LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღის“ შეჯამება „არტ-FM“-ში

3

27 ივნისს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“-მა სტუმრებთან – მერაბ სეფაშვილთან, ნინო ქათამაძესთან, სტეფანესთან, გიორგი უშიკიშვილთან, სოფო ნიჟარაძესა და ნოდიკო ტატიშვილთან ერთად „ოქროს ტალღის“ წლევანდელი დაჯილდოება შეაჯამა.

20 ივნისს რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამართა. წელს „ოქროს ტალღა“ უკვე მეოთხედ გაიმართა, კონკურსში კი, 125 სიმღერამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა მერაბ სეფაშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ქათამაძის, მაცაცო სებისკვერაძის, ზაზა შემგელიას, ხატია შამუგიას, დათო ფორჩხიძის, გიორგი უშიკიშვილის, ვაჟა დურგლიშვილის და ვალერი მელაძის შემადგენლობით.

– ბატონო მერაბ, როგორ შეაფასებდით „ოქროს ტალღას“?

– ძალიან საინტერესო კონკურსია, რომელიც ყოველ წელს იხვეწება და სულ უფრო მასშტაბური ხდება. ვფიქრობ, „ოქროს ტალღა“ უზარმაზარი სტიმულია ყველა მუსიკოსისთვის, რათა მუდმივად იფიქროს ახლისა და ღირებულის შექმნაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ქართველი მუისკოსების ერთ-ერთი რეალური მხარდამჭერია და უზარმაზარი წვლილი შეაქვს ქართული მუსიკის განვითარებაში.

– აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენს საიუბილეო კონცერტზე. გეგმავთ თუ არა საღამოს გამეორებას, რადგან რამდენადაც ვიცი, ბევრმა ვერ შეძლო კონცერტზე დასწრება.

– სავარაუდოდ, კონცერტი ჯერ თბილისში გამეორდება, მერე კი, რეგიონებში, რადგან მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდია.

– ახალ საკონცერტო პროგრამაზეც ხომ არ მუშაობთ?

– თბილისში საკონცერტო სეზონი უკვე დაიხურა, სექტემბერში კი, ალბათ მართლაც მოვაწყობ ახალ საღამოს.

– ნინო, წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“ თქვენ ქართული მუსიკის საზღვარგარეთ  პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდით. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ისევ გასტროლებისთვის ხომ არ ემზადებით?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ფორტუნას“, რადგან ამგვარი ჯილდო ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – რამდენიმე დღის წინ ახალი სიმღერა ჩავწერეთ. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა და სიყვარულის თემაზე შექმნილ სიმღერებსაც კიდევ ერთი ლამაზი ნამუშევარი შეემატება. სიმღერა 21 აგვისტოსთვის მომზადდა, როცა Black Sea Arena-ზე ჩვენი კონცერტი გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის, სამების ტაძრის გუნდის, ანსამბლ ,,კვინტესენსის” და სხვა ჩვენი მეგობრების მონაწილეობით. საკმაოდ ვღელავ, რადგან  კონცერტი ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა, ერთგვარი იუბილე მექნება და ძალიან მინდა კარგი საღამო გამოვიდეს.

– თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია „ოქროს ტალღის“ გამართვა?

– ვფიქრობ ამგვარი კონკურსის გამართავა აუცილებელია, რადგან  „ფორტუნა“ ყოველთვის მუსიკალური მოვლენების ეპიცენტრშია, უსასყიდლოდ უჭერს მხარს მუსიკოსებს, წლის ბოლოს კი, მათ  ნამუშევრებს აფასებს.

– სტეფანე, წელს თქვენი სიმღერა „დამიბრუნდი“ გახდა გამარჯვებული. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ამგვარი პრიზის მიღება?

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ფორტუნას“ ამგვარი ჯილდოსთვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასდა.

– პოპულარიბიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად გაწუხებენ ჟურნალისტები?

– ჟუნრალისტები მართლაც აქტიურად ინტერესდებიან ჩემი საქმიანობით, თუმცა, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს და თუ დრო მაქვს, ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდები მათთან ურთიერთობას.

– სამომავლოდ რას გეგმავთ?

– 7 ივლისს ერთგვარ შემაჯამებელ კონცერტს გავმართავ და მსმენელს  ოქტომბრამდე დავემშვიდობები, შემოდგომაზე კი, უამარავ სიახლეს და პრემიერას შევთავაზებ.

– გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია „ოქროს ტალღის“ გამართვა?

–  ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარი კონკურსი ყოველთვის სერიოზული მოტივაციაა ნებისმიერი მუსიკოსისთვის. გარდა ამისა, „ოქროს ტალღა“ ხარისხიანი მუსიკის სტანდარტს ქმნის, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და იმედი მაქვს მომავალშიც მაქსიმალურად ეცდება ხარისხსა და პროფესიონალიზმზე აქცენტის გაკეთებას, რადგან საზოგადოებას ძალიან სჭირდება ხარისხიანი მუსიაკა.

– სოფო, თქვენ საუკეთესო მომღერალი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვეთ. როგორ შეაფასებთ „ოქროს ტალღას“?

– დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ფორტუნას“ ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო მრავალფეროვანი  ხდება და ახალგაზრდებთან ერთად უკვე გამოცდილ მუსკოსებსაც აძლევს სტიმულს შექმნან ახალი და საინტერესო სიმღერები.

– ახალ სიმღერაზე ხომ არ მუშაობთ?

– მე და სტეფანეს რამდენიმე ვარიანტი უკვე მომზადებული გვაქვს, თუმცა, დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

– ნოდიკო, თქვენთვის რას ნიშნავს წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცის ტიტული?

– პირველ რიგში დიდ მადლობას გადავუხდი „ფორტუნას“, კოლეგებს კი, წარმატებას მივულოცავ. ჩემს კოლექციაში „ოქროს ტალღის“ უკვე ოთხი პრიზია. 2013 წელს ჯილდო ჯერ საუკეთესო სიმღერისთვის მივიღე, მერე კი, მე და სოფო დავსახელდით წლის დუეტად, შემდეგ დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო პოპ-სიმღერის ნომინაციაში გავიმარჯვე, წელს კი, საუკეთესო მომღერალი გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ. ულამაზესი საღამო იყო, რომელიც ყველასთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა, რადგან არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა მუსიკოსისთვის მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უზარმაზარ ენერგიას და სტიმულს გვაძლევს უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები