ნინო აბაშიძე: „გააზიარე წარმატება!”

ნინო აბაშიძე: „გააზიარე წარმატება!”

21 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” შპს ”ბი-პი-სის” დირექტორი ნინო აბაშიძე სტუმრობდა.

მონაცემები:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ნინომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიულ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობდა, ერთ წელიწადში კიბერნეტიკის ინსტიტუტში გადაინაცვლა, 2003 წელს კი, შპს ”ბი-პი-სის” ხელმძღვანელობა ჩაიბარა.

– ქალბატონო ნინო, თქვენი კომპანია ”თიბისის” და ”ჯეოსელის” მიერ ორგანიზებული ბიზნეს-დაჯილდოების გამარჯვებული გახდა აგრობიზნესის ნომინაციაში. რამდენადაც ვიცი, ”ბი-პი-სის” ისტორია 2003 წელს დაიწყო. როგორი იყო ოჯახური კომპანიის პირველი ნაბიჯები?

– მართალია, კომპანია 2003 წელს დაარსდა, თუმცა ძირითადი აქტივობები 2007 წელს განხორციელდა, როცა ბიოპროდუქტ-კომპანია ჩამოყალიბდა. კომპანიის მთავარი მიზანი ბიონედლეულისგან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა და მომხმარებლისთვის მიწოდება იყო. ძირითადი აქცენტი კენკროვან ხილზე გავაკეთეთ, რომელიც კულტივირებულად არ მოჰყავთ საქართველოში და მხოლოდ ბუნებრივ პირობებში ხარობს. წარმოება ასკილის წვენით დავიწყეთ, რომელმაც 2012 წელს ლონდონის ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, 2014 წელს კი, მიუნხენის კონკურსის ნომინანტი გახდა.

– რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს მიმართულება და რამდენად მომგებიანია ბიოპროდუქტების წარმოება დღეს?

– მომგებიანი ნაკლებადაა, თუმცა ჩვენ სწორედ ის საქმე ავირჩიეთ, რომლის კეთებაც განსაკუთრებით გვსიამოვნებდა. ყოველთვის ძალიან გვინდოდა, ჩვენს მიერ წარმოებული სასარგებლო პროდუქტის მთელი ქვეყნისთვის მიწოდება.

– რამდენად სწრაფად შეიძინეთ მომხმარებელი?

– მართალია, ბიზნესი თავიდანვე სწრაფად განვითარდა და მომხმარებელიც სწრაფად დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე განვითარების ახალი კურსი ავირჩიეთ, რაშიც სახელმწიფო დაფინანსებაც დაგვეხმარა.

– რა სახის დაფინანსება იყო პირველ ეტაპზე საჭირო?

– ბიზნესი საკმაოდ მცირე თანხით – 10-20 ათასი ლარით დავიწყეთ. მერე კი, განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით, რადგან შეუძლებელია ერთ ადგილას გაჩერებულმა კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს. სახელმწიფოს პროგრამის ხელშეწყობით შეღავათიანი აგროკრედიტი ავიღეთ, ჩამოვიტანეთ ახალი მანქანა-დანადგარები და რაც მთავარია, ჩვენი წვენის მინის ბოთლებში ჩამოსხმა დავიწყეთ.

15182428_1363230373696590_462079296_o– რამდენად ხარჯიანია პლასტმასის ბოთლიდან მინის ბოთლზე გადასვლა. როგორც ვიცი, ამგვარ წარმოებას დანადგარებიც განსხვავებული უნდა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა?

– სიმართლე გითხრათ, ჩვენ ძვირადღირებულ დანადგარებს ვერ გავწვდით და ჩინური შევიძინეთ. თუმცა, თავის ფუნქციას ისიც იდეალურად ასრულებს. მითუმეტეს, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ საკუთარი ძალებით გავამრავალფეროვნოთ მისი შესაძლებლობები.

– თქვენი აზრით, რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის?

– ვფიქრობ, ახლა ბევრად უფრო ადვილია ბიზნესის დაწყება, რადგან საკმაოდ დიდია სახელმწიფოს ხელშეწყობა. ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, ვინც აგროკრედიტი აიღო, მას შემდეგ ძალიან ბევრი მსგავსი პროექტი განახორციელა ხელისუფლებამ. გამომდინარე აქედან, დღეს, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერს აქვს საკუთარი საქმის დაწყების შესაძლებლობა.

– რა იყო კომპანიის პირველი პროდუქტი?

– პირველად შაქრით დამტკბარი ასკილის წვენი გამოვუშვით. მოგვაინებით უშაქრო ასკილის წვენის წარმოებაზე გადავედით, რომელიც მეტად სასარგებლო პროდუქტია როგორც დიაბეტით დაავადებულთათვის, ისე ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცდილობს იცხოვროს.

– რამდენად მაღალია კონკურენცია ბაზარზე ბიოპროდუქტების წარმოების თვალსაზრისით?

– რამდენად მაღალია კონკურენცია არ ვიცი. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შარშან ჩვენ პირველი წვენის მწარმოებელი კომპანია ვიყავით, ვინც ბიოსერთიფიკატი აიღო.

– გეგმავთ თუ არა პროდუქტის ექსპორტზე გატანას?

– წლების წინ, როცა კომპანია ახალი დაარსებული იყო, იაპონიაში გვქონდა რამდენიმე გასვლა, თუმცა მაშინ წვენს ჯერ კიდევ პლასტმასის ბოთლებში ვასხამდით. დღეს ჰონგკონგში გვყავს პარტნიორი, სხვათაშორის, ისიც ქართველია და მართალია, სისტემატიურად არა, მაგრამ პერიოდულად მასაც გააქვს ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ. ამ ეტაპზე ამერიკასთან თანამშრომლობისთვის ვემზადებით და ახალი ბრენდი ”ნადი” შევქმენით. ამერიკაშიც ქართველ პარტნიორთან გავერთიანდით და გადავწყვიტეთ ჩვენი ერთობლივი პროდუქტი ახლა ამერიკელი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა.

– სამომავლოდ, კიდევ რომელი წვენის გამოშვებას გეგმავთ?

– ძალიან მალე უშაქრო, აბსოლუტურად ნატურალური ალუბლის წვენს გამოშვუშვებთ. ზოგადად, ეტაპობრივად ვგეგმავთ წინსვლას და ვფიქრობ, ჩვენი განვითარება წარმატებული იქნება.

– გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, როგორ და როდის ახერხებთ დასვენებას?

– ძალიან მიყვარს ოჯახურ გარემოში დასვენება, განსაკუთრებით, როცა შაბათ-კვირას შვილები და შვილიშვილები იყრიან ჩვენთან თავს.

– რამდენი ადამიანია თქვენს კომპანიაში დასაქმებული?

– ჩვენი კომპანია საკმაოდ მცირეა და მხოლოდ 10 თანამშრომელს აერთიანებს.

– რა მთავარი თვისებებით არჩევთ თანამშრომლებს?

– პირველ რიგში კეთილსინდისიერი უნდა იყოს და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

– საქმიან შეხვედრაზე რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში და რა იწვევს თქვენს კეთილგანწყობას?

– ალბათ,  ღიმილი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ჰოროსკოპის ნიშნით სასწორი ვარ, ამიტომ ცოტა მიჭირს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ბი-პი-სის?

– ”გააზიარე წარმატება!”

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– სიმართლე გითხრათ, არასდროს დავკვირვებივარ.

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ უილიამ ფოლკნერის ”ხმაური და მძვინვარება”

– თქვენი საყვარელი ნივთი სამუშაო მაგიდაზე?

– შვილიშვილების ფოტო, რომელიც ყოველთვის შთამაგონებს.

– რომელი კერძის მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?

– ძალიან მიყვარს ახალი კერძების გამოგონება. მართალია, იშვიათად ვამზადებ, მაგრამ ყოველთვის ძალიან ლაზათიანად.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენთან ყოფნა და თქვენც მეტად სასიამოვნო ქალბატონი ბრძანდებით.

– რა არის თქვენი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარე?

– სიძლიერედ ოჯახის გუნდური მუშაობა და ყველასთვის სასარგებლო საქმის კეთება შემიძლია ჩავთვალო, სუსტი მხარე კი – კომპანიის ნაკლები ცნობადონბაა მომხმარებელში.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ხატვა არ მეხერხება, თუმცა ქალიშვილი მყავს ინტერიერის დიზაინერი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარია იყოს იდეა. მერე კი, მიზანდასახულმა ადამიანმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ამ იდეის განსახორცოიელებლად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხიოს უკან.

გადაცემის ჩანაწერი

22 ნოემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები