ნონა მამულაშვილი: “წარმატებას საკმაოდ მარტივი ფორმულა აქვს – ესაა განათლება, დაუღალავი შრომა და სულ ცოტა იღბალი”

ნონა მამულაშვილი: “წარმატებას საკმაოდ მარტივი ფორმულა აქვს – ესაა განათლება, დაუღალავი შრომა და სულ ცოტა  იღბალი”

24 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ნონა მამულაშვილი სტუმრობდა.

საქართველოში განათლების მიღების შემდეგ, ქალბატონმა ნონამ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა და წარმატებით დაამთავრა სორბონას, ვესტმინსტერის და ჰარვარდის უნივერსიტეტები, სამუშაო გამოცდილება კი, მართლაც შთამბეჭდავი აქვს – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჯერ დიპლომატი, ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ოფიცრის თანაშემწე იყო, მერე კი, კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

– ქალბატონო ნონა, როგორ დაიწყო თქვენი წარმატებული კარიერა?

– წარმატებულ კარიერა საქართველოში, შავი ზღვის უნივერსიტეტში დაიწყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სწორედ ეს უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან საშუალება მომეცა სრულფასოვნად შემესწავლა ინგლისური ენა და თავისუფლად გამეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ – ვესტმინსტერის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში.

– საზღვარგარეთ მიღებული უამრავი შეთავაზების მიუხედავად, მაინც საქართველოში დაბრუნდით. თქვენი აზრით, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– არჩევანი აბსოლუტურად გამართლებული იყო, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ უკან დავბრუნდებოდი. საზღვარგარეთ – საფრანგეთში, ინგლისსა და ამერიკაში ცხოვრება გარკვეული ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში, რათა მიმეღო განათლება და შესაბამისი ცოდნით დავბრუნებულიყავი საქართველოში.

– როგორ იწყება თქვენი საქმიანი დილა?

– დილა ოფისში იწყება, ელექტრონული ფოსტის შემოწმებით და უახლესი ინფორმაციის გაცნობით. მოგვიანებით შეხვედრებს ვმართავ, რადგან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, დღის ბოლოს კი, ყველაფერს ვაჯამებ. გარდა ამისა, ხშირად ვმოგზაურობ, უამრავი მივლინება და მეტად დატვირთული ცხოვრების რიტმი მაქვს.


– საქმის დიდი სიყვარულის მიუხედავად, რ ახერხებთ განტვირთვას?

– განტვირთვა აუცილებელია, რათა განახლებული ენერგიით გააგრძელო საქმიანობა, მითუმეტეს რომ საკმაოდ სტრესულ გარემოშიი გვიწევს მუშაობა.

– გაქვთ თუ არა სამსახურში განტვირთვის ადგილი?

– სამსახურში განტვირთვის ადგილი არ მაქვს, თუმცა, შაბათ-კვირას ვისვენებ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ოჯახს და საყვარელ საქმეს, რათა დროებით მაინც დავისვენო სამსახურისგან.

– რამდენად ხელსაყრელი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში უცხოელებისთვის?

– საქართველო ყოველთვის მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, ბოლო დროს კი, განსაკუთრებით გაიზარდა მათი ინტერესი.

– რა პროექტებზე მუშაობთ ახლა და რას გეგმავთ სამომავლოდ?

– როგორც იცით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა ერთ-ერთი უმსხვილესი და საკმაოდ აქტიური ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც დაახლოებით 180 ქვეყანაში მოღვაწეობს და 20 000 წევრი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ სავაჭრო პალატაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 10 ეროვნული კომიტეტის წარმოამდგენელი ესწრებოდა. უმარავი საკითხი განვიხილეთ – საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარების, ინვესტიციების და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ჩათვლით, ვისაუბრეთ  გაეროს დამკვირვებლის სტატუსზეც, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ უცხოელები საკმაოდ სერიოზულ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, მითუმეტეს, რომ ქვეყანას, სადაც ძალიან სტაბილური გარემოა შექმნილი, ინვესტიციების მოზიდვის მეტად სწორი პოლიტიკა აქვს. თუმცა, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და სამომავლოდ ვეცდებით უფრო საინტერესო და მაქსიმალურად მივზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის, რათა საქართველი ერთგვარი ჰაბი გახდეს სხვადასხვა საქმიანობისთვის.

–  საკუთარი ბიზნესის წამოწყების და ქართულ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების სურვილი ხომ არ გქონიათ როდისმე?

– მსგავსი სურვილი ყოველთვის მქონდა, საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში კი, აუცილებლად დავაბანდებდი.

– უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობის ფონზე, საინტერესოა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებთან უფრო გიადვილდებათ ურთიერთობა?

– კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, რადგან თავისებურად ყველასთან საინტერესოა მუშაობა. თუმცა, ჩვენი ქვეყნით და მიმდინარე რეფორმებით ყველაზე მეტად აღმოსავლელი პარტნიორები ინტერესდებიან, რომლებიც ნაკლებად სარისკოდ თვლიან ინვესტიციის საქრთველოში ჩადებას.

– ბავშვობაში რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით?

– ბავშვპობაში რომანტიკული პროფესიები მიზიდავდა და ძალიან მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი, თუმცა მშობლებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს, რადგან სამწუხაროდ, შემოქმედებითი მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად მომგებიანია.

– საზღვარგარეთ მოგზაურობისას, რამდენად გიწევთ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ეტიკეტის გათვალისწინება?

– დიპლომატიურ პროტოკოლთან შედარებით ბიზნეს პროტოკოლი ნაკლებად მკაცრია. მართალია, არის გარკვეული პუნქტები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ, ერთიანობაში ბიზნეს სამყარო ბევრად ლოიალურია, თუმცა კურიოზებიც ხშირია. რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას გავიხსენებდი. ალბათ იცით, რომ ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრის პროტოკოლი საკმაოდ რთულია, არ შეიძლება ერთი მეტრის მანძილზე მიახლოება და მითუმეტეს არ შეიძლება შეხება, ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკომა კი, ყველა წესი დაარღვია და ბრიტანეთის დედოფალს მორიდების გარეშე ჩაეხუტა, რაც არა მარტო დედოფლისთვის, არამედ ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

– საქმიან შეხვედრაზე რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში და რა განგაწყობთ პარტნიორის მიმართ ნდობით?

– ნებისმიერ შეხვედრაზე ჩემთვის პარტნორის მომზადებაა მთავარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად აქვს მას შესწავლილი საკითხი და რამდენად გასაგებად შეუძლია საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.

– რა აქსესუარის გარეშე არ ტოვებთ სახლს არასდროს?

– სხვათაშორის, აქსესუარების დიდი მოყვარული ვარ, განსაკუთრებით ბეჭდები მიყვარს და არასდროს გამოვდივარ სახლიდან მათ გარეშე.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია, რადგან სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი არაა. მე მირჩევნია ყველაფერი კარგად გავანალიზო და მხოლოდ მერე გადავწყვიტო.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „აუცილებლად გასაკეთებელია!“

– კითხვა, რომელიც ჟურნალისტისგან ყველაზე მეტად გაღიზიანებთ?

– არც ჟურნალისტები მაღიძიანებენ არასდროს, არც მათი კითხვები, რადგან ვფიქრობ, რომ თავისებურად ყველა კითხვა საინტერესოა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი?

– „დიპლომატიის ისტორია“

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ აუზზე გირჩევნიათ დასვენება  თუ  ბარში მეგობრებთან ერთად?

– რა თქმა უნდა, ბარში მეგობრებთან ერთად.

– თქვენთვის სამაგალითო ქალბატონი?

– მადლენ ოლბრატიტი.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– თქვენს პორტრეტს დავხატავდი ძალიან მხიარულ ფერებში.

– რა მთავარი თვისებებით უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით წარმატებას საკმაოდ მარტივი ფორმულა აქვს – ესაა განათლება, დაუღალავი შრომა და სულ ცოტა  იღბალი.

25 აპრილი, 2017

სხვა ჩანაწერები