ქეთევან ბოჭორიშვილი: სწორი მიზნების დასახვით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება

ქეთევან ბოჭორიშვილი: სწორი მიზნების დასახვით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება

პირველ მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან ბოჭორიშვილი სტუმრობდა.

2005 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო და რეგიონალურ კონფლიქტების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ქეთევანმა სწავლა მილანში, SDA BOCCONI, SCHOOL OF MANAGEMENT-ში გააგრძელა და 2008 წელს  საერთაშორისო საჯარო მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა.

სამუშაო გამოცდილება:

1999–2006 წლები – საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭოები, პროექტის მენეჯერი; 2007–2008 წლები – VISION & VALUE Management Consulting, ანალიტიკოსი (რომი, იტალია); 2008– 2010 წლები – ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს”, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი; 2010–2012 წლები – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, დირექტორი, 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

– ქალბატონო ქეთევან, როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?

– საკმაოდ მრავალფეროვანი დღე მაქვს. უამრავ თემებზე ვმუშაობ და სწორედ ამიტომაა ჩემი სამუშაო ერთდროულად მიმზიდველიც და საინტერესოც. თუმცა, ძალიან დატვირთული ვარ, რადგან თითქმის ყველა მიმართულებით მიწევს მუშაობა – კერძო სექტორის, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაწყებული, ცოტა მოსაწყენი დოკუმენტების გაცნობით, მათ შემუშავებით და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით წარმოჩენის მიზნით საჯარო გამოსვლებით დასრულებული.

– რამდენიმე წლის წინ, ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, ერთხელ უკვე სტუმრობდით ჩვენს გადაცემას, შვიდ წლის შემდეგ კი, აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში გვეწვიეთ. საინტერესოა, როგორ მოასწარით ასეთ მოკლე დროში ამდენი მნიშვნელოვანი საქმის შესრულება და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

– ძალიან სწრაფად გავიდა შვიდი წელი და მართლაც უამრავი ახალი პროექტი შეიქმნა ამ პერიოდში, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიმკვიდრა თავი, ასევე პროექტები „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც სასტუმროების განვითარებას ითვალისწინებს და „გადაიღე საქართველოში“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს მნიშვნელოვან კინოლოკაციად ქცევა და მსოფლიო ბლოგბასტერების შემქმნელების მოზიდვაა, გარდა ამისა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად შევძლებდით ქართული მოდით მსოფლიოს დაინტერესებას და ამ სფეროს კომერციალიზაციას. საერთო ჯამში, უამრავი პროექტი განხორციელდა, რომლებზეც პირადად ვიმუშავე და ბედნიერი ვარ, რომ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებით საყვარელი პროექტი?

– როგორც შვილების გამორჩევაა შეუძლებელი, ისე ვერ გამოვარჩევ ვერცერთ პროექტს, რადგან ჩემთვის ყველა ერთმნაირად მნიშვნელოვანი საყვარელია. თუმცა, მიკრომეწარმეობის პროექტს მაინც გამოვყოფდი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას ეხმარება ჯერ ბიზნესის სფეროში ცოდნისა და უნარების შეძენაში, მერე კი, ჩვენი თანამონაწილეობრივი გრანტის საშუალებით ამ ცოდნის კონკრეტულ საქმეში გამოყენებაში. ვფიქრობ, პროექტი ძალიან შედეგიანი იქნება, რადგან ის რეგიონალურ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებას და ახალ ეტაპზე გადასვლას უწყობს ხელს.

– სამომავლოდ რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ?

– როგორც ყოველთვის, სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია. უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჩემთვის, მთავარი მაინც კერძო სექტორის სტიმულირებაა სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ტურიზმის სფეროში მაღალი – თითქმის 29%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუმცა, მსოფლიოში ძალიან ბევრი არ იცნობს საქართველოს და ხშირად ჩვენს ქვეყანას ევროპის დამალულ ადგილსაც ეძახიან. ასე რომ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და არც ჩვენ ვაპირებთ მიღწეულზე შეჩერებას.

– ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობთ წარმატებული ქალბატონების წარმოჩენას. საინტერესოა, რამდენად აქტიურები არიან ქალები დღეს ბიზნესის წარმოებაში?

– საქართველოში უამრავი საინტერესო ღონისძიება ტარდება ქალბატონების წარმოჩენის მიზნით და მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ქალი ერთვება სამეწარმეო საქმიანობაში. თუმცა, მათი ხელშეწყობა და გაძლიერება, მაინც მნიშვნელოვანია, რადგან მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში ისედაც უამრავი გამოწვევა, ქალბატონებისთვის კი, ორმაგად რთულია ბანკში სესხის დამტკიცება ან საკუთარი კაპიტალით საქმის წამოწყება. შესაბამისად,  მეტი ღონისძიების გამართვაა საჭირო მათი სტიმულირებისთვის. უკვე შექმნილი პროგრამებიდან აუცილებლად უნდა ავღნიშნო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული სესხების პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ქალბატონებისთვის სესხის გაცემას. გარდა ამისა, ჩვენი მიკრომეწარმეობის პროგრამით, რომელიც თანაბარუფლებიანობას ითვალისწინებს, 40%-ზე მეტი სწორედ ქალბატონი დაფინანსდა. თუმცა, არც ესაა საკმარისი და გასაკეთებელი ამ სფეროშიც ბევრია, მითუმეტეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი ქალის ჩართვა ეკონომიკაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისაც განავითარებს და სამეწარმეო საქმესაც.

– რა იყო თქვენთვის ყველაზე კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი, რაც ერთგვარი მოტივატორი გახდა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგათ?

– ამგვარი მოტივატორი ალბათ ცვლილებების სურვილი იყო. საშუალო სკოლა შეერთებულ შტატებში დავამთავრე, რაც ვფიქრობ, გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან როცა კარგ განათლებას, კარგ ცხოვრებას ეჩვევი, მერე ძალიან რთულია შეეგუო ცუდს და ყველაფრის შეცვლის სურვილი გიჩნდება. მართალია, არასდროს მიფიქრია, საჯარო სექტორში მუშაობა, მაგრამ ყველგან, სადაც კი ვსაქმიანობდი, გარკვეული  ცვლილებების განხორცვიელებას, არსებული სიტუააციის მაქსიმალურად გაუმჯობესებას ვცდილობდი და ალბათ სწორედ ეს გახდა  მთავარი ბიძგიც. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და დისციპლინა, რადგან ყველაფერს მონდომება და შრომა სჭირდება, რადგან სწორედ დაუღალავ შრომას მოაქვს სასურველი შედეგი, რაც თავის მხრივ, ახალი პროექტების წამოწყების სტიმულიც ხდება.

– სად უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს, კერძო თუ საჯარო სექტორში?

– ალბათ, ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ყველგან სიამოვნებით ვმუშაობდი და შესაბამისად ბევრად მოტივირებულიც ვიყავი. ვფიქრობ, მთავარია სამუშაო გარემო იყოს კომფორტული და მოგწონდეს საკუთარი საქმე, რომელიც არა ტვირთად, არამედ სიამოვნებად იქცევა.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– მშობლებს სურდათ, რომ ექიმი გავმხრადიყავი, თვითონ კი, დიდხანს ვერ ავირჩიე პროფესია, რადგან ყველაფერი მაინტერესებდა. პროფესიის თავიდან არჩევა რომ შემეძლოს, ალბათ არქიტექტორი ვიქნებოდი, რადგან ძალიან მომწონს, როცა რაღაც იქმნება, შენდება და ვითარდება. სწორედ ამიტომ ვიყავი ჩართული სივრცითი დაგეგმარების, ტურიზმის და კურორტების განვითარების პროგრამებზე მუშაობაში.

– სად ხედავთ საკუთარ თავს დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ?

– ვფიქრობ ხუთი წლის შემდეგ კერძო სექტორში ვიქნები, რადგან ვფიქრობ, კერძო სექტორს ძალიან გამოადგება საჯარო სფეროში დაგროვილი ჩემი გამოცდილება. გარდა ამისა, საინტერესო იქნება გარემოს გამოცვლა და საკუთარი შესაძლებლობების სხვა სფეროში მოსინჯვა.

– რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე და რა განგაწყობთ პოზიტიურად პარტნიორის მიმართ?

– პირველ რიგში პარტნიორის დაინტერესებას ვაქცევ ყურადღებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდე, რომ ის მართლაც მზადაა თანამშრომლობისთვის და ქვეყანაში ახალი საქმის დასაწყებად. მითუმეტეს, რომ თვითომ ყოველთვის ვემზადები, ზუსად ვიცი, ვის ვხვდები, რატომ, და სასაუბრო თემაც ყოველთვის მომზადებული მაქვს, რადგან საქმიანი შეხვედრა მხოლოდ მაშინაა შედეგიანი, როცა ორივე მხარე სრულყოფილადაა მომზადებული.

– ხშირად მოგზაურობთ საზღვარგარეთ, საინტერესოა, რამდენად განსხვავდება ქართული და უცხოური ბიზნესეტიკეტი?

– ყველა ქვეყანას საკუთარი ტრადიციები და ეტიკეტის წესები აქვს, თუმცა, ძირითად ნორმებს ყველა ერთნაირად იცავს – არ შეიძლება დაგვიანება, მნიშვნელოვანია კლასიკური სტილის ჩაცმულობა და შეხვედრაზე მომზადებული მისვლა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს ტოვებთ სახლს?

– ძალიან მიყვარს საათი, საყურეები და მათ გარეშე არასდროს გამოვდივარ სახლიდან.

– ყველაზე კომფორტულად რა სტალის ტანსაცმელში გრძნობთ თავს?

– ძალიან მომწონს კლასიკური სტილი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან დილიდან საღამომდე სწორედ ამ სტილის ტანსაცმელი მაცვია და ისე შევეჩვიე, ერთგვარ უნიფორმადაც კი იქცა.

– რას გაღიზიანებთ ან რა გაკარგვინებთ წონასწორობას?

– სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია ჩემი წყობიდან გამოყვანა და მხოლოდ უპასუხისმგებლობა მაღიზიანებს.

– რამდენადა სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სამსახურებრივ გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად ვიღებ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია, პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტყვეტილებების მიღება კი, საკმაოდ მიჭირს, რადგან ანალიზის გასაკეთებლად უბრალოდ დრო არ მრჩება.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– „შეუძლებელი არაფერია!“

– წიგნი, რომელსაც ყველაზე ხშირად კითხულობთ?

– ძალიან ბევრი წიგნი მომწონს. თუმცა ახლა რამდენიმე ქვეყნის ლიდერზე შექმნილ კრებულს ვკითხულობ.

– ჟურნალისტების რომელი შეკითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

– კითხვები ნაკლებად მაღიზიანებს, თუმცა, ძალიან არ მოწონს, როცა ჟურნალისტი ჩუმად დგას და ელოდება მე როდის დავიწყებ საუბარს. ვფიქრობ, ბევრად საინტერესოა დიალოგი, როცა ჟურნალისტი არ იფარგლება ზოგადი ინფორმაციით და სიღრმისეული კითხვების დასმა შეუძლია.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ძალიან მიყვარს მთა, მთის სპორტის ყველა სახეობა და განსაკუთრებით თხილამურებით სრიალი.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ნატურალური წვენით თუ ფინჯანი ყავით?

– თუ მოვახერხე ყავასაც ვსვამ და ნატურალურ წვენსაც.

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ბარში გირჩევნიათ დასვენება მეგობრებთან ერთად თუ აუზზე?

– სპორტისთვის რამდენიმე წელია ვეღარ ვიცლი, ამიტომ ვცდილობ თავისუფალი დრო მეგობრებს დავუთმო.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– სამწუხაროდ, არა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ვყოფილიყავი კოლექციონერი, თუმცა ჯერ კოლექციის გაკეთების დრო ნაკლებად მაქვს.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა?’

– კიბეს დავხატავდი, რომელიც ჩეთვის ზრდისა და განვითარების სიმბოლოა.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში შრომისმოყვარობა, მერე კი, დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან სწორედ პასუხისმგებლობა გაიძულებს გააკეთო შეუძლებელი. რა თქმა უნდა, არავინ არ იცის ყველაფერი და არც უნდა ჰქონდეს ამის ამბიცია, თუმცა, სწორი კვლევით, სწორი ფორმულირების შერჩევით და სწორი მიზნების დასახვით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

2 მაისი, 2017

სხვა ჩანაწერები