LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „ასეთი კლიპი საქართველოში ჯერ არ გადაღებულა”

8

6 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ კლიპზე ისაუბრა.

– ნინი, როგორ მიმდინარეობს მუშაობა ახალ კლიპზე?

– სიმართლე ვთქვა, ამდენი ხანი კლიპზე არასდროს გვიმუშავია და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. ოთხი დღეა გადაღებები გრძელდება და მართალია გავწვალდი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო მასალაა და ასეთი კლიპი საქართველოში  ჯერ არ გადაღებულა.

– თქვენი გოგონაც ხომ არ მონაწილეობს ?

– მართალია, ელენეს ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად გადაღება, მაგრამ ამჯერად უარი ვთქვით, კლიპის სიუჟეტის გათვალისწინებით.

– ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი და ვინაა კლიპის რეჟისორი?

– ტექსტი თემო საჯაიამ დაწერა, რომელთანაც პირველად ვთანამშრომლობ. მისი რამდენიმე სიმღერა მოვისმინე, ძალიან მომეწონა და ვთხოვე ჩემს სიმღერაზეც ემუშავა, კლიპის რეჟისორი კი, ლაშა ცერიაშვილია, რომელიც თითქმის ყველა ჩემი კლიპის ავტორია. სხვათაშორის, სიმღერის “ჩუმად მინატრე“ კლიპიც მას ეკუთვნის, რომელმაც თავის დროზე უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. ძალიან მომწონს ლაშას ხედვა და გემოვნება, ბოლომდე ვენდობი და ვიცი, რომ არასდროს მიღალატებს.

– ახალი ბენდი ხომ გყავთ?

– დიდი ხანია ბენდის შექმნის იდეა მაქვს, თუმცა ვერაფრით მოვიცალე. მუსიკოსების შერჩევა მაიკო კაჭკაჭიშვილთან ერთად ზაფხულში დავიწყე, ძალიან გამიმართლა და შესანიშნავი კოლექტივი შევქმნეთ, მშვენიერი ბექვოკალისტების ჩათვლით, რომელთაც კარგი ხმა, სმენა და მუსიკალური გემოვნება აქვთ. სამი კონცერტი უკვე ჩავატარეთ, მალე კიდევ ორ კონცერტს გავმართავთ თბილისში, მერე კი, რეგიონებში გადავინაცვლებთ.

– რამდენადაც ვიცი, ბენდის პროდიუსერი მამულიჩაა?

– მამულიჩა ბენდის პროდიუსერიცაა და მეც ძალიან მეხმარება.

– უამრავ სიახლესთან ერთად, ფილმშიც აპირებთ მონაწილეობას, რომელსაც თქვენი მამა – ერეკლე ბადურაშვილი იღებს.

– მამა მართლაც ახალ ფილმზე მუშაობს, მე კი, ერთ-ერთ მთავარ როლს შევასრულებ. სიამოვნებით დაგვთანხმდა თანამშრომლობას თურქი მსახიობი მურატ ილდირიმიც, თუმცა საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს ითხოვს, ამირტომ ჯერ ფინანსების ძიებაში ვართ. ახალი ფილმი თურქებისა და ქართველების ერთობლივი ნაწარმოები იქნება, რამდენიმე ეპიზოდი უკვე ვნახე და ძალიან მომეწონა, რადგან საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური პროექტია.

გადაცემის ლაივი

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები