LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ცომაია: წარმატების მისაღწევად მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობაა

7

5 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანია „ასორტის“ დამფუძნებელი ნატო ცომაია სტუმრობდა.

სანქტ-პეტერბურგში სამედიცინო განათლების მიღების და ამავე სფეროში მუშაობის შემდეგ,  ქალბატონი ნატო საქართველოში დაბრუნდა და რამდენიმე წელიწადში საკონდირტო კომპანია „ასორტი“ დაარსა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში.

– ქალბატონო ნატო, რატომ გადაწყვიტეთ საკონდიტრო კომპანიის დაარსება და თავად როგორი კონდიტერი ბრძანდებით?

– ალბათ, კარგი კონდიტერი ვარ, რადგან ყოველთვის მომწონდა ცხობა, თუმცა, თავიდან კომპანიის დაარსებაზე ნაკლებად ვფიქრობდი. უბრალოდ, ძალიან მიყვარდა ეს საქმე და მინდოდა ის მეკეთებინა, რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა. პირველ ეტაპზე პატარა საცხობი გავაკეთე ვაკის პარკთან, სადაც ნამცხვარსაც ვაცხობდი და კერძებსაც ვამზადებდი, თუმცა წამოწყება ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა და მომხმარებელიც ცოტა გვყავდა.

– როდის მოხდა გარდატეხა და როგორ მოვიდა წარმატება?

– წარმატება წლების შემდეგ და უზარმაზარი შრომით მოვიდა, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საწყის კაპიტალსაც, რომელიც არსებული საქმის შენარჩუნებაში მეხმარებოდა, რადგან ძალიან რთული აღმოჩნდა ყველაფრის ნულიდან დაწყება, თუმცა, ბიზნესი ნელ-ნელა განვითარდა და სასიამოვნოა, რომ ჩვენმა ძალისხმევამ ფუჭად არ ჩაიარა.

– ორიგინალობით გამოირჩევა „ასორტის“ ქსელის კაფე-მაღაზიების ინტერიერი, სადაც კარგადაა შერწყმული რეტრო და თანამედროვე სტილის ელემენტები. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მსგავსი ინტერიერის შექმნის იდეა?

– ყოველთვის მინდოდა, ჩვენს კაფეებში შინაურული გარემოს შექმნა, რადგან ადამიანი პირველ რიგში აურას აქცევს ყურადღბას და რა თქმა უნდა, დადებითი ემოციებით იმუხტება, როცა თბილ და მყუდრო გარემოში ხვდება.

– რამდენად მომგებიანიად თვლით საკუთარ ბიზნესს და ზოგადად როგორი ბიზნესგარემოა დღეს სქართველოში?

– აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი განვითარება პირველ რიგში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დამსახურებაა, რადგან სწორედ მისი დახმარებით მოვახერხეთ საკმაოდ დიდი საკონდიტრო საწარმოს აშენება. გარდა ამისა, გვაქვს შვიდი ფილიალი, თუმცა, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კიდევ ვაპირებთ გაფართოვებას, მითუმეტეს, რომ ბიზნესში მთელი ოჯახი ვართ ჩართული, ჩემი შვილიც კი, რომელმაც გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში დაამთავრა ეკონომიკისა და პოლიტიკის ფაკულტეტი, საქართველოში დაბრუნებულს კი, სულ სხვა გეგმები ჰქონდა, უარი თქვა საკუთარ გეგმებზე და ჩვენ შემოგვიერთდა.

– რამდენად მაღალია კონკურენცია თქვენს სფეროში და რა გამოარჩევს „ასორტს“ კონკურენტებისგან?

– ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა მაღალ ხარისხი და საქმის სიყვარულია, რომელსაც თანამშრომლებსაც გადავცემთ.

– რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის გუნდური პრინციპით მუშაობა?

– გუნდური მუშაობა აუცილებელია, მეტიც, ჩემი აზრით, სწორედ გუნდი განაპირობებს ნებისმიერი საქმის წარმატებას. მართალია, საკმაოდ მომთხოვნი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი თანამშრომლებს, რადგან თუ ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის ორმხრივი ურთიერთობა არ დამყარდა, არანაირი საქმე არ გამოვა. ხშირია შემთხვევები, როცა კარგ პროფესიონალს გუნდში მუშაობა უჭირს და ყველას დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ასეთი თანამშრომლის სამსახურში მიღებაზე ყოველთვის უარს ვამბობ.

– რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

– პირველ რიგში თანამშრომელს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, აუცილებლად მოწესრიგებული და რაც მთავარია პროფესიონალი უნდა იყოს. ერთი შეხედვით, საქართველოში ყველა ქალი კარგი კულინარია, თუმცა სინამდვილეში საკონდიტრო საქმე ძალიან რთულია და პროფესიონალი მცხობელის მოძიენაც საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან კარგი თანამშრომლები გვყავს.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში. კონკრეტულად რა პროექტებზე მუშაობთ?

– ვფიქრობ, ქველმოქმედებას აფიშირება არ სჭირდება, ისე კი, ყოველთვის ვცდილობთ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქალი ხელმძღვანელი?

– პირადად მე განსაკუთრებული თვისებებით არასდროს გამოვირჩეოდი. უბრალოდ, ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები.

– რომ არა კომპანია „ასორტი“ რომელ სფეროში ისურვებდით მოღვაწეობას?

– „ასორტი“ ჩემი ცხოვრებაა, ბოლომდე ამ საქმეში ვარ ჩართული და სხვა სფეროში მუშაობა ვერც წარმომიდგენია.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რეგიონებში ხომ არა აპირებთ ფილიალების გახსნას?

– აუცილებლად გავაფართოვებთ საქმიანობას რეგიონებში, თუმცა ცოტა მოგვიანებით, რადგან ჯერჯერობით საკმაოდ რთულია ჩვენი ბიზნესის შორ დისტანციაზე მართვა და კონტროლი. კომპანიის მთავარი მიზანი ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება იყო და ძალიან არ გვინდა რომ ჩვენი პროდუქტი, რომელიც საოჯახო სამზარეულოს მიეკუთვნება, ბანალურ ქარხნულ ნაწარმს დაემსგავსოს.

– საქმიან პარტნიორთან შეხვედრაზე, რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას?

– პირველ რიგში პარტნიორის კომუნიკაციის უნარს ვაქცევ ყურადღებას, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენადაა ის მზად შეხვედრისთვის.

– დაცულია თუ არა  გენდერული ბალანსი თქვენს კომპანიაში?

–  ჩვენთან ქალბატონები ჭარბიბენ, თუმცა მამაკცებიც გვყავს დასაქმებული.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის ძალიან სწრაფად ვიღებ. მართალია, ზოგჯერ ვნანობ, მაგრამ მაინც სწრაფად მირჩევნია ყველაფრის გადაწყვეტა.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს „ასორტს“?

– „ხარისხი და ასორტი თქვენს სამსახურშია!“

– ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ყველაზე ხშირად ალბათ სიტყვას „სწრაფად!“ ვამბობ.

– თავად რა პროდუქტს აგემოვნებთ საკუთარ კაფე-მაღაზიებში ყველაზე ხშირად?

– როგორც წესი, ვიზუალურად ვხვდები რამდენად გემრიელია ესა თუ ის ნაწარმი და ზუსტად იმას ვსინჯავ, რომელიც შესახედად არ მომწონს.

– აქსესუარი, რომელიც ყოველთვის თან გაქვთ?

– მობილური ტელეფონი.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რა სფეროა დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი?

– ვფიქრობ მედიცინა, უამრავი კლინიკაა გახსნილი და როგორც ჩანს, ძალიან მომგებიანია.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ მზეს, რადგან ძალიან მიყვარს სითბო და მზის სხივები.

– ფრაზა, რომელიც საკუთარი თავის გამხნევებაში გეხმარებათ?

– „არაუშავს, ხვალ ყველაფერი უკეთ იქბნება!“

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა და მიზანდასახულობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები