LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა დეკანოიძე: “ქვეყანამ ”ვენდისი” საკუთარი ოჯახის წევრივით მიიღო”

24

15 თებერვალს, რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემა ”წარმატების ფორმულას” ”ვენდისის” ყველაზე დიდი რესტორნის გენერალური მენეჯერი ნიკა დეკანოიძე სტუმრობდა.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ნიკამ სწავლა გერმანიაში გააგრძელა და გერმანული ენის სპეციალისტი გახდა. პირველი სამუშაო გამოცდილება ”ვისოლ-ჯგუფში” შეიძინა, რასაც ძალიან მალე ჰოლდინგი ”ვენდისი” მოჰყვა, ახლა კი, ”ვენდისის” ერთ-ერთი ფილიალის – მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გენერალური მენეჯერია.

– ბატონო ნიკა, როგორ შემოვიდა ბრენდი საქართველოში და განვითარების რა გზა გაიარა?

– ”ვენდისი” 1969 წელს დაარსდა, დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6 ათასზე მეტ რესტორანს აერთიანებს. საქართველოში ”ვენდისი” 2013 წელს შემოვიდა. პირველი რესტორანი რუსთაველის გამზირზე გავხსენით, მოგვიანებით, კიდევ რვა დავამატეთ, რადგან მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენ ყოველთვის მაღალ ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ბუნებრივია, მომხმარებელიც სწრაფად იზრდება.

– რამდენადაც ვიცი, ”ვენდისი” ქართულ პროდუქტზე აპირებს გადასვლას. რა ეტაპზეა ეს პროცესი ახლა?

– ”ვენდისმა” თითქმის 70%-ით შეძლო იმპორტული საქონლის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლისთვის ანუ მათთვის, ვისაც ჩვენი რესტორნების სტუმრობა და ჯანსაღი პროდუქტის მირთმევა სურს.

– ”ვენდისი” ახალ ფილიალებს ხსნის. სულ ცოტა ხნის წინ თბილისში მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორანი გაიხსნა. როგორია მომხმარებლების აქტივობა, იზრდება თუ არა ამერიკული ბრენდის პოპულარობა საქართველოში? 

– მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ მაღალ ხარისხზე ვართ ორიენტირებული, რაც ყველაფერს მოიცავს – პროდუქტით დაწყებული, გარემოთი დასრულებული.

– რა მნიშვნელოვან კომპონენტებს ითვალისწინებს ”ვენდისის” სარესტორნო ქსელი?

– პროდუქტის ხარისხიც მნიშვნელოვანია და მომსახურების მაღალი დონეც. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იზრდება ჩვენი პოპულარობა საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ”ვენდისი” საკუთარი ოჯახის წევრივით მიიღო.

– თავად ამერიკელებმა როგორ მიიღეს საქართველოში ”ვენდისის” ყველაზე დიდი რესტორნის გახსნა?

– ყველა აღფრთოვანებულია ჩვენი კონცეფციით, რადგან ჩვენ არა მარტო ბურგერების მიმართულებით ვმუშაობთ, არამედ დაბადების დღის ცენტრი და ახალი კაფეს კონცეფციაც გვაქვს. მიმაჩნია, რომ მომხმარებლის ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.   

– თქვენი აზრით, რა ნორმები უნდა იყოს დაცული კარგი მენეჯმენტის პირობებში და როგორ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი?

– აუცილებელია დისციპლინის და იმ სტანდარტების დაცვა, რაც ზოგადად არსებობს და რისი დარღვევაც მიუღებელია, რადგან ყველაფერი ეს ისევ ხარისხზე მოქმედებს.

– როგორ იწყება დილა ”ვენდისში”?

– ჩვენი რესტორანი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ამიტომ მომხმარებელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გვეწვიოს.

– როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა ჰოლდინგთან და როგორ გახდით ამ დიდი ოჯახის წევრი?

– 22 წლის ვიყავი, როცა ”ვისოლის” ჯგუფს შევუერთდი, პირველი ნაბიჯები ”სმარტში” გადავდგი კონსულტანტის პოზიციაზე. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ ლოიალურ კომპანიაში მოხვდი, ”ვისოლი” ყველაფერში დამეხმარა და განვითარების საშუალებაც მომცა.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ 2015 წლის საუკეთესო თანამშრომლად დასახელდით. რა კრიტერიუმებით შეირჩა თქვენი კანდიდატურა?

– ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკვირვება ჩემზე და მთლიანად რესტორანზე. ხელმძღვანელობამ გარკვეული სტანდარტები დამისახა და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად შევასრულე.

– რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება?

– ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული. ფეხბურთს ვთამაშობდი და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს თქვენი კომპანია და რამდენად პოპულარულია ”ვენდისი” რეგიონებში?

– კომპანიაში 350-მდე თანამშრომელი მუშაობს. რაც შეეხება რეგიონებს, ერთი რესტორანი უკვე გვაქვს გორში, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმეს ამოქმედებას ვგეგმავთ.

– როგორი ხართ თანამშრომლებთან ურთიერთობისას?

– თანამშრომლებთან ძალიან ლოიალური, თუმცა ამავე დროს ძალიან მომთხოვნი ვარ.

– რა არის თქვენთვის მთავარი საქმიან შეხვედრაზე?

– დიდ ყურადღებას ვაქცევ თუ რამდენად დამაჯერებელია პარტნიორი.

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– ჩემი სამაგიდო წიგნი ჩემი დღის გეგმაა, სადაც ყველაფერი წინასწარაა გაწერილი, თუმცა დღის განმავლობაში მაინც რამდენჯერმე იცვლება.

 – როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ცოტა ემოციური ვარ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ თავის შეკავებას. ყველაფერს ვაანალიზებ და ვფიქრობ როგორ ვიმოქმედო, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგა.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– როგორც წესი, საკმაოდ სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა ზოგიერთი სიტუაცია კარგად დაფიქრებას და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტას მოითხოვს.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”ვენდისს”?

– ”ხარისხი ჩვენი რეცეპტია!”

– საოცნებო პროფესია, რომელსაც სამომავლოდ შეითავსებდით?

– ალბათ, საკმაოდ კარგი ადვოკატი ვიქნებოდი.

– ვინ არის ბიზნესმენ ნიკა დეკანოიძის მიღმა – ხელოვანი, სპორტსმენი თუ კოლექციონერი?

– დღემდე ვარ სპორტით გატაცებული, თუმცა, ნაკლებად აქტიურად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოჯახია.

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ბიზნესმენი?

– რა თქმა უნდა, სოსო ფხაკაძე.

 – სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– ძალიან ხშირად ვსტუმრობ ”ვენდისს” ოჯახთან ერთად, რადგან მართლა ძალიან კარგი გართობის ცენტრი და გეიმ-ზონა გვაქვს.

 – თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ძალიან მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, შრომა და მოთმინება. ნებისმიერმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები