ნინო სუხიშვილი: „22 ივნისი ჩვენი ანსამბლისთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა”

ნინო სუხიშვილი: „22 ივნისი ჩვენი ანსამბლისთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა”

გადაცემის ლაივი LIVE

18 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ქალბატონი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა.

1986 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ნინომ, სუხიშვილების ანსამბლში დაიწყო  მუშაობა კოსტიუმების მხატვრად, იყო დასის მოცეკვავე და ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი, 2007 წლიდან კი, დირექტორობა და გენერალური პროდიუსერობა ითავა. 2013 წელს დაარსა მოდერნ-ბალეტი „რამიშვილები“ და შექმნა 20-მდე ახალი სასცენო კოსტუმი. ქალბატონი ნინოს ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს და რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების გალერეებში, არის რამდენიმე წიგნის რედაქტორი, მიღებული აქვს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია.

– ქალბატონო ნინო, საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. საინტერესოა, ახლა რა პროექტზე მუშაობთ?

– ახლა ჩვენი სკოლის დასკვნით კონცერტებს ვმართავთ, რომელიც ამავდროულად ერთგვარი ქასთინგიცაა, რადგან იმ მოზარდებს ვარჩევთ, ვინც საბავშვო ანსამბლის შემდეგ, საკმარისი ცოდნითა და გამოცდილებით ჩვენს დასს შეუერთდება. არაჩვეულებრივი თაობა გვყავს, უამრავი ახალგაზრდაა ქართული ცეკვით გატაცებული და ბედნიერი ვარ, ნაციონალური ცეკვაც ასეთი პოპულარობით სარგებლობს.

– რა აქტივობებს გეგმავთ როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი?

– დიახ, მე კეთილი ნების ელჩი ვარ მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რაც ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა მსოფლიო პროექტს და ამიტომ, გასაკეთებელიც ძალიან ბევრი გავქვს. საერთო ჯამში პროექტი 17 მიზანს აერთიანებს, რომელთაც აქტიურად ვამუშავებთ და ვფიქრობ, სასურველ შედეგსაც მალე მივაღწევთ.

– რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს 22 ივნისს?

– 22 ივნისი ჩვენი ანსამბლისთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დიდ საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს ვმართავთ.   შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ დასის ხელმძღვანელობასთან ერთად, მამა ძალიან დიდი ქველმოქმედი იყო, ამიტომ რამდენიმე წლის წინ მისი სახელობის ფონდი დავაარსეთ და უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. სამწუხაროდ, შემოწირულობა ნაკლებად გვაქვს, ამიტომ მხოლოდ საკუთარი სახსრებით და კონცერტების გამართვით ვინარჩუნებთ ფონდს. საქველმოქმედო იქნება საიუბილო კონცერტიც, შემოსული თანხა კი, სრულად მოხმარდება აუტიზმის ცენტრის დაპროექტებასა და აშენებას. ვფიქრობ, ამგვარი რეგიონალური ცენტრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუტისტ ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ  დახმარება, რათა ერთის მხრივ, უნიკალური თვისებების გამოვლენის საშუალება მივცეთ, მეორეს მხრივ კი, საზოგადოებაში სრულფასოვან ინტერგრირებაში შევუწყოთ ხელი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, სად აპირებთ გასტროლებით გამგზავრებას?

– წელს ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, საქართველოში აპრილის ბოლოს დავბრუნდით სპეციალურად დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისთვის და უამრავ სამთავრობო ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ახლო მომავალში, Check in Georgia-ს ფარგლებში რეგიონებში ვგეგმავთ კონცერტების გამართვას. სულ ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში ნინო რამიშვილის სახელობის თეატრი გაიხსნა და სხვა რეგიონებთან ერთად გურიის სტუმრობასაც ვგეგმავთ. ზაფხულში საქართველოში ვიქნებით, სექტემბრიდან კი, ისევ გასტროლებით გავემგზავრებით და მხოლოდ წლის ბოლოს დავბრუნდებით.

– რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– განსაკუთრებული სტილი არასდროს მქონია, რადგან სამოსს ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად ვირჩევ. თუმცა, ძალიან მიყვარს თავისუფალი სტილი – ტანსაცმელი, რომელსაც მოირგებ და კომფორტულად იგრძნობ თავს.

– გაქვთ თუ არა საყვარელი აქსესუარი?

– ძალიან მიყვარს დიდი ბეჭდები და პრაქტიკულად ყველა თითზე მიკეთია. ბეჭდის გარეშე სახლიდან არ გამოვდივარ, რადგან ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ტანსაცმელი არ მაცვია.

– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად და როგორ შეიძლება თქვენი ნდობის მოპოვება?

– ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ყოველთვის ზუსტად ვგრძნობ ადამაინს და სწრაფად ვხვდები რამდენად მისაღებია ის ჩეთვის. ვფიქრობ, სწორედ ინტუიცია მეხმარება ადამაინებთან ურთიერობასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ადამიანში პირველ რიგში გულწრფელობას ვაფასებ, არ მიყვარს, როცა მპირდებიან, მერე კი პირობას არ ასრულებენ, ამიტომ ყველას პირდაპირ ვეუბნები, რომ უკეთესია უარი მითხრას, ვიდრე  ფუჭი დაპირება მივიღო. საკმაოდ პირდაპირი ვარ და ყველაფერს ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მართალია, ზოგჯერ თავშეკავება ჯობია, მაგრამ ემოციების დამალვას მხოლოდ ასაკთან ერთად ვსწავლობ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოველთვის სწრაფად ვწყვეტ, რადგან მივხვდი, რომ პირველი გადაწყვეტილება უფრო ამართლებს, ვიდრე დიდი ხნის ნაფიქრი.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართვათ დღის განმავლობაში?

– „მადლობა ღმერთს!“

– როგორია ნინო სუხიშვილი სამზარეულოში?

– სიმართლე ვთქვა, მოუცლელობის გამო ბოლო დროს ძალიან იშვიათად ვარ სამზარეულოში.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ჩაით თუ ფინჯანი ყავით?

– დილას ყოველთვის ყავას ვსვამ.

– სად ისვენებთ გადატვირთული დღის ბოლოს – აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– დასვენება და სასიამოვნო საღამოს გატარება მეგობრებთან ერთად მიყვარს.

– ჟურნალისტის კითხვა, რომელიც განსაკუთრებით გაღიზიანებთ?

– არ მომწონს შეკითხვა „თქვენი წარმატების საიდუმლო“.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა. ჯერჯერობით არაფერს ვაგროვებთ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად იმ საქმის კეთებაა საჭირო, რომელიც ძალიან გიყვარს. გარდა ამისა, აუცილებელია დაუღალავი შრომა, რადგან ცხოვრებაში თავისით არაფერი არ მოდის. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ყველაფერი მშობლებისგან მივიღეთ გამზადებული, მაგრამ სინამდვილეში არც ჩვენ დაგვიკლია შრომა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

19 ივნისი, 2018

სხვა ჩანაწერები