LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი: „იმედი გვაქვს, რომ ორივე კონცერტი ანშლაგით ჩაივლის”

4

24 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ქართული ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ილიკო სუხიშვილის 110 წლისთავისთვის მიძღვნილ კონცერტზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს ახალ კონცერტზე?

– ჩვენი საღამოები 27 და 28 იანვარს გაიმართება დიდ საკონცერტო დარბაზში. ბილეთები უკვე გაყიდულია და იმედი გვაქვს, რომ ორივე კონცერტი ანშლაგით ჩაივლის. მინდა გავახარო ისინი, ვინც ამჯერად ვერ მოახერხა ბილეთის შეძენა და ვუთხრა, რომ კონცერტებს მაისშიც გავიმეორებთ, რადგან ილიკო სუხიშვილის 110 წლისთავი მთელი წლის მანძილზე აღინიშნება. ასე რომ, გაზაფხულზე ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულები კიდევ ერთხელ შევხვდებით ჩვენს თაყვანისმცემელს. რაც შეეხება დაგეგმილ კონცერტებს, მაყურებლის წინაშე განსხვავებული პროგრამით – მეტწილად ილიკოს მიერ დადგმული და ჩვენს მიერ აღდგენილი ცეკვებით წავრსდგებით. პროგრამას „სიმდით” გავხსნით, რომელიც ხორუმის მსგავსად სწორედ ბაბუამ დადგა პირველად და შეიძლება ითქვას, მისი ერთგვარი ძეგლია.

„სიმდის” ქართული ცეკვით გავაგრძელებთ, რითაც ხაზს გავუსვამთ, რომ ოსეთი და აფხაზეთი როგორც ყოველთვის, დღესაც საქართველოს ნაწილია, ყოველ შემთხვევაში ჩვენს პროგრამაში ნამდვილად დაცულია ქვეყნის მთლიანობა. შეიძლება ითქვას საღამოებს ერთგვარი პოლიტიკური ელფერიც ექნება, რადგან ილიკო სუხიშვილი ძალიან დიდი პატრიოტი იყო, სამშობლოს სიყვარულით ცხოვრობდა და ჩვენც ასე გვზრდიდა. სწორედ პატრიოტიზმით იქნება გამსჭვალული მთელი საღამო. პროგრამა ორ ნაწილად გავყავით. პირველ ნაწილში მის მიერ შექმნილ ცეკვებს წარმოვადგენთ, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა, გართულდა და ბევრად სანახაობრივი გახდა. მეორე ნაწილში ბოლო პერიოდის ცეკვები გავაერთიანეთ, რომლებიც ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შთაგონებითა და გავლენით, მათი სტილისტიკითა და ტრადიციული ქორეოგრაფიით დაიდგა.

– რამდენადაც ვიცი, თებერვლის თვეში გასტროლები გაქვთ. სად მიემგზავრებით და კონკრეტულად რა პროგრამით წარსდგებით უცხოელი მაყურებლის წინაშე?

– საზღვარგარეთ ამავე პროგრამას წარმოვადგეთ, თუმცა ცოტა შეცვლილი სახით. დასში 100-ზე მეტი მოცეკვავე გვყავს, რომლებიც ყველა თბილლისურ კონცერტში ღებულობენ მონაწილეობას, გასტროლებზე კი, მათი რიცხვი შეზღუდულია, ამიტომ გარკვეული ცვლილებების შეტანა პროგრამაშიც მოგვიხდა. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ზამთარიც ძალიან დატვირთულია. გამოსვლები გვექნება უკრაინაში და ბელორუსიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში. სხვათაშორის, სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით მორიგი ევროპული ტურნედან, ვიყავით შვეიცარიაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ, ისევ თბილისში ვიქნებით და მაყურებელს საგაზაფხულო წარმოდგენებს შევთავაზებთ.

– თქვენი კონცერტები ყოველთვის მრავალფეროვანია და არასდროს ჰგავს ერთმანეთს. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, პროგრამის რადიკალურად შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

– სიახლე აუცილებლად იქნება. სწორედ ახლა ვმუშაობთ პროგრამაზე, იანვრის კონცერტზე მისი წარდგენისგან თავს შევიკავებთ და სიურპრიზს გაზაფხულისთვის შემოვინახავთ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები