მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ ფილმის, „ექვთიმე თაყაიშვილი“ საუნდტრეკი გახდა

მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ ფილმის, „ექვთიმე თაყაიშვილი“ საუნდტრეკი გახდა

16 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს მუსიკოსი მეგი გოგიტიძე სტუმრობდა.

– მეგი, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილი“ მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობა?

– პირველ რიგში, ნიკოლოზს მინდა გადავუხადო მადლობა, რადგან უზარმაზარი პასუხისმგებლობა იტვირთა და მართლაც შესანიშნავი, დღევანდელი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფილმი გააკეთა, რომელსაც ისტორიული დატვირთვა აქვს, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული კი, მეტად საინტერესოდაა ასახული. უამრავი ადამიანი ჩაერთო გადაღებაში და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ფილმი არა ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, არამედ მთლიანად ხალხმა შექმნა, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა მეც მომეცა მუშაობის შესაძლებლობა. ალბათ იცით, რომ საუნდტრეკად სიმღერა „ყვავილების ქვეყანაა“ გამოყენებული, თუმცა ჩვენ ორიგინალი დავშალეთ და სიუჟეტს მოვარგეთ. იმედი მაქვს, მეტად ემოციურ სცენას სიმღერაც მოუხდება და მაყურებელსაც მოეწონება.

– ბოლო დროს იშვიათად აწყობთ კონცერტს საქართველოში, თუმცა აქტიურად მოღვაწეობთ საზღვარგარეთ

– რა თქმა უნდა, კონცერტებს ხშირად ვმართავ საზღვარგარეთ, მაგალითად, უკრაინასა და რუსეთში, თუმცა არც ქართული პუბლიკის წინაშე გამოვდივარ იშვიათად. უბრალოდ, ნაკლებად ვჩანვარ ტელევიზიით, რადგან ჩემი მუსიკა ნაკლებად ერგება მედიას. ჩემთვის მთავარი მსმენელისთვის ხარისხიანი მუსიკის მიწოდებაა და არა ტელეეთერში სხვადსახვა თემის განხილვა.

– სულ ცოტა ხნის წინ მამა სერაფიმესთან ერთად ჩაწერეთ სიმღერა „გათენდება“, როგორ გაჩნდა სიმღერის ჩაწერის იდეა?

– პირველად მამა სერაფიმეს ხმა საზღვარგარეთ მოვისმინე, თუმცა იმდენად ახლობელი აღმოჩნდა, ჩამოსვლისთანავე დავუკავშირდი და ავუხსენი, რა მინდოდა. პირველ რიგში სიმღერის ტექსტით, მუსიკით დაინტერესდა და როცა მოიწონა, რეპეტიციები დავიწყეთ, უამრავი შევცვალეთ, თავად მამაომ უზარმაზარი წვლილი შეიტანა სიმღერის საბოლოო ფორმირებაში, რომელიც ძალიან შემიყვარდა და საოცრად ძვირფასი გახდა ჩემთვის.

– დიდი პოპულარობით სარგებლობს სიმღერები „ნუ გეშინია“ და „ერთად ვიაროთ“. თავად რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამუშევრებით?

– „ნუ გეშინია“ ერთი წლის წინ გამოქვეყნდა. უამრავმა ადამაინმა მოისმინა, შეიყვარა და ძალიან ბედნიერი ვარ, „ერთად ვიაროთ“ კი, ახალი სიმღერაა, სულ ორი კვირის წინ გამოქვეყნდა და უკვე წარმატებით სარგებლობს. თუმცა, ჩემთვის გადამწყვეტი არასდროს ყოფილა პოპულარობა, მაგალითად, სიმღერას „ადამიანი“ ნაკლები ნახვა ჰქონდა, თუმცა მე ძალიან მიყვარს, რადგან სრულად გადმოსცემს ჩემს შინაგან სამყაროს.

 

– თქვენს სტილს ხშირად ადარებენ ნინო ქათამაძის შესრულების მანერას, დუეტის ჩაწერაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც ნინოს, ისე მის შემოქმედებას, თუმცა დუეტის ჩაწერაზე არასდროს მიფიქრია. რაც შეეხება ჩვენს მსგავსებას, შესაძლოა გარკვეული გავლენა მართლაც იყო, თუმცა მე სულ სხვა მიმართულება მაქვს არჩეული და რადიკალურად განსხვავებულ მუსიკას ვქმნი, რადგან ჩემს სიმღერებს მეტწილად ტექსტუალური დატვირთვა აქვს.

 

 

17 იანვარი, 2018

სხვა ჩანაწერები