LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟვანია: „წინანდლის პრემია“ ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდებისთვის

6

31 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კონკურსის „წინანდლის პრემია“ ორგანიზატორი, ქალბატონი ნინო ჟვანია და მუსიკოსი გიორგი ცაგარელი სტუმრობდნენ.

– ქალბატონო ნინო, როგორ გაჩნდა კონკურსის შექმნის იდეა?

– პრემია ზურამ დააწესა, კონკურსის შექმნის იდეა კი, 1998 წელს გაჩნდა წინანდალში, ახალგაზრდა შემოქმედებთან შეხვედრაზე. საერთოდ, ზურას ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკაზეც სწორედ მათთან საუბრობდა, რადგან ძალიან აინტერესებდა ახალგაზრდების აზრი. წელს კონკურსი, რომელიც 18-30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, უკვე მეშვიდედ ტარდება. ბევრს უნდოდა, მისი აღდგენა, პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა კი, მოგვცა ამის საშუალება და 2014 წლიდან სწორედ მისი პატრონაჟით ტარდება.

– გიორგი, თქვენ 2015 წელს გახდით „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი, როგორ ემზადებით წლევანდელი კონკურსისთვის?

– ძალიან მიხარია კონკურსში მონაწილეობა. მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ამ პრემიით პროფესიაში უკვე შემდგარი ადამიანების ღვაწლი ფასდება. წელს კონკურსში   Kordz-თან ერთად ვმონაწილეობ. ჩვენი თანამშრომლობა სულ ცოტა ხნის დაიწყო და ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გამოგვივიდა, რადგან ალტი ან ნებისმიერი სხვა კლასიკური ინსტრუმენტი ცოტა რთული წარმოსადგენია საკლუბო მუსიკაში. არ ველოდი, თუმცა ბევრს ძალიან მოეწონა ჩვენი დუეტი, ახლა კი, ახალ პროექტს – ელექტრონული მუსიკისა და კლასიკური სიმებიანი ორკესტრის კოლაბორაციას წარმოვადგენთ, რომელსაც თავად ვუდირიჟორებ.

– ქალბატონო ნინო, რა ნომინაციებში გაიცემა პრემია?

– პრემია რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის კინოხელოვნების, თეატრალურ ხელოვნებასა და სახვითი ხელოვნებში, ჰუმანიტარულ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებაში, მუსიკისა და მხატვრული ლიტერატურაში გაიცემა. ძალიან გვინდა, ახალგაზრდები თავად ჩაერთონ კონკურსის მოწყობაში და ყველაფერი თავად გააკეთონ. შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ხშირად ვცვლით ლოგოს და ჯილდოს ფორმას, რადგან ვფიქრობ, ესეც თვითგამოხატვის ერთგვარი ფორმაა, რომლის საშუალებას ყოველთვის ვაძლევთ ახალგაზრდებს.

– გიორგი, რას ნიშნავს თქვენთვის ამგვარი პრემიის მიღება?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი პრიზის მიღება სასიხარულოა, მაგრამ „წინანდლის პრემია“ განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის. ზოგადად ძალიან საინტერესო კონკურსია, უამრავი ახალგაზრდა მონაწილეობს სხვადასხვა სფეროდან და ძალიან სასიამოვნოა მათი გაცნობა.

– რამდენადაც ვიცი, ძალიან არ გიყვართ ქართული პრესა, რით გაგანაწყენეს ქართველმა ჟურნალისტებმა?

– რამდენიმე გამონაკილის თუ არ ჩავთვლით, ზოგადად ჟურნალისტები ძალიან მოუმზადებლი არიან და ხშირად ისეთ უცნაურ კითხვებს სვამენ, რაც აშკარად მიუთითებს მათ უცოდინარობაზე. რამდენიმე ასეთი შემთხვევა მქონდა, მერე კი, გადავწყვიტე, საერთოდ შემეწყვიტა მათთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ზოგადად ქვეყანაშია განათლების სერიოზული დეფიციტი, რაც რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზეც აისახება.

– ქალბატონო ნინო, რა არის „წინანდლის პრემიის“ მთავარი მიზანი?

– ვფიქრობ, „წინანდლის პრემია“ ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რადგან მათი შემოქმედება ფასდება. ნებისმიერი ახალგაზრდა საკმაოდ რთულ გზას გადის, დაუღალავად შრომობს, ჩვენ კი, ვცდილობთ დავეხმაროთ საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციასა და ფართო საზოგადოებამდე მიტანაში.

– გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად ნიჭიერები არიან ქართველი ახალგაზრდები?

– ვფიქრობ, ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან დაბალი განათლების დონეა, ამიტომ ბევრი საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად და ძალიან იშვიათად ბრუნდება. რაც შეეხება მუსიკოსებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, პატარა ქვეყვანა ვცხოვრობთ, სამაგიეროდ მუსიკოსები გვყავს მსოფლიო დონის.  პოტენციალი მართლაც არის, მთავარი ხელშეწყობაა, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესმენების მხრიდან თუნდაც ისეთი კონკურსების მოწყობით, როგორიც „წინანდლის პრემიაა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები