LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კრებული “იტალიური ეზოს ამბებზე”

„იტალიური ეზოს ამბები“, – ასე ქვია თეიკო ანჯაფარიძის პირველ კრებულს, რომელიც რამდენიმე ბლოგ-პოსტისგან შედგება. როგორც თავად ამბობს, ეს არის ამბები  ჩვენ  შესახებ, ამბები  ბევრჯერ დაკარგულ და ისევ ნაპოვნ ურთიერთობაზე,  რეალობა, სადაც  არის  ყველაფერი  ის,  რაც  იყო  და  ჯერ  ისევ  არ  დასრულებულა. კრებული რამდენიმე დღის წინ გამოიცა. გადაცემის “ბლოგერები საუბრობენ” სტუმარი თეიკო ანჯაფარიძეა.

 

რამდენი  ბლოგ-პოსტისგან შედგება შენი კრებული?  

„იტალიური ეზოს ამბები“  8  ისტორიისაგან  შედგება.  ეს  არის  რეალური  ისტორიები – რეალური  გმირებით: აფხაზეთის  ომის  შემდეგ  უსასრულო  მოლოდინი,   გალაკტიონის  გასეირნება  ძველ  ქუჩაზე,   გზაში  გატარებული ცივი  ღამე,   დამალული სიმართლე,   ჩიტების  სახლი .  აქაც  სწყინთ,  უხარიათ,  უყვართ,  სტკივათ,  მაგრამ   არსოდეს   კარგავენ  მთავარს  და კიდევ , სადაც  არ  უნდა  წავიდნენ,  ისევ  ბრუნდებიან   იქ, იტალიურ   ეზოში, საიდანაც   ყველაფერი დაიწყო.

 

 

ხომ არ გეგმავ  ლიტერატურული საღამოს მოწყობას?

ლიტერატურულ საღამოზე ალბათ ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ მაქვს დიდი სურვილი მაქვს ჩემს გულშემატკივრებს, მეგობრებს, მკითხველებს შევხდე. ძალიან მინდა ამ შეხვედრების მთავარი ნაწილი ფოტოები იყოს. ფოტოები, რომლებიც ბლოგების და რა თქმა უნდა, ამ კრებულის მთავარი ნაწილია. რომ არა ისინი – ეს ამბებიც არ იქნებოდა. კადრებზე ქალაქის ის ნაწილია აღბეჭდილი, რომელიც ასეთი სახით აღარ არსებობს. ტექსტი და ფოტო – ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩემი და ჩემი ქმრის თვალით დანახული იტალიური ეზოები, სადარბაზოები, ერთად ნაპოვნი და ნაგრძნობი ადამიანები.

 

 

ახლა რაზე მუშაობ?

 „ქალი, რომელსაც ასაკი არ აქვს“  –  მე გამიმართლა და ვიცნობდი მას …ის ამბობდა „მე ვარ  ქალი ასაკის გარეშე.  ჩემი წლები მხოლოდ ჩემი გამოცდილებაა“. დღეს მე მის გარეშე ცხოვრებას ვსწავლობ და საკუთარ მოგონებებს ვეფერები.  არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში,  რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენგან მიდიან, განსაკუთრებით გვენტარებიან. არც იმაშია უცნაური არაფერი, რომ ხშირად ვაიდიალებთ მათ და ეს ბუნებრივიცაა.

ალბათ, არც იმაში ვარ გამორჩეული … მეც საოცრად მიყვარს, მენატრება და მტკივა ბებია, თუმცა განსხვავება შეიძლება იმაშია, რომ  სიტყვა „ბებია“  ნაკლებად ფიგურირებდა და  ყოველთვის სახელით მივმართავდი. განსხვავებულ სტატუსსაც ატარებდა –  ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო.  ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ  მას ძალიან საინტერესო ბიოგრაფია და ცხოვრების გზა ჰქონდა. გზა, რომელმაც  ჩვენამდე მოიყვანა. ახალ კრებულში იქნება აღწერილი ორი საუკუნე  რამდენიმე ქალის ცხოვრების  მაგალითი. რატომ? – იმიტომ, რომ მათი ისტორია, ჩვენი ისტორიაცაა. ეს არის ჩვენი მშობლებისა და  შვილების ისტორია და სანამ ჩვენ გვახსოვს, ყოველთვის გვაქვს  შესაძლებლობა შევცვალოთ რაღაც უკეთესობისაკენ  და  ეს  ამბავიც არასდროს  დასრულდება.

გადაცემის ჩანაწერი: