეგმა. სწორედ ასე გავაკეთეთ წყალტუბოში, დავინახეთ, რომ ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო, თუმცა ბევრმა არ იცოდა ამის შესახებ. ჩვენ კი, დავაფინანსეთ კვლევა და ე.წ. გენერალური გეგმა, რომელიც მოგვაინებით საჯაროდ წარმოვადგინეთ. ზუსტად იგივეს ვაკეთებთ რაჭაში – დავიქირავეთ საერთაშორისო კომპანია და დავაფინანსეთ კვლევა, ახლა კი, გენერალურ გეგმაზე ვმუშაობთ. რაჭაში რამდენიმე საინტერესო ლოკაციაა, რომლებიც არა ცალკეულ სასტუმროებად, არამედ ერთ დიდ ტურისტულ დასახლებად განვითარდება.

– რამდენად მაღალია ინვესტორების ინტერესი სასტუმრო ბიზნესის მიმართ?

– ინტერესი საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს ძირითადად მაინც ურბანულ ცენტრებს, მათ შორის, თბილისს და ბათუმს ეხება. ჩვენ კი, ინვესტორების იმ ადგილებით დაინტერესებას ვცდილობთ, რომლებიც,  მართალია, ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ მეტად მიმზიდველია და პოტენციალიც ძალიან დიდი აქვთ.

14975702_1348429485176679_405647332_o– საინტერესოა, როგორ ხორციელდება ღვინის ექსპორტი ჩინეთში?

– ჩინეთის ბაზარი უზარმაზარი პოტენციალის მქონე ბაზარია, რომელსაც შესაძლებლობებიც ძალიან დიდი აქვს. ღვინის ექსპორტი საკმაოდ პოზიტიურად ხორციელდება. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ცხრა თვეში 90%-ით გაიზარდა, თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ და ჩინური ბაზრის თუნდაც ერთ სეგმენტს დავიკავებთ, ვფიქრობ ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მართალია, ჩვენი ღვინო საკმაოდ აქტიურად გადის ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ჩინეთი მაინც ამოუწურავი პოტენციალის მქონე ქვეყანაა ჩვენი მეღვინეებისთვის. საპარტნიორო ფონდი საკმაოდ აქტიურად განიხილავს შესაძლებლობას დაეხმაროს ქართული ღვინის ექსპორტირებას ჩინეთში. სხვათაშორის, ჩინეთის ბაზარს განსხვავებული სფეციფიკა აქვს – ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობას, რადგან მათთვის სწორედ ესაა კერძო კომპანიის საიმედოობის დადასტურება.

– ინვესტიიცის განხორციელებისთვის საჭირო თანხები რომ გქონდეთ, თავად რომელ სექტორში დააბანდებდით?

– ზოგადად, ინვესტიციის მიმართ ორგვარი მიდგომა არსებობს. ზოგს უკვე განვითარებულ დარგში ურჩევნია ინვესტირება. ძალიან ბევრი საქმიანობს ამ სფეროში, რადგან საკმაოდ მომგებიანია. ზოგი კი, ისეთ სფეროს ეძებს, რომელიც ჯერ არაა ცნობილი, თავად უხდება სიახლის მოფიქრება და ბაზარზეც თვითონ შედის პირველი.

– პროცენტული მაჩვენებლით, რომელი მიმართულება უფრო წარმატებულია?

– მეორე ტიპის ინვესტორი უფრო წარმატებულია, თუმცა რაოდენობრივად ბევრად ნაკლებია. ჩემთვის ორივე მიმართულება საინტერესოა და ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება. ტრადიციულ დარგებს შორის ენერგეტიკას გამოვყოფდი, რადგან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ძალიან ბევრია გასაკეთებელი სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში, არანაკლებ მომგებიანია სამშენებლო ბიზნესიც. რაც შეეხება ”სტარტაპებს” – ეს ძირითადად მაინც სერვისის ინდუსტრიას ეხება, რადგან ამ სფეროში მომხმარებლისთვის იმ ნოვატორული მომსახურების შეთავაზებაა საჭირო, რაც მანამდე არ ყოფილა.

– როგორ გრძნობთ თავს საქმიან შეხვედრაზე, სადაც ძირითადად მამაკაცები არიან?

– ძალიან ხშირად მიწევს ასეთ შეხვედრებზე დასწრება და სამწუხაროა, რომ ქალბატონების რიცხვი მართლაც ძალიან მცირეა. თუმცა, უამრავი ნიჭიერი, საინტერესო და კონკურენტუნარიანი ქალბატონი გვყავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მე პირადად ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემთვის ადამიანები ორ კატეგორიად – პროფესიონალებად და ნაკლებ პროფესიონალებად იყოფიან. მეორე კატეგორიას ისინი მიეკუთვნებიან, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია სწავლა, ახლის გაგება და გამოცდილების შეძენა.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– სიმართლე ვთქვა, ძალიან მიყვარს სირთულეები, რადგან სწორედ ის ეხმარება ადამიანს მობილიზაციაში და აიძულებს იყოს მუდმივად ფორმაში. სირთულის დაძლევა და წარმატების მიღწევა კი, ორმაგად სასიამოვნოა. ასე რომ, არასდროს არ უნდა შეგვეშინდეს სირთულეების.

14971079_1348429465176681_789988640_o– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– წარმოშობით გურიიდან ვარ, ამიტომ გარკვეული სულსწრაფობა მეც მახასიათებს. თუმცა, კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, ამიტომ ვცდილობ, ჯერ მოკლე თაიმ-აუტი ავიღო და მხოლოდ შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვისაც ყოველთვის შეგიძლია ჰკითხო რჩევა. ჩემთვის კარგი რჩევა ძალიან ძვირად ფასობს, გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვეკითხები რჩევას სანდო ადამიანებს და მათ, ვინც ჩემზე მეტი იცის გარკვეულ სფეროში.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?

– ალბათ, ოპტიმიზმი.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ და რა თვისებებს აფასებთ თანამშრომლებში?

– ხელმძღვანელობაზე საუბარი, ჩემი მხრიდან ძალიან უხერხული იქნება. თანამშრომლებში კი, პირველ რიგში პროფესიონალიზმს და ინტელექტს  ვაფასებ, რადგან ჩემთვის გაცილებით საინტერესოა იმ ადამიანთან მუშაობა, ვინც მძიმე ხასიათის წყალობით ან სხვა მიზეზებით, ნაკლებად კომფორტულია ურთიერთობაში, თუმცა კარგად იცის თავისი საქმე. ასეთი თანამშრომელი ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, ვინც ყველაფერზე გეთანხმება.

– როგორ იღებთ გადაწყვეტილებას და რამდენად მოგწონთ გუნდური პრინციპით მუშაობა?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის გუნდურად ვიღებთ, რადაგან გააზრების და მსჯელობის გარეშე, თავსმოხვეული გადაწყვეტილება არასდროს ამართლებს და შედეგიც ნაკლებად სახარბიელოა. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ადამიანების გვერდით ვმუშაობ, ვისთანაც აზრების გაზიარებაც შემიძლია და ახლის სწავლაც.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს საპარტნიორო ფონდი?

– ჩვენ არ ვართ დიდი ორგანიზაცია. საპარტნიორო ფონდის ოფისში სულ 45 თანამშრომელია, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს შვილობილ კომპანიებს არ ჩავთვლით.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”საპარტნიორო” ან ”პარტნიორობა”.

14970879_1348429471843347_1912715207_o– ძირითადად სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– ინტერნეტით.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

რა თქმა უნდა, ოჯახთრან ერთად.

– სამსახურში თუ გაქვთ განტვირთვის ადგილი?

– ჩემი კაბინეტი, რომელიც ძალიან მიყვარს.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ფინჯანი ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილას აუცილებლად ყავას ვსვამ და სამსახურში მივდივარ.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– სნოუბორდინგით ვარ გატაცებული.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– მობილური ტელეფონი.

– საჩუქრის გაცემა უფრო გახარებთ თუ მიღემა?

– რა თქმა უნდა, გაცემა.

– სად იმოგზაურებდით დიდი სიამოვნებით?

– ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებდი, თუმცა ძველი ევროპა მაინც განსაკუთრებით მიყვარს.

– როგორ ჩამოაყალიბებდით ერთი წინადადებით საპარტნიორო ფონდის სლოგანს?

– ”მომავალი ჩვენია!”

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– მზეს

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად?

– რთულია უნივერსალური ფორმულის ჩამოყალიბება. თუმცა, ორ ძირითად თვისებას მაინც გამოვყოიფდი. ჩემი აზრით, მთავარი ოპტიმიზმი და მიზანდასახულობაა. სწორედ ეს თვისებები გეხმარება სირთულეების წარმატებით დაძლევაში, რადგან ნებისმიერი წარუმატებლობა, სინამდვილეში წარმატებისკენ გზაა. მთავარია გქონდეს მიზანი, მისი მიღწევის გზები კი, აუცილებლად გამოჩნდება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები