ნინო ქათამაძის მზადება სოლოკოცერტისთვის და გასტროლებისთვის – „არტ-FM”

ნინო ქათამაძის მზადება სოლოკოცერტისთვის და გასტროლებისთვის – „არტ-FM”

7 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” -ს მუსიკოსი ნინო ქათამაძე სტუმრობდა.

– ნინო, ბოლო გრანდიუზული კონცერტის შემდებ Black Sea Arena-ზე, უკვე ახალი შოუსთვის ემზადებით, როდის და სად გაიმართება წარმოდგენა?

– კონცერტი 17 ნოემბერს გაიმართება SPACEHALL-ში, რომელიც ტექნიკურად საუკეთესოდაა აღჭურვილი. ძალიან გვიყვარს კლუბური კონცერტების მოწყობა და ჩვენს მსმენელთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა, რადგან ასე ბევრად უფრო თამამები, თავისუფლები ვართ და იმპროვიზაციის მეტი საშუალება გვაქვს. ასე რომ, ერთ კლუბურ კონცერტს ახალ წლამდე აუცილებლად მოვასწრებთ.

– რა რეპერტუარით წარსდგებით მსმენელის წინაშე?

– სიმართლე გითხრათ, ჯერ თვითონაც არ ვიცი. როცა დიდ სივრცეში, მაგალითად ფილარმონიაში ან Black Sea Arena-ზე გამოვდივართ, ყველა დეტალი ზუსტად გვაქვს გათვლილი, კლუბში გამოსვლა კი, უფრო ომპროვიზაციაა, რაც ძალიან გვიყვარს და ჩვენთვის ორგანულია. სხვათაშორის,  მსმენელთან ამგვარი სიახლოვისას, ნებისმიერი სიმღერა განსხვავებულად იმღერება, რადგან სწორედ ის მიგანიშნებს რა და როგორ შეასრულო.

– რა როლს ასრულებს ჯგუფი „ინსაითი“ თქვენს ცხოვრებაში?

– რა თქმა უნდა, „ინსაითი“ უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მიყვარს ჯგუფის ყველა წევრი და საინტერესოა მათთან ურთიერთობა, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვგრძნობთ და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთის.

– მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაგიმართავთ კონცერტი. საინტერესოა, რით განსხვავდება ქართველი მსმენელი უცხოელისგან?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ახალ პროექტზე მუშაობისას ჩემს საყვარელ, ქართველ მსმენელზე ვფიქრობ და თითქოს ყველა ნამუშევარს მასთან ვათანხმებ. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სიტყვა, მისი შინაარსი, მელოდიაში გადატანა და ყველაფრის ჰარმონიზება, რაც პირველ რიგში, სწორედ ქართველი მსმენელისთვის კეთდება.

– სცენაზე ყოველთვის განსხვავებული კოსტუმებით გამოდიხართ, ვინ მუშაობს მათ დიზაინზე?

– რამდენიმე წელია ავთანდილთან ვთანამშრომლობ. ძალიან საინტერესო და რაც მთავარია კომფორტულია მასთან მუშაობა, რადგან ყოველთვის ზუსტად იცის ადგილისა და სიტუაციის შესაბამისად რა მომარგოს.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული მოთხოვნები საზღვარგარეთული გასტროლების დროს?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური აღჭურვილობაა. 13 დეკემბერს ვენის ფილარმონიაში გვაქვს კონცერტი, სადაც განსხვავებული განათება და აკუსტიკაა, ამიტომ, განსაკუთრებული რაიდერი უნდა შედგეს, რათა კონცერტი პროფესიონალურად ჩატარდეს.

– წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

– დღევანდელი გამოცდილება რომ მქონდეს, ალბათ ყველაფერს შევცვლიდი, სხვანაირად ვიცხოვრებდი და მართალია, შეცდომა განვითრების მთავარი მოტივაციაა, მაგრამ მაინც ბევრ შეცდომას ავიცილებდი თავიდან, ბევრ ახლობელს ვეტყოდი, რომ მიყვარს, მეტად დავიხარჯებოდი მათთვის და ბევრად მეტ საჩუქარს გავცემდი.

– გსურთ თუ არა, რომ თქვენი შვილიც მუსიკოსი იყოს?

– ჯერჯერობით მეცნიერობაზე ოცნებობს, მერე რას გადაწყვეტს ნამდვილად არ ვიცი. რა თქმა უნდა, მუსიკა ყოველთვის მისი ცხოვრების ნაწილი იქნება, რადგან ძალიან მოსწონს ჩვენთან ერთად მოგზაურობა და ამ გარემოში ცხოვრება, მაგრამ უამრავი რამ აინტერესებს და ძალიან უყვარს სწავლა.

– რას ურჩევდით დამწყებ მუსიკოსებს?

– როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მთავარი დაუღალავი შრომა, პირველ რიგში კი, საკუთარ თავზე მუშაობაა.

– სამომავლოდ რას გეგმავთ?

– ძალიან გვიყვარს ახალი წელი, ამიტომ აუცილებლად მოვაწყობთ საახალწლო კონცერტს. გარდა ამისა, გასტროლებით მივემგზავრებით მინსკში, კიშინოვსა და ვენაში. ვგეგმავთ ტურნეს ამერიკასა და ევროპაში. უამრავი საქმე გვაქვს და ვფიქრობ ყველაფერს წარმატებით გავართმევთ თავს.

9 ნოემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები