LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: „დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინა საახალწლო კონცერტი მხოლოდ დადებით ემოციებს მოიტანს”

19

13 დეკემბერს რადიო „ფორტუნა“ და თათა სადრაძის გადაცემა „არტ-FM“ იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერსა და იტალიის კეთილი ნების ელჩს მსოფლიოში, მუსიკოსს ნინო სურგულაძეს მასპინძლობდა.

– ნინო, რამდენადაც ვიცი მორიგი საქველმოქმედო საღამოს გამართვას აპირებთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას ახალ კონცერტში?

– ზოგადად, ახალი წელი ყოველთვის პოზიტივთან და კეთილ საქმესთან ასოცირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინა საახალწლო კონცერტიც, რომელიც 28 დეკემბერს, დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, მხოლოდ დადებით ემოციებს მოიტანს. წლევანდელი კონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება და უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი კოლეგებიდან ანსამბლებს „რუსთავსა“და „ბასიანს“, „ქართული ხმებს“, „ირიაოს“ და „გეორგიკას“, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრს ბატონ მირიან ხუხუნეიშვილის ხელმძღვანელობით და გორის ქალთა კამერულ გუნდს, სოფიკო კაკულიასა და ნიკა ნიკოაშვილს გამოვყოფდი, უცხოელებიდან კი, კორსიკული ანსამბლი „სარტენე“ და იტალიური ანსამბლი „ლე დივას“ , შოტლანდიელი სფად დი ფაიფერი, ბრიტანელი ოლივერ პული და იტალიელი ფრანჩესკო ტასკაელი გვესტუმრებიან. ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყველა დაგვთანხმდა კონცერტში მონაწილეობაზე და რაც მთავარია, სრულიად უსასყიდლოდ. ამჯერად ჩვენი საქველმოქმედო კონცერტი იმ ბავშვებს მიეძღვნებათ, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. 40 ბავშვს უკვე დავეხმარეთ და დარწმუნებული ვარ, სურვილის შემთხვევაში კეთილი საქმის გაკეთებას წინ ვერაფერი დაუდგება. ბილეთები, რომელთა ფასი 20 ლარიდან იწყება, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და იმედი მაქვს   უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს ჩვენს ტელეფონის ნომრებზე: 591 503 503 და 09 01 900 999 და ჩვენთან ერთად დაეხმაროს ბავშვებს. ვფიქრობ წლევანდელი კონცერტი ძალიან საინტერესო გამოვა, რადგან ქართულ ფოლკლორთან ერთად, ბევრი თანამედროვე ნომერიც შესრულდება.

– დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ყველაზე ხალისიან ახალ წელს ხომ ვერ გაიხსენებდით?

– შარშანდელ ახალ წელს გავიხსენებდი, რომელსაც ოჯახთან ერთად შევხვდი. იმედი მაქვს, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წლევანდელ დღესაწაულსაც საქართველოში ავღნიშნავ.

– მართლაც ძალიან ბევრს მუშაობთ, რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

– წელს მხოლოდ ოთხდღიანი „არდადეგები“ მქონდა, რომელიც საქართველოში გავატარე. განტვირთვის საუკეთესო საშუალებად კი, მუსიკის მოსმენას და დედასთან საუბარს ვთვლი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია.

– როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

– ჩემი აზრით, წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ძალიან ბევრს მუშაობ და არასდროს ჩერდები მიღწეულზე. თვითკმაყოფილება ძალიან სახიფათოა, რადგან სწორედ მაშინ წყვეტ ზრდას და განვითარებას, როცა თვლი, რომ უკვე ყველაფერი გააკეთე. მე არასდროს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით და მიღწეული შედეგით, ამიტომ სულ უფრო მეტის და უკეთესის გაკეთება მინდა. წარმატებას განაპირობებს პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის სიყვარულიც, როცა მზად ხარ ყველაფერი შესწირო საყვარელ საქმეს.

– გიყვართ თუ არა წინა საახალწლო სამზადისი და გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი, რომელსაც თავად ამზადებთ?

– საახალწლო სამზადისი ძალიან მიყვარს, საკვარელი კერძებიდან კი, საცივს გამოვარჩევდი, რომელიც დაიხვეწა და ბოლო დროს ისე კარგად გამომდის, თვითონაც ძალიან მომწონს.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია?

– საერთოდ, ახალი წელი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. რაც შეეხება ტრადიციებს – მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ერთად ავღნიშნავთ ამ დღესასწაულს. დამდეგი წელი მამლის წლად ითვლება და იმედი მაქვს ყოყლოჩინა მამალი ოდნავ მაინც გამოაფხიზლებს ჩვენს საზოგადოებას. დიდი წარმატება, იღბალი და ბარაქა მინდა ვუსურვო ყველას და ძალიან მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვი  ბედნიერი იყოს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები