LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა უხურგუნაშვილი: “დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწაზე ყველა ბლოგერი წინასწარ ფიქრობს გამოხმაურებაზე”

ბლოგს 2009 წლიდან წერს. მაშინ ეს მისთვის თვითგამოხატვის საშუალება იყო. უნდოდა ამ ფორმით ადამიანებთან ქონოდა კომუნიკაცია. ფიქრობს, რომ  მეტწილად, ეს გამოუვიდა, ბლოგს ბევრი მკითხველი გამოუჩნდა, მის პოსტებს ადამიანები კითხულობდნენ, აზიარებდნენ, უტოვებდნენ კომენტარებს და როგორც თავად ამბობს, ეს იყო კარგი ორმხრივი კომუნიკაციის საშუალება. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი ბლოგერი, ნიკა უხურგუნაშვილია.

რა დროს უთმობ ბლოგს?

არც ისე დიდ დროს, ახლა უფრო ხშირად თავში ვწერ, ვიდრე ბლოგ პლატფორმაზე. ადრეც ვწერდი თავში, თუმცა მაშინ ძირითადად ეს ელექტრონულადაც გადამქონდა. ახლა კი მხოლოდ ნეირონები ინახავენ. პირველ ხანებში ყველაფერზე ვწერდი რაც მაწუხებდა, რაც მაღელვებდა, რაზეც მინდოდა დისკუსია წარმომექმნა და სხვა ადამიანების აზრებიც მომესმინა. ახლა ეს ყველა როლი Facebook-მა შეითავსა. ბოლო წლების განმავლობაში ბლოგზე ძირითადად კინოზე ვწერ. როდესაც ვუყურებ ახალ ფილმს, რომელიც მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, მინდება ის გავუზიარო სხვებსაც.

ბლოგს გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში, მკითხველის შეფასებებზე როგორ რეაგირებ?

დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწაზე ყველა ბლოგერი წინასწარ ფიქრობს გამოხმაურებაზე. თუ ვინმე იტყვის რომ ასე არ არის, ესე იგი უბრალოდ  ცდილობს მოგვატყუოს. რეალურად, სწორედ „ფიდბექია“ მთავარი განმასხვავებელი ტრადიციულ მედიასა და ბლოგინგს შორის. ამისი მოთხოვნილება ადამიანს ყოველთვის ჰქონდა. მე მინახავს როგორ „ელაპარაკებიან“ ადამიანები ტელევიზორს, როგორ აკეთებენ კომენტარებს საინფორმაციო გამოშვებების ყურებისას, ლანძღავენ ფილმების უარყოფით პერსანაჟებს. სწორედ ეს არის სოციალური მედია,  ტელევიზორთან ლაპარაკის განხორციელებული ფორმა და სწორედ ამიტომ მოსწონთ ადამიანებს ის.

 

ნიკა ამბობს, რომ  ბლოგს მიღმა უფრო დაბნეულია, მეტად უჭირს აზრების დალაგება, ვიდრე წერის დროს, არის ნაკლებად თავდაჯერებულიც. წერისგან განსხვავებით, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. შეუძლია საათობით ჩუმად იჯდეს კუთხეში  და უსმინოს სხვების დისკუსიას.

 

წიგნი, რომელმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინა?

ლაო ძის „დაო დე ძინი“, ეს არის წიგნი, რომელიც მიგვახვედრებს რომ ყველაფერზე, რაზეც დღეს ვკამათობთ, საუკუნეებით ადრე აღელვებდა კაცობრიობას  და ამის შესახებ სამეცნიერო ნაშრომებსაც ქმნიდნენ.

 

პროზაკის ერი

ნიკა უხურგუნაშვილი

17 წლის როცა ვიყავი, მეგონა სამყაროს შევცვლიდი, ახლა ჩემი ძილის რეჟიმის შეცვლაც აღარ შემიძლია. თუნდაც, ჩემი ცხოვრების შეცვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. როცა გავიზარდე ყველაფერი გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად თანდათან რწმუნდებიან თავის უსუსურობაში, გამუდმებით ებრძვიან ამას და ბოლოს კვდებიან.

დღეს პირველად შევამჩნიე ჩემ ფოტოზე ნაოჭი. კარგია რომ ამ პოსტს ვწერ და ეს დღე აღარ დამავიწყდება. ოდესღაც პირველად მოვწიე სიგარეტი, პირველად დავჯექი ველოსიპედზე, პირველად დავლიე ლუდი, პირველად შევეხე ტუჩებით საყვარელი ადამიანის კისერს, პირველად გავათენე ღამე, პირველად დამჭირდა საძილე საშუალებები ჩასაძინებლად… მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ვიცნობ, ვინც თავისით იძინებს და ვისაც ამაში სხვადასხვა აბების დახმარება სჭირდება. პირველი კატეგორიის ადამიანების რიცხვი სულ უფრო მცირდება.

თანამედროვე ადამიანს ზოგჯერ მეცნიერების მიღწევები დათვურ სამსახურს უწევს, კიდევ უფრო უსუსურს ხდიან მას ვიდრე ის დაბადების მომენტში იყო. ჩვენ ყველაფრისთვის ტექნოლოგიებს ვიყენებთ, ვიტამინებს იმუნიტეტისთვის, საძილე საშუალებებს მშვიდი ძილისთვის, WI FI-ს იმისთვის, რომ მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი, უზარმაზარ ავტომობილებს, რათა გზის რელიეფი არ ვიგრძნოთ, ლუდს და მარიხუანას უკეთესი განწყობისთვის, ყველაფერს იმისათვის, რათა სამყარო მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღები გავხადოთ.

საბოლოო ჯამში ჩვენს გრძნობებს ვხდით გლუვს, ვკარგავთ ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრების უნარს. არ ვიცი სამყარო ასეთი როდის გახდა, ამის შესახებ მას ჩანაწერი არ გაუკეთებია. როგორც დღეს ჩემი ნაოჭის შემთხვევაში, კაცობრიობისთვისაც იქნებოდა, ალბათ, ერთი კონკრეტული დღე, როდესაც მან თავის ბუნებრივ სახეზე თქვა უარი და თავისი არსებობა კომფორტის საშუალებებს მიანდო.

ინტერნეტში სტივენ ჰოუკინგის მოსაზრება გამოჩნდა, რომ 50 წელიწადში ადამიანები მთვარეს სრულად აითვისებენ, 100 წელიწადში კი მარსის კოლონიზაცია მოხდება. თუნდაც ვიცოცხლო იქამდე, რა უნდა ვაკეთო მე მარსზე? დაფიქრებულხართ როდისმე როგორი იქნება თქვენი ქუჩა 50 წლის შემდეგ? 1800 წელს დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდს შეადგენდა – დღეს 7 მილიარდია, 2045 წლისთვის კი 9 მილიარდს მიაღწევს. დედამიწას, რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის ადამიანის რჩენა ძალიან გაუჭირდება და დადგება რესურსების კრიზისი. რას იზამს ადამიანი, თუ ვერ მოახერხებს სხვა პლანეტების კოლონიზაციას?

როგორი იქნება ადამიანი, რომლის გვერდითაც 9 მილიარდი მისნაირი იცხოვრებს, რა დასჭირდება მას კომფორტისათვის და რა საშუალებები ექნება მის მისაღწევად? მე ვფიქრობ, ადამიანის სულიერი კრიზისი კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი პრობლემა, რომელიც მას შეიძლება შეექმნას.

ჩვენი სასიცოცხლო გარემო თანდათან უფრო და უფრო მეტად სტერილური ხდება, ყველაფერი რაც ჩვენამდე მოდის ათასჯერ დამუშავებულია. ჰაერიც კი, რომელიც სანამ ჩვენს ფილტვებამდე გაივლის გზას კონდინციონერების თუ გამათბობელი საშუალებების დახმარებით იცვლის ტემპერატურას. ყველაფერს აძლევენ მისთვის დამახასიათებელ სუნს და ფერს. ჩვენ აღარ გვიწევს ყოველდღიურად ცოცხალ ორგანიზმებთან შეხება, როგორც ამას 2 საუკუნის წინ აკეთებდა ადამიანი.  ჩვენ ყველაფრისგან ვიცავთ თავს და ვცდილობთ სამყაროსაგან იზოლაციას. რაც უფრო იზრდება ჩვენი რაოდენობა, რაც უფრო მჭიდროდ დასახლებული ხდება ჩვენი სასიცოცხლო გარემო, მით უფრო მეტად დისტანციურები ვხდებით ერთმანეთის მიმართ. თუმცა, სადამდე გაგრძელდება ეს, ამისი თქმა ძნელია.  ნათელი მხოლოდ ის არის, რომ 50 წლის შემდეგ, აღარაფერი აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. აღარ იარსებებს აღარაფერი ის, რითიც ჩვენ ვიცნობთ სამყაროს. მისი განვითარების და შეცვლის ტემპები კი ყოველ დღე გაიზრდება.

გადაცემის ჩანაწერი: