ნინო ქათამაძემ და თეო ჯორბენაძემ “არტ-FM”–ში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრეს

ნინო ქათამაძემ და თეო ჯორბენაძემ  “არტ-FM”–ში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრეს

8 მარტს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს ნინო ქათამაძე და თეო ჯორბენაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც 10-11 მარტს დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრეს.

– ნინო, რას შესთავზებთ კონცერტზე მოსულ მსმენელს?

– ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძველი სიმღერები შესრულდება ახალი ვერსიით. მე და ნიკოლოზ რაჭველს გვაქვს რამდენიმე კომპოზიცია, რომლიც ჩვენს ყველა რეპერტუარშია.  ძალიან მიყვარს, როცა დარბაზთან ერთად, ერთ ხმაში ვმღერით, ასე რომ, იქნება კომპოზიციები, რომლებსაც აუცილებლად შევასრულებთ ერთად. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს კონცერტში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი მიიღებს მონაწილეობას სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. მართლაც არაჩვეულებრივი ხმები გააერთიანა ამ გუნდმა, ამიტომ გვინდა ერთგვარი სინთეზი გავაკეთოთ და რამდენიმე სიმღერა წარმოვადგინოთ განსხვავებული ჟღერადობით. გარდა ამისა, პუბლიკის წინაშე წარსდგებიან ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, Georgian Brass და რა თქმა უნდა, “ინსაითის” წევრები. ასე რომ, ვნახოთ, რა გამოვა.

– თეო, რას ეძღვნება თქვენი საქველმოქმედო კონცერტი?

– პირველ რიგში, აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ნინო ყოველთვის სოციალურად აქტიურია და მუდმივად ცდილობს ადამიანების დახმარებას. ამჯერად ჩვენი საქველმოქმედო საღამო მკერდის სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციას “ევროპა დონას” ეძღვნება. ორგანიზაციას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, 2006 წლიდან კი, ანა მაზმანიშვილის ხელმძღვანელობით, ის საქართველოს ნაწილიც გახდა. აქციის მთავარი მიზანია აუხსნას ყველას, რომ მკერდის სიმსივნე  განაჩენი არაა, დროული დიაგნოზირების შემთხვევაში კი, მისი მკურნალობაც შეიძლება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინო ქათამაძის რანგის არტისტი მხარში ამოუდგა ამგვარ პროექტს და სცენიდან იტყვის საკუთარ სათქმელს.

– ნინო, თქვენთვის რას ნიშნავს ქველმოქმედება?

– გულწრფელად გეტყვით, ქალბატონ ანას ქველმოქმედებასთან ჩემი საქმიანობა მოსატანიც არაა. ვფიქრობ, ხელოვნება უკვე სიკეთეა, რადგან მასშია სიყვარული, დახმარების და საკუთარი ტკივილის გაზიარების სურვილი.

–  თქვენს ბოლო ალბომს Yellow ჰქვია. რამდენადაც ვიცი, საკმაოდ დიდხანს ფიქრობდით სახელწოდებაზე. რატომ დაარქვით ასე და რამდენად გაამართლა ამ სახელმა?

– მინდოდა სახელი ცოტა პროვოკაციული ყოფილიყო, რადგან არ მიყვარს სტერეოტიპებით ცხოვრება. ვფიქრობ, როცა ადამიანი სტრეოტიპს ეჯახება, მისი დამსხვრევის ძალაც უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია მთელი ცხოვრება ისე იცხოვრო, რომ ერთხელ მაინც არ შეეჯახო იმას, რაც არ მოგწონს. ჩემი აზრით, ყვითელი – სიყვარულისა და სიგიჟის ზღვარზე არსებული ფერია, რომელიც მზესთანაა პირდაპირ კავშირში. საერთოდ, ნებისმიერი სიტყვა იმ გრძნობისა და ემოციის მატარებელია, რასაც თვითონ დაარქმევს.

– რეპეტიციის დროს ბევრჯერ ნამღერი კომპოზიცია, სცენაზე თუ შეგიცვლიათ რადიკალურად?

– ჩაწერის დროს პრაქტიკულად ყოველთვის ასე ხდება. თავისუფლად შეიძლება ერთმა მუსიკოსმა შემთხვევით აიღოს სხვა აკორდი იმავე ტონალობაში და აუცილებლად რითმიც აჰყვება, მერე კი, უკვე ყველაფერი სრული იმპროვიზაციაა. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება რეპეტიციაზე ბერჯერ გავლილი სიმღერა სულ სხვანაირად შეიკრას და საბოლოოდ აბსოლუტურად სხვა რამ გამოვიდეს.

– იმდენად გადატვირთული საგასტროლო გრაფიკი გაქვთ, რომ ხშირად კონცერტებს რამდენიმე წლით ადრე გეგმავთ. ბათუმში თუ აპირებთ გამოსვლას?

– ბათუმში კონცერტის მოწყობა ტექნიკურადაა რთული, რადგან პატარა კონცერტს ვერ გააკეთებ, მასშტაბური კი, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. შარშან Checkin Georgia-ს ფარგლებში ჩავატარეთ კონცერტი, რომელსაც მართალია, ჰქონდა თავისი ხარვეზები, მაგრამ ერთიანობაში მაინც შედგა. წელს გეგმაში გვაქვს ბათუმის კონცერტი, შესაძლოა, მსმენელს ერთგვარი სიურპრიზიც შევთავაზოთ. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

– არავინაა დაცული შეცდომებისგან, თქვენ თუ ნანობთ რაიმეს?

– რა თქმა უნდა, მართალია, არასდროს ვზოგავ საკუთარ თავს, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა თუნდაც რომელიმე კონკრეტულ კონცერტზე.

– არის თუ არა ადგილი, სადაც ჯერ არ გიმღერიათ, მაგრამ ძალიან გინდათ?

– ძალიან მალე ნიუ-იურკში მივემგზავრები, სადაც დიდი ხანია ვოცნებობდი კონცერტის მოწყობას.

– სამომავლოდ ცნობილ მუსიკოსებთან ხომ არ გეგმავთ კოლაბორაციას?

– გარკვეული გეგმები გვაქვს, თუმცა, ყველაფერი დამუშავების პროცესშია, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

– ახალგაზრდა თაობის შემსრულებლებში ვის გამოარჩევდით?

– კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, თუმცა, ახალგაზრდებში ძალიან ბევრი საინტერესო შემსრულებულია, რომლებიც თავისი განსხვავებული სტილით თუ ჟღერადობით აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროს ქმნიან.

– თქვენი შვილის პროფესიაზე თუ გიფიქრიათ როდისმე?

– არასდროს მიფიქრია, რადგან როგორც ყველა ბავშვს, მასაც საკმაოდ ხშირად ეცვლება გემოვნება. მინდა, რომ იმღეროს, რადგან ძალიან კარგი სმენა აქვს, თუმცა, თვითონ რცხვენია. სხვათაშორის, არც მამას უნდა მაინცდამაინც მისი არტისტობა.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად კრიტიკულია ქართველი მსმენელი თქვენს მიმართ?

– ვფიქრობ, საკმაოდ კრიტიკულია და ასეც უნდა იყოს. რადგან მსმენელი რომელსაც რეალურად უყვარხარ, ყოველთვის გრძნობს შენს ნაკლსაც და ღირსებასაც.

– რა პროფესიას აირჩევდით მუსიკოსი რომ არ ყოფილიყავით?

– ალბათ ექიმი ვიქნებოდი. მთავარია, მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ და გრძნობდე, რომ ეს არა მხოლოდ შენთვის, არამედ სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია.

გადაცემის ჩანაწერი

8 მარტი, 2017

სხვა ჩანაწერები