LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა აბრამიშვილი: “ჩემი საქმე არათუ მღლის, არამედ მაბედნიერებს!”

25

31 ოქტომბერს რადიო ფორტუნას და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანიის Schuchmann Wines Georgia-ს  გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი სტუმრობდა.

მონაცემები:

თბილისის 55-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ნუცა აბრამიშვილმა ჯერ ბაკალავრის დიპლომი მიიღო გერმანული ენის სპეციალობით, მერე კი, ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. წარმატებით გაიარა ბიზნესისა და ფინანსების მენეჯმენტის კვალიფიკაცია და leadership-ის პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში.

პირველი სამუშაო გამოცდილება ქალბატონმა ნუცამ საჯარო და კერძო სექტორში შეიძინა. მუშაობდა მარკეტინგის, ქალაქის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის, ტურიზმის და საინვესტიციო პროექტების მართვის სფეროში. 2012 წელს კი, კომპანიის Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორი გახდა. არის საქართველოს საერთაშორისო სამრეწველო პალატის ბორდის წევრი და ტურიზმის კომიტეტის თავჯდომარე.

მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის უმაღლესი ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო მეწარმე ქალს. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

* * *

img_3800– ქალბატონო ნუცა, არაერთხელ ყოფილხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბევრჯვერ გვისაუბრია თქვენი კომპანიის შესახებ და ახალი, საინტერესო მიმართულებაც ბევრჯერ დაგვიანონსებია, ახლა კი, შედეგებით გვინდა დავინტერესდეთ. რა სიახლეებია კომპანიაში Schuchmann Wines Georgia ბოლო ერთის წლის განმავლობაში?

– მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. პირველ რიგში, ქართული ღვინის სერიოზული წარმატება მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბაზარზე, რისი თანამონაწილე სხვებთან ერთად ჩვენი კომპანიაცაა, რადგან ყველა ჩვენი ბიზნეს საქმიანობა სწორედ ქართულ ღვინოს და მის პოპულარიზაციას უკავშირდება.

– რომელია დღეს ყველაზე მომგებიანი საექსპორტო ბაზარი?

– საექსპორტო ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მართალია,  არც ისე მარტივია ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრება, მაგრამ ჩინეთის ბაზარს მაინც გამოვყოფდი. ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გაზაფხულიდან ამოქმედდება, ძალიან დაეხმარება ქართული ღვინის დამკვიდრებას და ჩინეთის კარიც ძალიან მალე და ფართოდ გაიღება ჩვენი პროდუქციისთვის. სხვათაშორის, სულ ახლახანს გამოქვეყნდა Forbes-ის სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულ ღვინოს მოწყურებული ჩინური ბაზარი უკვე დიდი ხანია მის მოლოდინშია. თუმცა, კონკურენციაა იქაც საკმაოდ მაღალია, ამიტომ ქართული ღვინო ყოველთვის სტაბილურად უნდა ინარჩუნებდეს უმაღლეს ხარისხს, რათა თამამად გაუწიოს კონკურენცია სხვა ღვინოებს.

– რა არის ქართული ღვინის ძირითადი ”ფიშკა”?

– რა თქმა უნდა, 8 000-წლიანი ტრადიცია – ჩვენი ღვინო, კულტურა და ისტორია, რომელიც ძალიან ჰარმონიულად გაერთიანდა საბოლოო პროდუქტში და ჩვენც – ქართული ღვინის მწარმოებლებსაც ძალიან დაგვეხმარა ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზარზე რეალიზებაში.

– რა მდგომარეობაა რუსეთის ბაზარზე?

– ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი ამბობდა, რომ რუსული ბაზარი ძალიან სარისკო იყო. პოლიტიკურმა და ფინანსურმა რყევებმა, რომელიც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ გადაიტანა, რუბლის დევალვაცია გამოიწვია და მსყიდველობით უნარიანობაც გაანახევრა. რუსეთის ბაზარი დღესაც საკმაოდ სარისკოდ ითვლება, ამიტომ თავს ვიკავებთ ამ ბაზარზე კომერციული საქმიანობისგან.  რაც, მართალია, ამცირებს ჩვენს რისკებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარი არასდროს გახდება სტაბილური. ვფიქრობ, ნავთობის ფასის დაბალანსება რუბლის გამყარებასაც შეუწყობს ხელს და ქართულ ღვინოზეც გაიზრდება მოთხოვნა.

– ჩინეთის გარდა, კიდევ რომელი ბაზარია ჩვენთვის ყველაზე  პერსპექტიული?

– ყველა ბაზარი საინტერესოა. საკმაოდ რთულია ქართული ღვინის გატანა ევროპულ ბაზარზე, სადაც ნაკლებად იცნობენ მას. თუმცა, სახელმწიფოსთან ერთად განხორციელებულმა აქტიურმა პიარ-კამპანიებმა უკვე საკმაოდ ბევრი აალაპარაკა ჩვენზე. ასე რომ, ევროპაშიც ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კი, პირიქით – ქართულ ღვინოსაც კარგად იცნობენ და რეკლამირებაც ნაკლებად გვჭირდება.

img_3797– რამ განაპირობა ქართული ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე?

– ბოლო წლებში განხორციელებულმა აქტივობებმა – საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ ქართულ ღვინოს საკმაოდ სწრაფად მოუტანა პოპულარობა. სხვათაშორის, ღვინის ეროვნული სააგენტოს ეგიდით, სხვა კომპანიებთან ერთად ახლაც ვღებულობთ მონაწილეობას შანხაის გამოფენაში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპული გამოფენის შემდეგ. ქართველ მეღვინეებს ჩვენი სტენდი გვაქვს, სადაც ღვინის მწარმოებლებს შორის, ერთ-ერთია Schuchmann Wines Georgia.

– სამომავლოდ რას გეგმავს კომპანია? მახსოვს, წინა გადაცემაში რესტორნის გახსნაზე საუბრობდით.  

– ჩვენი მიზანი, ქართული ღვინის მირთმევის ტრადიციის ქართულ კულინარიასთან გაერთიანებაა. ქართული სამზარეულო იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და გემრიელია, რომ მისი საერთაშორისო სტანდარტებზე გადაყვანა ძალიან მარტივია. სწორედ ამ მიზნით გავხსენით Schuchmann Wine-Bar ძველ თბილისში, სადაც გარკვეული სითამამე გამოვიჩინეთ და ქართული სამზარეულო ავანგარდულ მოლეკულარულ მსოფლიო დონის გასტრონომიულ ტენდენციებს მოვარგეთ. სხვათაშორის, გასტრონომიაშიც არის მოდის კანონმდებლობა, აქაც ”იწერება” კანონები და ვფიქრობ, საქართველოც უნდა გახდეს ამ პროცესის მონაწილე. ჩვენი მთავარი მიზანი Michelin Guide-ში მოხვედრა და Michelin-ის ვარსკვლავის მიღებაა. შესაძლოა ვიღაცას ზედმეტად ამბიციურად მოეჩვენოს ჩვენი სურვილი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამბიციური გეგმები გვაქვს.

– როგორ გრძნობთ თავს მამაკაცების გარემოში, მაშინ როცა ბიზნესი ზოგადად მამაკაცების სფეროდ აღიქმება. სარგებლობთ თუ არა გარკვეული პრივილიგებიეთ საქმიან შეხვედრებზე?

– საქმიან შეხვედრაზე, როცა საქმე ბიზნესს და კომერციას ეხება, ნაკლებად ექცევა ყურადღება სქესს, გამომდინარე აქედან, პრივილეგიაც ნაკლებია.

– რას აფასებთ ბიზნესპარტნიორებში ყველაზე მეტად და რა თვისება განგაწყობთ პოზიტიურად?

– პირველ რიგში, მოსმენის კულტურა, რაც ბოლო დროს საკმაოდ დეფიციტურია. ადამიანები ყოველთვის საკუთარ აზრს გახვევენ თავს და ნაკლებად აინტერესებთ შენ რას ამბობ. ნებისმიერი საქმიანი შეხვედრა ბევრად უფრო კომფორტულია, როცა ეთიკის ეს ელემენტარული ნორმაა დაცული.

img_3815– რამდენი თანამშრომელია თქვენს კომპანიაში დასაქმებული?

– კომპანიაში 200-მდე ადამიანი მუშაობს. დასაქმება ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენი პროექტებით ყოველთვის მაქსიმალურად მეტი ადამიანის დასაქმებას ვცდილობთ.

– რამდენად რთულია დღეს კვალიფიციური კადრის მოძიება?

– რთულია, რადგან არ არსებობს პროფესიონალური განათლება. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად სახელმწიფოს პრეროგატივაა, რაზეც საკმაოდ აქტიურად მუშაობს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი თრეინინგ-პროგრამები გვაქვს და სწორედ მათი საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდების დახმარებას.

– თქვენი აზრით, პროფესიონალური წარმატების მისაღწევად რამდენად საკმარისია საქართველოში მიღებული განათლება?

– რა თქმა უნდა, კარგი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც პიროვნული თვისებები და საკუთარი ცოდნის გამოყენების უნარია.

– როგორი დირექტორი ბრძანდებით?

– მეგობრული, მაგრამ მომთხოვნი. როგორი კრიტიკული და მომთხოვნიც საკუთარი თავის მიმართ ვარ, ზუსტად ისე ვთხოვ თანამშრომლებს, რადგან სხვანაირად არ შეიძლება.

– ქალბატონო ნუცა, როგორ ახერებთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ასეთი ფანტასტიკური ფორმის შენარჩუნებას?

– ჩემი აზრით, ადამიანი არასდროს არ იღლება, როცა საყვარელ საქმეს აკეთებს. ჩვენ ლოზუნგიც ესაა: ”ჩემი საქმე, ჩემი პროფესია, ჩემი ბიზნესი მაბედნიერებს!”. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმე არათუ მღლის, არამედ პირიქით – მაბედნიერებს!

– რამდენად სწრაფად ღებულობთ გადაწყვეტილებას?

– სიტუაციას და გადაწყვეტილებას გააჩნია.

img_3818ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს Schuchmann Wines Georgia-ს?

– ”დაათვრე გონება!”

– როგორია თქვენი დილა, ყავას ანიჭეებთ უპირატესობას თუ ნატურალურ წვენს?

– ზოგჯერ ძალიან ქაოტური, ზოგჯერ კი, პირიქით – ძალიან მშვიდი. დილას კი, რა თქმა უნდა, ყავას მივირთმევ.

– რა ავტომობილი გყავთ და რომელია თქვენი საოცნებო მარკა?

– Mercedes-ი  მყავს და საოცნებო მარკადაც იგივეს დავასახელებ.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ დღის განმავლობაში?

– ”შეუძლებელი არაფერია!”

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი პედიატრი.

– დრო რომ გქონდეთ, შეითავსებდით ამ პროფესიას?

– დიდი სიამოვნებით.

– რომელ ბიზნესს განავითარებდით საქართველოში?

– ზუსტად იმას, რომელშიც ვარ!

– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

– თეთრი.

– რომელი აქსესუარის გარეშე არ ტოვებთ სახლს არასდროს?

– საათის და ტელეფონის.

– რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან ბევრი მომწონს, თუმცა, PRADA-ს და CHANEL-ს გამოვყოფდი.

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი პიროვნება?

– ჩვენი უფროსი ბატონი შუხმანი, რომელიც ჩვენი მენტორიცაა და აღმზრდელიც.

– რომელია თქვენი საყვარელი ღვინო?

– ქვევრის მშრალი საფერავი.

– თქვენი აზით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– უნდა უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს, იყოს შრომისმოყვარე და ჰქონდეს პასუხისმგებლობა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები