LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუბლიკამ ის მიიღო, რაშიც ფული გადაიხადა, მე კი ის მივეცი, რაც მათ სურდათ

6

28 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის ”არტ-FM”-ს გიორგი კერესელიძე, მარიამ ბებიაშვილი, ნინა ანდრონიკაშვილი და ლევან ქოქიაშვილი სტუმრობდნენ. მანამდე კი, თავად ”არტ-FM” ეწვია ”Black Sea Jazz Festival”-ს ბათუმში და ჯორჯ კლინტონს, ლი ვორფილდს და სნუპ დოგს შეხვდა.

ჯორჯ კლინტონის განცხადებით, მას ძალიან მოეწონა ფესტივალი, შოუ, რომელსაც იდეალური ფინალი ჰქონდა და ფანტასტიური დრო გაატარა ბათუმში. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, დიდი ხანია საქართველოში სურდა ჩამოსვლა, გადატვირთულ გრაფიკში კი, ერთადერთი თავისუფალი დღე აღმოაჩნდა, რომელიც მის დაბადების დღეს დაემთხვა და ძალიან მოხარულია, რომ 74 წელი ბათუმში აღნიშნა ოჯახთან – შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რომლებიც საკუთარ ბენდში შეკრიბა და უკვე მეორე ევროპულ ტურნეს მართავს მათთან ერთად.

ლი ვორფილდი ბათუმში მცირე ხნით ჩამოვიდა, თუმცა ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ ბევრჯერ ესტუმრება საქართველოს. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, მის შემოქმედებაზე უზარმაზარი გავლენა ნინა სიმონმა, თინა თერნერმა, შადემ და მერი ჯეი ბლეიჯმა მოახდინეს, ლეგენდარულ პრინსს კი, მასწავლებლად და მეგობრად მიიჩნევს. საკუთარი ბენდი მისთვის ოჯახივითაა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს.

ფესტივალი სნუპ დოგის კონცერტით დაიხურა. მუსიკოსი აღფრთოვანებული დარჩა ქართული პუბლიკით: ”დიდი ენერგია მივიღე მათგან. ვიგრძენი, რომ დრო კარგად გაატარეს. მათ ის მიიღეს, რაშიც ფული გადაიხადეს, მე კი ის მივეცი, რაც მათ სურდათ”, – აღნიშნა სნუპმა.

ახალი ალბომი ”Bush”, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მუსიკოსის შემოქმედებისგან, ფანკის სტილშია ჩაწერილი. როგორც სნუპმა აღნიშნა, ის სწორედ ამ მუსიკაზე – ჯეიმს ბრაუნის, ჯორჯ კლინტონის, ბუტსი ქოლინზის შემოქმედებაზე გაიზარდა და ძალიან უნდოდა იქ დაბრუნება საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს შორის სნუპს გამორჩეული შემსრულებლები არ ჰყავს, თვითონ, ძირითადად R&B-ს უსმენს ისე კი, ყველანაირი მუსიკა უყვარს. მუსიკასთან ერთად სნუპი კინოთიცაა გატაცებული და სექტებერში კინოეკრანებზე მისი ახალი ფილმი ”G7” გამოვა.

”ისთერნ-პრომოუშენის ხელმძღვანელი” გიორგი კერესელიძე ძალიან კმაყოფილია წლევანდელი ”შავი ზღვის ფესტივალით”, რომელიც სრული ანშლაგით ჩატარდა და იმედი აქვს, რომ შემდეგი ფესტივალებიც ასეთივე წარმატებული იქნება. მანამდე კი, კომპანია თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 23 ოქტომბერს ლეგენდარული დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნება და ბენდის ”Fourplay”-ს გამოსვლით დაიხურება.

მუსიკალურ ზაფხულს ბათუმში კლუბები ”ბუმ-ბუმ ბიჩი” და ”მანდარინი” აგრძელებენ. მარიამ ბებიაშვილი”ბუმ-ბუმ ბიჩში” ეპატიჟება ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს. კლუბი ანაკლიის ჯემ-ფესტივალთანაც აქტიურად თანამშრომლობს და ფასდაკლებით თავაზობს აბონიმენტებს ნებისმიერ მსურველს. გარდა ამისა, სპეციალური სამარშრუტო რეისებიც დაინიშნება, რომლებიც ბათუმიდან ანაკლიაში იმოძრავებენ. კლუბში ”მანდარინი” კი, როგორც ლევან ქოქიაშვილმა აღნიშნა, ივენთები 1 აგვისტოს დაიწყება, 25 სექტემბრამდე გაგრძელდება და მსმენელს ქართველ დიჯეებთან ერთად უცხოელი მუსიკოსების მოსმენის საშუალებაც ექნება.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები