LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „ახალი ალბომი მარტის ბოლოს გამოვა“

„მიხარია, რომ სამ მარტს, „დედების დღეს“, ვენაში სოლო კონცერტს გავმართავ. იქ ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქალბატონი ია, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველ ემიგრანტებს ქართველი მომღერლების კონცერტები აჩუქოს. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ჩასვლა მიწევს. ეს არ არის პირველი კონცერტი ემიგრანტებთან. ყველა კონცერტი საოცარი ემოციით სრულდება, რომელიც დიდი ხანი მიმყვება. ემოციები რამდენადაც დადებითია, იმდენად ცოტა სევდიანი ვბრუნდები ხოლმე – ხომ ვსაუბრობ მათთან, ფოტოებს ვიღებ, მიყვებიან, რომ დიდი ხანია სხვაგან ცხოვრობენ და როგორ ენატრებათ საკუთარი სამშობლო, ოჯახი, მეგობრები და ეს ისტორიები მასევდიანებს. ძირითადად ქართულ სიმღერებს ვასრულებ, რაც მათ ძალიან უყვართ. რეპერტუარში არის როგორც ჩემი, ასევე ბევრი ქართველი კომპოზიტორის ის ჰიტები, რომლებმაც დროს გაუძლეს. ვენაში მცხოვრები ქართველების გარდა კონცერტზე ისინიც მოვლენ, რომლებიც სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. მოვდივარ თქვენთან და მომაქვს ჩემი ახალი სიმღერა, რომლითაც დასრულდა მეორე ალბომზე მუშაობა,  რომელიც მარტის ბოლოს გამოვა. ეს, ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერაა, რომელიც მოსმენის დღიდან შემიყვარდა. მუსიკის ავტორი, რუსა მორჩილაძეა, სიმღერა არაჩვეულებრივი ლექსების ავტორს, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, მუსიკალური პროდიუსინგი კი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ჩემი ალბომის 80 პროცენტი სწორედ ბორიკოს ნამუშევრებია. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩავწერე. სიმღერის სახელწოდებაა „ნუ განიკითხავ“. დანარჩენ ნიუანსებზე ნელ-ნელა მოგაწვდით ინფორმაციას“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნოდიკო ტატიშვილმა ვენაში დაგეგმილი კონცერტისა და ახალი ალბომიდან, სიმღერის პრემიერაზე ისაუბრა. როგორც მომღერალი ამბობს, სიმღერა „ნუ განიკითხავ“ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.