LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დიზაინერები თბილისის მოდის კვირეულის დეტალებით

23

6 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის გადაცემაში ”არტ-FM” თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები – თაკო ჩხეიძე, მარიამ ყუბუსიძე და დიზაინერი გიორგი შაღაშვილი სტუმრობდნენ.

წელს თბილისის მოდის კვირეული 8 ოქტომბერს გაიხსნება გიორგი შაღაშვილის ჩვენებით და ოთხ დღეს გაგრძელდება. წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები.

გიორგი შაღაშვილი

– გიორგი, პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი იყო, თითქოს გახსნის გეშინიათ და განსაკუთრებით ემზადებით ამ ჩვენებისთვის. თუმცა, მაყურებელი ისე შეეჩვია თქვენს არაორდინალურ და გამორჩეულ ჩვენებებს, რომ ყოველთვის მოუთმენლად ელის მათ.

– გამორჩეული ჩვენების გაკეთება მეორე და მესამე დღესაც შეიძლება, უბრალოდ, კვირეულის გახსნა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს რომ აუდიტორიაც განსხვავებული იქნება. ამიტომ, ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვადგინო.

– რა ტენდენციებია დღეს მოდის სამყაროში?

– ნამდვილად არ ვიცი. ეს ინფორმაცია ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– იქნებ ის მაინც გვითხრათ, რა ფერი ან რა ქსოვილია წელს ყველაზე აქტუალური?

– შავი ფერი ყოველთვის აქტუალურია. ჩემს ახალ კოლექციაში შავი აბრეშუმი, თხელი ბამბა და შიფონია წარმოდგენილი.

– აქსესუარებზე რა აზრის ხართ?

– აქსესუარები არ მიყვარს. ჩემი თემა ინდოეთია, რომელიც ისედაც გადატვირთულია. მე კი, მინდა ეს ქვეყანა განსხვავებული კუთხით ვაჩვენო აუდიტორიას და არა ისე, როგორც მას აქამდე იცნობდნენ.

– რამდენადაც ვიცი, მოდელებსაც განსხვავებულად არჩევთ, მათი ხასიათის გათვალისწინებით არგებთ ტანსაცმელს. წელს ვინ მიიღებს თქვენს ჩვენებაში მონაწილეობას?

– ძალიან ბევრი და ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია გავამხილო – ჩვენებას თაკო ჩხეიძე დახურავს.

თაკო ჩხეიძე

– თაკო, ვიცი, რომ წელს თბილისის მოდის კვირეულით საერთაშორისო გამოცემებიც დაინტერესდნენ, გვითხარით ვინ ჩამოვა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მოდის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.

– გეთანხმებით. ყოველ სეზონზე იზრდება ინტერესი საქართველოს და ქართველი დიზაინერების მიმართ. გასულ სეზონზე დიდი გამოხმაურება გვქონდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის მოდის კვირეული საერთაშორისო კალენდარში მოხვდა. ქართველი დიზაინერების მუშაობით პრესის წარმომადგენლები და ე.წ. ბაიერები დაინტერესდნენ. წელს 35 უცხოელ სტუმარს ვუმასპინძლებთ, პრესა მართლაც სერიოზული იქნება, ჩვენით VOGUE-ს რამდენიმე ქვეყნის გამოცემა, ჟურნალები ELLE და Harper’s Bazaar დაინტერესდნენ. დიდი მოწონება დაიმსახურა თბილისის ე.წ. street style-მა, რომელიც ერთგვარ შოუდ იქცა უცხოეთში და ჩვენებებიც ეწყობა, ასე რომ თბილისის მოდის კვირეულმა გარკვეულწილად თავის მიზანს მიაღწია, მითუმეტეს, რომ ყველაფერი რამდენიმე დიზაინერთან ერთად დავიწყეთ დღეს კი, მათი რიცხვი საგრძნობად გაიზარდა. წელს თბილისის მოდის კვირეული ოთხ დღეს გაგრძელდება და 20-მდე ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. იქნება ჩვენებები, გამოფენები და პერფორმანსები. არ ვივიწყებთ ახალ დიზაინერებიც, 9 ოქტომბერს სწორედ მათთვის მოეწყობა კონკურსი.

მარიამ ყუბუსიძე

– მარიამ, რა სიახლეებს გვთავაზობენ წელს მოდის კვირეულის ორგანიზატორები?

– სიახლეები ბევრია. როგორც უკვე ითქვა, კვირეულს გიორგის ჩვენება გახსნის, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი და მართლაც დაუვიწყარი სანახაობა იქნება. ჩვენების დაწყებამდე მოეწყობა სკანდინავიური ქვეყნების გამოფენა, სადაც ფეშენ-ილუსტრაციები ოთხი ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია თანამედროვე ხხელოვნების მუზეუმში გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება. გარდა ამისა, ყოველდღე გვაქვს გასვლითი ჩვენებები, მათ შორის დამწყები დიზაინერების მონაწილეობითაც. ირმა შარიქაძემ, რომელმაც წლევანდელი კვირეულის საიმიჯო ფოტო შექმნა, მოდის სფეროშიც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა, კაფსულა-კოლექცია გამოუშვა და ძალიან საინტერესო პერფორმანსს შესთავაზებს მოდის მოყვარულებს. ერთ-ერთი განსხვავებული ლოკაცია იქნება თბილისი-მოლის ავტოსადგომზე, სადაც გიორგი ქებურიას კოლექციის ჩვენება შედგება. ძირითადად შოუები საღამოს ექვსი საათიდან დაიწყება, გასვლითი ჩვენებები კი, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა.

გიორგი შაღაშვილი –

– გიორგი, ვიცი, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა თქვენზე საქართველოში, გაქვთ თუ არა მიწვევები საზღვარგარეთიდან?

– მე დიზაინერული გაერთიანების ”Not Just a Label”-ს წევრი ვარ და მიწვევები ყველა მოდის კვირეულზე მაქვს. უბრალოდ მე არ მაქვს არც დრო, არც სურვილი იქ წასვლის.

– ვინაა თქვენი საყვარელი დიზაინერი ან ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– პირველ რიგში ჩემი მეუღლე, რომელიც ყოველთვის კრიტიკულია. ძალიან მაინტერესებს ქეთი შავგულიძის აზრი, რადგან არაჩვეულებრივი ხელოვნებათმცოდნეა და ყოველთვის სიმართლეს მეუბნება. ძალიან ბევრი დიზაინერი მომწონს, განსაკუთრებით ახლოს ჩემთან იაპონური და ბელგიური სკოლებია.

– როდის იქმნება საუკეთესო მოდელები? რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

– ჩემთვის მთავარია მოგზაურობა, ახალი გარემო და ახალი შთაბეჭდილებები. ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვიყავი და სავარაუდოდ მომდევნო კოლექციაც სწორედ იაპონიის თემაზე იქნება.

თაკო ჩხეიძე

– თაკო, რატომ არ ღებულობენ მონაწილეობას წლევანდელ მოდის კვირეულში ცნობილი დიზაინერები, მათ შორის ავთო ცქვიტინიძე და თაკო ინგოროყვა, რომლებიც გასულ სეზონებზე საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდნენ თქვენთან?

– ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი მათი მოუცლელობაა. ყველას თავისი გრაფიკი აქვს და ხშირად არ სცალიათ.

– ვინ შეძლებს მოდის კვირეულზე დასწრებას?

– დასწრება ისევ მოსაწვევებით იქნება, რომელთა ნაწილი დიზაინერებს აქვთ, ნაწილი კი, ორგანიზატორებს. თუმცა იქნება შოუ-რუმი, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მისვლას და ქართველი დიზაინერების ნამუშევრების დათვარიელებას.

აუდიო ჩანაწერი

 

IMG_5494

IMG_5497

IMG_5508

IMG_5517

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები