ნოდარ შურღაია: „საუკეთესო მასწავლებელი სწორედ საკუთარი შეცდომები და მარცხია”

ნოდარ შურღაია: „საუკეთესო მასწავლებელი სწორედ საკუთარი შეცდომები და მარცხია”

12 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ დასაქმების სააგენტოს HR. ge-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნოდარ შურღაია სტუმრობდა.

2004 წელს, თავისუფალი უნივერსიტეტის (იესემ-თბილისის) დასრულების შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება ნოდარ შურღაიამ საქართველოს ერთ-ერთ ბანკში მიიღო, მოგვიანებით სადისტრიბუციო კომპანიაში გადაინაცვლა, ბოლოს კი, საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა და დასაქმების სააგენტო HR.ge დააფუძნა.

– ბატონო ნოდარ, როდის და რა მიზნით დაფუძნდა HR.ge?

– სააგენტო 2006 წელს დაარსდა. საქმნიანობის დაწყება საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ჩვენი კაპიტალი პრაქტიკულად ნულს უტოლდებოდა. იყო მხოლოდ იდეები და პერსპექტივები, სწორედ ამ პერსპექტივებს ჩავებღაუჭეთ და ვფიქრობ, დღევანდელი წარმატებაც  ჩვენი ენთუზიაზმის დამსახურებაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია უპირობო ლიდერია ბაზარზე, რა თქმა უნდა თავის სფეროში. ჩვენ აზერბეიჯანსა და ყაზახეთშიც ვსაქმიანობთ. მართალია, შედეგებით ჯერ  კმაყოფილი არ ვართ, თუმცა, იმედი მაქვს ძალიან მალე გავიზრდებით და სწრაფად განვითარდებით.

– რამდენი პარტნიორი კომპანია ჰყავს HR.Ge-ს?

– თუ მხოლოდ ვებ-საიტის მონაცემებს გავითვალისწინებთ, ჩვენ 3000-ზე მეტი კლიენტი გვყავს, რომლებიც წლის განმავლობაში სისტემატურად ათავსებენ სერვისებს.

– როგორია საიტის ვიზიტორთა ზრდის ტენდენცია და რომელ სეზონზე აღინიშნება განსაკუთრებული აქტიურობა?

– 9 წელი საკმაოდ პროგნოზირებადი იყო. ბოლო წელიწადი კი, ე.წ. ტრენდს არ აჰყვა და თუ მთელი 9 წლის მანძილზე ვამბობდით, რომ დასაქმების სეზონი ძირითადად სექტემბერზე, მაისსა და დეკემბერზე მოდიოდა, წელს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა – ძალიან აქტიური იყო აგვისტო, რაც საკმაოდ უცნაურია, რადგან მანამდე აგვისტოს თვე საკმაოდ პასიურად ითვლებოდა.

– რომელია დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია?

– ზუსტად ისე როგორც საზღვარგარეთ, საქართველოშიც ყველაზე მოთხოვნად პროფესიად გაყიდვების მენეჯერი ითვლება, რომელიც ვაკანსიების დაახლოებით 25-27%  ავსებს. საკმაოდ აქტიურია ე.წ. ჰორეკას მიმართულება, რომელიც რესტორნებს, სასტუმროებს და კაფეებს აერთიანებს.

– რამდენად აქტიურობენ კომპანიები დასაქმების თვალსაზრისით?

– კომპანიები საკმაოდ აქტიურები არიან. იხსნება ახალი ორგანიზაციები, რომელთაც თითქმის ყველა მიმართულებით სჭირდებათ მოსამსახურე პერსონალი. სხვათა შორის, წელს შარშანდელთან შედარებით 40%-იანი ზრდა გვაქვს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პირველ 5 წელიწადში ზრდა 20-25%-ს არ აღემატებოდა, წელს კი, საგრძნობლად მეტია.

– რამდენადაც ვიცი, ცოტა ხნის წინ ინტერნეტმაღაზიის ახალი პროექტი წამოიწყეთ. რა სახის პროდუქცია იყიდება თქვენს მაღაზიაში?

– ჩვენი ინტერნეტმაღაზია shop.ge. სულ რაღაც ორი თვის წინ ამუშავდა. ძირითადად ტექნიკაა წარმოდგენილი, თუმცა, ძალიან მალე გავფართოვდებით და ტექნიკასთან ერთად მომხმარებელს სხვა პროდუქტსაც შევთაზებთ, რადგან ჩვენი პროექტის იდეაც სწორედ ესაა – შევთავაზოთ მომხმარებელს ყველაფერი, რაც მას სჭირდება.

– რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობს თქვენი ინტერნეტმაღაზია?

– ჯერჯერობით 10-მდე მომწოდებელი გვყავს, თუმცა, მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიზრდება. აქამდე თვითონ არ ვაქტიურობდით, რადგან პირველ რიგში საიტის ტექნიკურად გამართვაზე ვზრუნავდით. ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკაზე ვმუშაობთ, რომლის შეძენა მომხმარებელს ზუსტად იმავე პირობებით – გარაანტიით, მომსახურებით და თითქმის იმავე ფასად შეუძლია, როგორც ნებისმიერ მაღაზიაში.

– პროდუქტის მიწოდებას როგორ ახორციელებთ და რამდენად აქტიურია თავად მომხმარებელი?

– მომხმარებელი ნელ-ნელა აქტიურდება. ჯერჯერობით მაჩვენებელი არც ისე მაღალია, თუმცა იმედია მალე გაიზრდება. რაც შეეხება მიწოდებას – ჩვენ სახლში მიტანის სერვისი გვაქვს ანუ კურიერი თვითონ იზრუნებს შენაძენის დროულად მიტანაზე.

– რა განასხვავებს თქვენს ინტერნეტმაღაზიას სხვებისგან?

– შესაძლოა ცუდად ჟღერს, მაგრამ განსაკუთრებული ნიშა ჯერ არ გვაქვს. თუმცა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია, რეალურად გვაქვს და მომხმარებელს შენაძენზე არ დასჭირდება ზედმეტი ღირებულების გადახდა.

– თქვენი აზრით, როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში?

– ჩემი აზრით, ბიზნესი ჯერ არაა სრულად ჩამოყალიბებული და მხოლოდ განვითარების პროცესშია. მართალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბიზნესი ნაკლებად მასშტაბურია, თუმცა, პერსპექტივები ნამდვილად არის. მთავარია, პირობებია საკმაოდ ხელსაყრელი, ნაკლები ბიუროკრატიაა და არსებული კანონმდებლობაც  ხელს უწყობს ახალი ბიზნესის დაწყებას.

– რამდენი ადამიანი დასაქმებული თქვენს კომპანიაში?

– HR-ის ოფისში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, სხვადასხვა პროექტებზე დასაქმებულთა რიცხვი, რა თქმა უნდა გაცილებით მაღალია.

– პირველ რიგში რას აფასებთ თანამშრომლებში?

– ენთუზიაზმს და ბრძოლისუნარიანობას.

– თავად როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– არ ვიცი, ალბათ შეიძლებოდა ვყოფილიყავი უკეთესი. მართალია, ბევრისგან გამიგია, რომ აუცილებელია თანამშრომლების ხშირი შექება, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდებოდა იმ ადამიანებთან მუშაობა, ვისაც მუდმივი მოტივაცია სჭირდება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მართალია, კომპანია საკმაოდ სწრაფად იზრდება, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მიღწევის სურვილი გვაქვს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია, ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ კი, ვაჭიანურებ. ვცდილობ ემოციებიეთ არაფერი გადავწყვიტო, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არასდროს ამართლებს.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს HR-ს?

– „ყველაზე მეტი ვაკანსია!“

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ალბათ“

– ყველაზე უცნაური ვაკანსია და უცნაური CV რაც კი ოდესმე შეგხვედრიათ?

– ძალიან ბევრი ვაკანსია გვაქვს, მათ შორის უცნაურებიც, რაც შეეხება CV-ის, ნამდვილად ვერ ვისაუბრებ ასე დეტალურად.

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– სამწუხაროდ არ მაქვს, რადგან ნებისმიერ წიგნს მხოლოდ ერთხელ ვკითხულობ.

–  რა გეხმარებათ სირთულეების დაძლევაში?

– ვცდილობ განსხვავებული გამოსავალი ვიპოვო შექმნილი სიტუაციიდან.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილას ადრე ვიღვიძებ, ვარჯიშობ და გარკვეულ დროს პირად საქმეებს ვუთმობ. მერე კი, სამსახურში მივდივარ.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს გადიხართ?

– ტელეფონი.

– სად ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– აუზზე ან სახლში საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად.

– რას დახატავდით ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ?

– ალბათ „სმაილიკს“.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით, ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავისგან უნდა სწავლობდეს, რადგან საუკეთესო მასწავლებელი, სწორედ საკუთარი შეცდომები და მარცხია.

გადაცემის ჩანაწერი

13 დეკემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები