LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი: პროექტი ,,რამიშვილები“ საკმაოდ ახალგაზრდული გამოვიდა

2

28 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დირექტორი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 7 ივლისს დაგეგმილ პროექტზე ”რამიშვილები” ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, როგორია სამზადისი კონცერტის წინ?

– ჩვენი პროექტი პირველად შარშან დაიდგა, თუმცა, ამ ხნის მანძილზე უამრავი სიახლე განიცადა, რამდენიმე ახალი კომპოზიცია შეემატა და ბევრად საინტერესო გახდა როგორც მუსიკალურად ისე ქორეოგრაფიულად. ყოველთვის ასეა, ნებისმიერი ახალი პროექტი დროთა განმავლობაში იცვლის სახეს, ეტაპობრივად ყალიბდება, იხვეწება და იძენს დასრულებულ ფორმას. ახალი პროექტი განსაკუთრებით გვიყვარს, რადგან პირველ რიგში, ის ქალბატონ ნინო რამიშვილს ეძღვნება, რომელიც თანამედროვე ხედვით შექმნილ ქართულ მოდერნ-ბალეტზე ოცნებობდა, ხშირად საუბრობდა ამ თემაზე და აპირებდა კიდეც მის განხორციელებას. მეორეს მხრივ კი, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ მაყურებლს სიახლე. ”რამიშვილები” ძალიან განსხვავდება ძველი პროექტებისგან და თუ აქამდე განახლებული ან გათანამედროვებული პროგრამები გვქონდა, რომლებიც ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებზე იყო დაფუძნებული, ახალ პროექტის არ აქვს ფოლკლორული საფუძველი და მხოლოდ მცირე აქცენტებია გაკეთებული. პროგრამაში მრავალი გადაკეთებული კომპოზიცია და ორი ახალი თემა შევიდა. გარდა ამისა, ბევრი ახალი მოცეკვავე გვყავს და პროექტიც საკმაოდ ახალგაზრდული გამოვიდა.

– შესთავაზებთ თუ არა მაყურებელს ვიზუალური სიახლეებს?

– ვიზუალური სიახლეები რა თქმა უნდა იქნება. რადგან შესრულების ტექნიკა საკმაოდ რთულია, დეკორაცია კი, თითქმის არ გვაქვს, აქცენტი განათებასა და საკმაოდ უჩვეულო კოსტიუმებზე გავაკეთეთ. ”სნაიპერების” ცეკვას მინდა გავუსვა ხაზი, სადაც მოცეკვავეებს ამერიკელი სნაიპერების ნამდვილი ფორმები აცვიათ, მეტად ემოციური ცეკვა კი, ქართუული ფოლკლორის ერთგვარი გამოძახილია. საერთო ჯამში 12 ნომერს წარმოვადგენთ, რომლებიც მაყურებელს მეტ-ნაკლებად შეასხენებენ ეროვნულ ტრადიციებს.

– რას გეგმავთ ახლო მომავალში?

– რამდენიმე დღეში ახალციხეში მივემგზავრებით, ახალციხობის დღესასწაულზე. ბათუმის წარმოდგენამდე, კვიპროსზე ვიმოგზაურებთ. სექტემბერში კი, საქართველოში ჩავატარებთ კიდევ ერთ რეგიონალურ ტურს და თითქმის ყველა ქალაქს ვეწვევით. ოქტომბრიდან ძალიან დატვირთულ ევროპულ ტურნეს ვიწყებთ, ავსტრიით დავიწყებთ და გერმანიაში, შვეიცარიასა და უნგრეთში გავემგზავრებით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები