LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი მორიგ კონცერტს მართავს – ვინ იქნება სპეციალური სტუმარი

14

25 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნინო სურგულაძე სტუმრობდა.

1 მაისს 21 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და კომპანია „სოკარი“, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, მორიგ, რიგით მე-7 საქველმოქმედო კონცერტს გამართავს მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით.

– ნინო, როგორ ემზადებით დაგეგმილი კონცერტისთვის?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კეთილის საქმის კეთება და სიხარულის სხვებისთვის განაწილება შემიძლია. საღამო ძალიან სწრაფად დაიგეგმა, არავის სჯეროდა, რომ ასეთ მოკლე დროში რაიმეს გაკეთებას მოვასწრებდით და მიხარია, რომ ყველა საორგანიზაციო საკითხი მოვაგვარეთ და კონცერტი აუცილებლად შედგება.

– წელს ვინ იქნება თქვენს საქველმოქმედო საღამოს სტუმარი?

– ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს საღამოს მაესტრო ეციო ბოსო – საოცარი ადამიანი, უდიდესი მუსიკოსი და გასული წლის სან-რემოს ფესტივალის ვარსკვლავი ესტუმრება. უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს და დიდხანს ვოცნებობდი მის მოპატიჟებაზე, რადგან ის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია და მართალია, ბახზე, ბეთჰოვენზე და შოპენზეა შეყვარებული, რაც მის შემოქმედებაზეც აისახება, მაგრამ უნიკალურ, მეტად ინდივიდუალურ და სახასიათო მუსიკას ქმნის, რომელიც ყოველთვის ცხოვრებისეული გამოცდილებით – ტკივილით თუ სიხარულით იწერება. საბედნიეროდ, ჩვენ საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და სწორედ მათი წყალობით გავიცანით ერთმანეთი. საქართველოს მაესტრო ჯერ მხოლოდ ჩემი მონათხრობით და ჩვენი კულინარიული ტრადიციებით იცნობს, რადგან ერთ-ერთ ქართულ რესტორნში სტუმრობის შემდეგ, არა მარტო ქართული კერძებით, არამედ ჩვენი ტრადიცილი სტუმარ-მასპინძლობითაც აღფრთოვანდა. საერთოდ, მაესტროს მიწვევა ნებისმიერ კონცერტზე რთულია, რადგან მძიმე სენითაა ავად, უჭირს გადაადგილება და ინსტრუმენტიც განსაკუთრებული სჭირდება. თუმცა, ჩვენ ყველა შეზღუდვა დავძლიეთ და ენციო ბოსი ჩამოსვლაზე დავითანხმეთ, მითუმეტეს, რომ მასაც ძალიან უნდოდა საქართველოს სტუმრობა. გარდა ამისა, ჩვენი საღამოს სტუმარი სოპრანო კარმენ ჯანატაზიო – ჩემი ძველი მეგობარი, ნიჭიერი მუსიკოსი და უკეთილშობილესი ადამიანი იქნება. სხვათაშორის, კარმენი, რომელიც BVLGARI-ის ელჩიცაა, სულ ცოტა ხნის წინ Fashion Icon-ის ათეუშიც მოხვდა.

– რამდენადაც ვიცი, საღამოს სტუმრებს შორის ცნობილი პიანისტი ოლივერ პულიც იქნება.

– ოლივერი დიდი ხანია აღარ ითვლება სტუმრად, რადგან საკმაოდ ხშირად ჩამოდის და ქართველი მსმენელისთვის ახლობლიც კი გახდა. რაც მთავარია, თვითონაც ამგვარი განწყობა აქვს და ძალიან უხარია საქართველოში ჩამოსვლა, მითუმეტეს, რომ მაესტრო ენციო ბოსოსთან ტანდემში გამოვა სცენაზე. ვფიქრობ, საღამო მეტად თბილი, უშულაო და საინტერესო გამოვა, რადგან აუცილებლად გავიხსენებთ იმ ბავშვებს, ვისაც უკვე დავეხმარეთ და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება, ამიტომ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბადრი მაისურაძეს, ჩვენი თეტრის არაჩვეულებრივ ორკესტრს და ყველას, ვინც გვეხმაურება და ჩვენი საქმიანობით ინტერესდება.

– ფილმში მონაწილეობაზე ხომ არ მიგიღიათ შემოთავაზება?

– მარკო ბელოკიო იღებდა ფილმს და საოპერო შემსრულებელს ეძებდა, თუმცა, პერსონაჟი სკანდინავიური წარმოშობის უნდა ყოფილიყო და მივხვდი, რომ როლს ვერ მოვერგებოდი. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას „მეტიჩარა“-ს გაგრძელებაში, თუ რა თქმა უნდა, კარგი რეჟისორი მოჰკიდებდა ხელს ფილმის გადაღებას. წარმოდგენა არ მაქვს რა გამოვიდოდა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად საინტერესო იქნებოდა.

– მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ თეტრში იმუშავეთ და უზარმაზარ წარმატებასაც მიაღწიეთ. გაქვთ თუ არა სანატრელი პარტია ან როლი, რომელსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდით?

– სამუშაო და სანატრელი როლები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, დიდი სიამოვნებით შევასრულებდი დალილას როლს.

– ვის ისურვებდით პარტნიორად?

– ჩემთვის პირველ რიგში ადამიანია საინტერესო და რამდენად შევძლებ მასთან ერთად მუშაობას, რადგან სცენაზე საკმაოდ ბევრი სირთულის დაძლევა გიხდება. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პარტნიორის ხასიათი, იუმორის გრძნობა და ურთიერთგაგება ჩვენს შორის.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მაისში ახალ ზელანდიაში მივფრინავ. საკმაოდ შორ მოგზაურობას ვგეგმავ, თუმცა ძალიან მაინტერესებს ეს ქვეყანა, მისი არაჩვეულებრივი ბუნება, ტრადიციები და ადამიანები, რომლებიც როგორც ამბობენ,  ძალიან ჰგვანან ქართველებს. ახალ ზელანდიაში სამთვიანი ტურნე და15 წარმოდგენა გვექნება რამდენიმე ქალაქში, მოგვიანებით კი, არენა დი ვერონაზე წავრსდგები მსმენელის წინაშე ქართველ კოლეგებთან ერთად და ძალიან მეამაყება, რომ ამგვარ პრესტიჟულ ფესტივალზე ქართველებიც მივიღებთ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები